რუსულ პრესაში 30 იანვარს საქართველოს შესახებ რამდენიმე მასალაა გამოქვეყნებული, რომლებშიც განხილულია საქართველოს საშინაო პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია.
„ნეზავისიმაია გაზეტა“ (Независимая газета) სტატიაში სათაურით „ქართული ოპოზიცია ლიდერს ირჩევს“ (ავტორი - იური როქსი) წერს, რომ ბოლო დღეებში საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის არჩევა. მასში აღნიშნულია, რომ პარტიაში განხეთქილებაა - ლიდერობა სურს როგორც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგე ნიკა მელიას, ასევე ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერ ლევან ხაბეიშვილს.
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გერმანული „შპიგელისადმი“, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსეთს ბევრი აგენტი ჰყავს და რომ საქართველოს მთავრობა რუსეთისათვის სანქციების გვერდის ავლის ინსტრუმენტს წარმოადგენს. გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტის აზრით, იგი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით დააკავეს და არ არის გამორიცხული, რომ იგი საქართველოში მოტყუებით სწორედ რუსეთის აგენტებმა ჩამოიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილის სიტყვები ბევრმა ვანო მერაბიშვილის მისამართით ნათქვამად ჩათვალა, რომ სწორედ ყოფილმა მინისტრმა (და ექს-პრემიერმა) შეასრულა დიდი როლი მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანაში. თავის მხრივ, ვანო მერაბიშვილი იძულებული გახდა ეთქვა, რომ თვითონ ციხეში შვიდი წელი გაატარა, არ გამტყდარა და თავისი მეგობრის - მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ცილისმწამებლური ჩვენება არ მიუცია. „მე არასოდეს არ გამიკეთებია კომენტარი ბინძურ ცილისწამებაზე, მაგრამ ახლა არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო ავადმყოფი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ნათქვამის ინტერპრეტაცია... მათი ბიოგრაფია, ვინც მე რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მადანაშაულებენ, სავსეა საქართველოს მტრებთან კოლაბორაციონისტული დამოკიდებულების ფაქტებით“, - ციტირებს გაზეთი ვანო მერაბიშვილს (წყარო: https://www.ng.ru/cis/2023-01-29/5_8646_georgia.html).
გაზეთი „კომერსანტი“ (КоммерсантЪ) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოს საკრედიტო შეფასება გაიზარდა“ (ავტორი - გიორგი დვალი). პუბლიკაციაში ნათქვამი, საქართველო რუსეთ-უკრაინის ომის გამო რეგიონში მომხდარი გეოპოლიტიკური ბიძგების ნაყოფით სარგებლობას აგრძელებს: საერთაშორისო რეიტინგული სააგენტოს Fitch-ის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რუსი ემიგრანტებისა და რუსეთიდან გადმორიცხული თანხების მეშვეობით, აგრეთვე სატრანზიტო ტვირთების გადატანის გაფართოების შედეგად, „სტაბილურის“ კატეგორიიდან „პოზიტიურის“ კატეგორიაში გადავიდა, ხოლო რეიტინგი მომატებულია - იყო BB მინუსით, გახდა BB - შემდგომი ზრდის პერსპექტივით (წყარო: https://www.kommersant.ru/doc/5796564)
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge