დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„გატეხილი სათამაშო: საქართველო კრემლის ორბიტაზე გადადის, დასავლეთი კი მას ოდესღაც თავისუფლების შუქურად თვლიდა“ 01.02.2023 14:56

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „გატეხილი სათამაშო: საქართველო კრემლის ორბიტაზე გადადის, დასავლეთი კი მას ოდესღაც თავისუფლების შუქურად თვლიდა“, რომელშიც განხილულია საქართველოს ხელისუფლების როგორც ადრინდელი, ასევე ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი: რუსეთთან და დასავლეთთან დამოკიდებულება, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა და ა.შ. მასალაში ყურადღება ეთმობა აგრეთვე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს (რეფორმები და რეპრესიები) და მისი ჯანმრთელობის დღევანდელ მდგომარეობას.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

გზა თბილისის აეროპორტიდან ძველ ქალაქამდე - სადაც ქვაფენილიან ქუჩებში ლამაზაივნებიანი შენობები დგას და სადაც ხინკლისა და ხაჭაპურის მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებს -  ჯორჯ ბუშის სახელს ატარებს: აშშ-ის იმ პრეზიდენტის სახელს, რომელიც  პირველად ეწვია ვიზიტით კავკასიის პატარა ქვეყანას 2005 წელს. მიესალმა რა გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს და მადლობა გამოხატა რა ხელისუფლების მიმართ ერაყში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნისათვის, მისტერ ჯორჯ ბუშმა საქართველოს „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა და ქვეყნის ახალგაზრდა და დაუღალავს რეფორმისტ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს მომხდარი პირველი „ფერადი რევოლუციის“ შედეგად მოვიდა, უთხრა, რომ „საქართველოს ამერიკაში საიმედო მეგობრები ჰყავს“.

 

ამ დღეებში კი საქართველოს კრემლი აქებს - ის კრემლი, რომლის ბრძანებითაც რუსეთის ჯარები 2008 წელს კავკასიურ ქვეყანაში შეიჭრნენ - იმ მიზეზით, რომ თბილისი თავის მიერ არჩეულ კურსს მიჰყვება და უარს აცხადებს შეუერთდეს დასავლეთის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს. დღეს 55 წლის მიხეილ სააკაშვილი კი თბილისი გარეუბანში მდებარე საავადმყოფოში დაცვის ქვეშ წევს და დემენციასა და კუნთების ატროფიას ებრძვის. დედამისი გიული ალასანია, რომელიც შვილს ყოველდღიურად ნახულობს, ამბობს, რომ მას მახსოვრობა ეკარგება და სამოძრაოდ ეტლი ჭირდება. „ჩემი ჯანმრთელობა უკიდურესად მძიმეა“, - წერდა ექს-პრეზიდენტი „ეკონომისტის“ კორესპონდენტს, - „იმ მრავალ არასასიამოვნო სიმპტომების გარდა, რაც მე სასოწარკვეთილებაში მაგდებს, ისაა, რომ მახსოვრობას ვკარგავ“. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ იგი მოწამლეს და ამბობს, რომ კომაში იყო ჩავარდნილი. გასული წლის დეკემბერში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა გაავრცელეს სამედიცინო დასკვნა, რომელთა მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე ლითონების გადაჭარბებული რაოდენობა იქნა აღმოჩენილი და გამოითქვა მოსაზრება, რომ იგო მოწამლულია.

 

მართალია, მიხეილ სააკაშვილმა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველოში რეფორმები გაატარა, მაგრამ იგი სკანდალურ რეპრესიულ ქმედებებშიც იქნა გახვეული. როცა მას პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა, 2013 წელს, იგი საზღვარგარეთ გაიქცა - შიშობდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დაიჭერდა. ბიძინა ივანიშვილი ქართველი ბიზნესმენია, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში საქმიანობით დააგროვა, იგი მცირე ხანს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი გადადგა. მართალია, მას ამჟამად არანაირი სახელმწიფო პოსტი არ აქვს დაკავებული, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი საქართველოს დე-ფაქტოდ მაინც მართავს. მიხეილ სააკაშვილი კი მოგვიანებით უკრაინაში ჩავიდა და საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობით შეცვალა. 2021 წელს, მის მიმართ გაცემული დაპატიმრების ორდერის მიუხედავად, იგი საქართველოში დაბრუნდა, რათა თავის სასარგებლოდ ფართო ანტისამთავრობო გამოსვლები აეგორებინა. ამის ნაცვლად იგი დააპატიმრეს და რადგანაც უკვე დაუსწრებლად იყო გასამართლებული პრეზიდენტობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის - უფლებამოსილების გადაჭარბების - გამო და მისჯილი ჰქონდა თავისუფლების 6-წლიანი აღკვეთა, იგი დააპატიმრეს და ამჟამად მსჯავრს იხდის.

 

ევროპის პარლამენტმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს გაეთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ერთ დროს ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობდა, დღემდე კი ისევ ითვლება უკრაინის რეფორმების საბჭოს (საკონსულტაციო ორგანოს) ხელმძღვანელად და მისთვის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების ნება მიეცა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის თვალსაზრისით, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და მის მიმართ მკაცრი მოპყრობა პოლიტიკურ შურისძიებას ნიშნავს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისადმი „ვალის გადახდას“ წარმოადგენს: 2008 წელს, საქართველოსთან ხანმოკლე ომის შემდეგ, იგი მიხეილ სააკაშვილს დაემუქრა, რომ ერთხელაც დაიჭერდა და (...) დაკიდებდა.

 

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პარტია „ქართული ოცნება“ მმართველ ძალად რჩება იმ მიზეზით, რომ ამომრჩევლებში შიშს თესავს - თუ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია ხელისუფლებაში დაბრუნდება, უწესრიგობები დაიწყებაო. სხვათა შორის, ქართველები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტით არიან იმედგაცრუებულნი, ასევე არ იწონებენ მის მიმართ მკაცრ მოპყრობას. „ადამიანები მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ არა როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც პატიმარს“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი, ქართველი სოციოლოგი.

 

მიხეილ სააკაშვილისადმი მკაცრი მოპყრობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შანსებს ამცირებს. კანონის უზენაესობის დარღვევის ფაქტებია აგრეთვე გამოვლენილი კიდევ ერთი მსჯავრდადებულის - ნიკა გვარამიას მიმართაც, რომელიც კერძო ოპოზიციურ ტელეარხს ხელმძღვანელობს და აშკარად შეთითხნილი ბრალდებით არის დაპატიმრებული. მთავრობა პოლიტიკურ ოპოზიციას უთვალთვალებს... სწორედ ამიტომ საქართველოს 12-პუნქტიანი პირობები წაუყენეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა ქვეყნის მთავრობა, როგორც ჩანს, მის შესრულებას არ ჩქარობს.

 

„საქართველო ადრე ამერიკისა და დასავლეთის საყვარელ სათამაშოს წარმოადგენდა ახლა კი სათამაშო „გატყდა“ და მას ყურადღებას არავინ აღარ აქცევს“, -  ამბობს შოთა უტიაშვილი, სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ყოფილი ჩინოვნიკი, ამჟამად თბილისში მდებარე ქართული ანალიტიკური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი. ქვეყნის მმართველმა „ქართული ოცნებას“ რამდენიმე პარლამენტის წევრი გამოეყო, რომლებმაც რადიკალური და ანტიდასავლური მოძრაობა შექმნეს სახელწოდებით „ხალხის ძალა“. მათი რიტორიკა და გატარებული პოლიტიკური კურსი - „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის მიღების მოთხოვნის ჩათვლით - კრემლის ტაქტიკურ პოლიტიკას ჰგავს. მოძრაობამ ამერიკაც კი დაადანაშაულა  საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობაში.

 

რასაკვირველია, საქართველო უფრო ნაკლებად ავტორიტარული ქვეყანაა, ვიდრე, მაგალითად, ბელარუსი, მაგრამ თბილისიც სწრაფად ექცევა კრემლის ორბიტაში. ვლადიმერ პუტინის საამებლად, საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებაზე და ასევე კრემლის დასამშვიდებლად, უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს არ უბრუნებს, რომელიც კიევმა თბილისს 2008 წელს გადასცა. „მე არ მესმის, რატომ არის საქართველოს მთავრობა კრემლზე ასე მიჯაჭვული“, - განაცხადა ამას წინათ ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა, ევროპაში ამერიკის ჯარების ყოფილმა სარდალმა, თბილისში ყოფნის დროს.

 

ბევრ ქართველს, როგორც ჩანს, [მთავრობის კურსი] ნამდვილად არ მოსწონს. საქართველოში უკრაინის დროშები და წარწერები - „საქართველო უკრაინაა, უკრაინა კი საქართველო“ - ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ადამიანთა ასეთი განწყობის მიზეზი უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ლიბერალიზმით შეიძლება აიხსნას. დღეისათვის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ დაახლოებით ათასამდე ქართველი მოხალისე იბრძვის. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მარგინალიზაციას ცდილობს და აცხადებს, რომ მათი პროუკრაინული პროტესტების გამო დიდი რისკია ქვეყანა რუსეთთან ომში იქნას ჩათრეული.

 

პოლიტიკური სურათი კიდევ უფრო ართულებს ქვეყანაში 100 ათასამდე რუსი ემიგრანტის ყოფნა, რომლებმაც საქართველოში თავშესაფარი იპოვეს - ისინი რუსეთის იმ რეჟიმს გამოექცნენ, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული ( აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“). რუსი ემიგრანტები ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და ომის წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევიან.

 

არსად პოლიტიკური უთანხმოება ისე არ გამოიხატება, როგორც ეს გორში ხდება - იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში. გორის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას ეროვნებით ქართველი საბჭოთა დიქტატორის სახლ-მუზეუმი წარმოადგენს. სააკაშვილის მთავრობამ თავის დროზე იოსებ სტალინის გიგანტური ქანდაკება აიღო და გეგმავდა, რომ სახლ-მუზეუმი სტალინიზმის დაგმობის ცენტრად გადაექცია, მაგრამ, როგორც გიდი ამბობს რუსულენოვან ტურისტებთან, გეგმა ჩაიშალა: „დესოვეტიზაცია და დესტალინიზაცია“ იმ დროიდან შეჩერდა, როცა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობა დაასრულა ათი წლის წინათ.

 

ამას წინათ საქართველოში იოსებ სტალინის რამდენიმე ძეგლი და მემორიალური დაფა დაიდგა. ბოლშევიკმა დიქტატორმა, რომელმაც 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლება და დამოუკიდებლობა გაანადგურა, ახლა ქართველების მიერ მისი გმირად შერაცხვის პროცესი მიმდინარეობს. კრემლი, ალბათ, გახარებულია და სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ