დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"ექსპრეზიდენტის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია" - რას წერს უცხოური პრესა მიხეილ სააკაშვილის შესახებ 03.02.2023 15:25

საერთაშორისო მასმედიაში ვრცელდება პუბლიკაციები საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომლებშიც გადმოცემული და განხილულია როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე პოლიტიკური საქმიანობის ძირითადი მომენტები დაკავებამდე - 2021 წლის ოქტომბრამდე - და უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კომენტარები.

 

აშშ-ის ჟურნალის „თაიმის“ (Time) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ნელ-ნელა კლავენ“ (ავტორი - თარა ლო). „მსოფლიოს ლიდერები შეშფოთებულნი არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით, რომელიც სხვადასხვა სენით არის დაავადებული და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს. იგი ერთი წელია საპყრობილეში იმყოფება და როგორც მისი მხარდამჭერები აცხადებენ, ექს-პრეზიდენტის პატიმრობა პოლიტიკურად არის მოტივირებული“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასაწყისში. ტექსტში დასმულია კითხვები, რომლებზეც იქვე პასუხებიც არის გაცემული. ავტორი ამ შემთხვევაში გარკვეულწილად რედაქციის პოზიციასაც გამოხატავს.

 

გთავაზობთ შემოკლებით: 

 

ვინ არის მიხეილ სააკაშვილი?

 

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ორი ვადით ჰქონდა დაკავებული - 2004-დან 2013 წლის ჩათვლით. მმართველობის პერიოდში იგი რეფორმატორად ითვლებოდა, ებრძოდა კორუფციას და ცდილობდა, რომ საქართველო მჭიდროდ ყოფილიყო ინტეგრირებული დასავლეთთან. იმავდროულად მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, განსაკუთრებით მისი პარტიის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი ებრძოდა სეპარატისტულ მოძრაობას. მისი მმართველობის დროს მოხდა საქართველო-რუსეთის ომი 2008 წელს. საქართველოს მეთაურის პოსტიდან წასვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს დატოვა საქართველოს მოქალაქეობა, გახდა უკრაინის მოქალაქე და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ ოდესის ოლქის გუბერნატორად იქნა დანიშნული. 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა და უკრაინის პრეზიდენტი რეფორმების დამუხრუჭებაში დაადანაშაულა, შექმნა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია და უკრაინის მასშტაბით საპროტესტო აქციების ინიციატორი გახდა, ხელისუფლების სტრუქტურებში არსებულ კორუფციასთან ბრძოლის მიზნით. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს 2017 წელს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა და საზღვარგარეთ გააძევა, თუმცა უკრაინის მოქალაქის სტატუსი მას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღუდგინა 2019 წელს.

 

2018 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ქართულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი - ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა საპყრობილეს რეჟიმით. ბრალდების თანახმად, პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი თავის უფლებამოსილებას ბოროტი მიზნებისათვის იყენებდა, არღვევდა ადამიანის უფლებებს, მისი ბრძანებით ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენეს და დაასახიჩრეს ოპოზიციური დეპუტატი 2005 წელს. ექს-პრეზიდენტმა ბრალდებები უარყო და 2021 წელს გაზეთ „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ მას „საქართველოს ხელისუფლება ებრძვის, მთავრობა ასევე ცდილობს ოპოზიციის ხმის ჩახშობას“.

 

მიხეილ სააკაშვილი ქართველმა სამართალდამცველებმა 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს, როცა იგი საზღვარგარეთ 8-წლიანი ყოფნის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა - მიუხედავად იმისა, ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ექს-პრეზიდენტს დაპატიმრებით დაემუქრა. მიხეილ სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ ქართველ ამომრჩევლებს ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში თავისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ხმის მიცემისაკენ მოუწოდებდა.

 

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

 

(პასუხში აღწერილია მისი გარეგნული სახე, ვიდეოკადრების მიხედვით. საუბარია წონაში მკვეთრ დაკლებაზე, შიმშილობებზე, ციტირებულია „ნაციონალების“ განცხადებები, ექიმთა კომისიის დასკვნები...).

 

რას ამბობს საქართველოს მთავრობა?

 

(გადმოცემულია იუსტიციის მინისტრისა და იმ კლინიკის ხელმძღვანელის პოზიცია. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია. ექს-პრეზიდენტი თვითონ, სპეციალურად ამბობს უარს საკვების მიღებაზე. სიცრუეა მისი ნათესავებისა და მომხრეების განცხადებები, რომ ყოფილ პრეზიდენტს აწამებენ. სინამდვილეში იგი საკუთარ თავს თვითონ ვნებს).

 

როგორია მსოფლიოს ლიდერების რეაქცია?

 

(მოცემულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს წამლავს და დე-ფაქტოდ საჯაროდ ნელ-ნელა კლავს“. მან ოფიციალურ თბილისს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა მოსთხოვა. ასევე ციტირებულია მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუსა და ევროსაბჭოს თანათავმჯდომარის, შვედეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერაა გამოხატული). 

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ