დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"შეინახეთ თქვენი თვითმფრინავები: რატომ ალოდინებს დასავლეთი უკრაინას თვითმფრინავების გადასაცემად?" 03.02.2023 15:53

„დასავლეთის ქვეყნები არ გამორიცხავენ სამომავლოდ ავიაგამანადგურებლების გადაცემას უკრაინისთვის. ვაშინგტონი ამას არ გააკეთებს, მაგრამ მას შეუძლია თავის ნატოელ მოკავშირეებს უფლება მისცეს კიევისათვის „ფანტომების“ (F-16) გაგზავნის თაობაზე. თუმცა, დღეს დასავლელი პოლიტიკური ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ მათი ძალისხმევა უფრო მეტად მიმართული უნდა იყოს არა შემტევი იარაღის მიწოდებაზე (როგორიც F-16-ია), არამედ თავდაცვით ტექნიკაზე, რომ კიევმა კრემლის შეტევები მოიგერიოს“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ Politico-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „შეინახეთ თქვენი თვითმფრინავები“: რატომ ალოდინებს დასავლეთი უკრაინას თვითმფრინავების გადასაცემად?“ (ავტორი - ლარა სელიგმანი).

 

„დასავლეთი არ ამბობს „არას“ უკრაინისათვის ავიაგამანადგურებლების მიწოდებაზე, უბრალოდ, ამერიკას და მის ნატოელ მოკავშირეებს სურთ, რომ უკრაინას ჯერ თავდაცვითი იარაღი გადასცენ რუსული არმიის შეტევების მოსაგერიებლად. პენტაგონის მაღალჩინოსნები აცნობიერებენ იმ აუცილებლობას, რომ უკრაინის მოძველებულ სამხედრო-საჰაერო ძალებს განახლება და ახალი ტექნიკით - თანამედროვე ავიაგამანადგურებლებით და მოიერიშე თვითმფრინავებით გადაიარაღება ესაჭიროება, მაგრამ ამჯერად ყურადღება ძირითადად მძიმე სამხედრო ჯავშანტექნიკის - ტანკების მიწოდების ორგანიზაციას ეთმობა, რომელსაც დასავლეთი უკრაინას დაჰპირდა.

 

როგორც ცნობილია, ომი რამდენიმე კვირის დაწყებული იყო, რომ პოლონეთმა განაცხადა - უკრაინას საბჭოური ტიპის თვითმფრინავები უნდა გადავცეო, რის შედეგადაც ამერიკა საშინლად გაღიზიანდა და ვარშავას დელიკატურად მოსთხოვა უარი ეთქვა განცხადების შესრულებაზე. აბა, წარმოიდგინეთ: ნატოს აეროდრომიდან ცაში ადის საბჭოთა წარმოების „მიგ-29“ და რუსეთის ჯარს ბომბავს... პოლონეთის ამ განზრახვის რეალიზებას შეიძლებოდა რუსეთისა და ნატოს დაპირისპირება გამოეწვია (ანუ „წითელი ხაზი“ დაერღვია), ამიტომ საკითხი „თაროზე შემოიდო“.

 

გავიდა თითქმის ერთი წელი ომის დაწყებიდან, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა: დასავლელმა მოკავშირეებმა რუსეთის მიმართ ზედიზედ, ერთი-მეორის მიყოლებით ბევრი „წითელი ხაზი“ გადაკვეთეს: უკრაინას მიაწოდეს მძიმე იარაღი - ჰაუბიცები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მსუბუქი ჯავშნიანი ტექნიკა და ა.შ.. გასულ თვეში „გარდამტეხი მომენტიც“ დადგა: მოკავშირეებმა მოილაპარაკეს კიევისათვის მძიმე ჯავშნიანი ტექნიკის - თანამედროვე ტანკების გადაცემაზე, დაახლოებით 80 ერთეულის რაოდენობით. 

 

უკრაინამ მომენტით ისარგებლა: კიევის აზრით, ტანკების - „ლეოპარდების“, „ჩელენჯერებისა“ და „აბრამსების“ მიწოდების ფონზე ავიაგამანადგურებლების მიცემა მაინცდამაინც ფანტასტიკურ იდეად აღარ მოეჩვენებათ. შესაბამისად, ვლადიმერ ზელენსკიმ ისევ დაიწყო თხოვნა თვითმფრინავების მიღებაზე, მაგრამ პროცესის მსვლელობაში ჯო ბაიდენი და მისი ევროპელი თანამოაზრენი ჩაერივნენ და შეანელეს.

 

ამერიკელი ჩინოვნიკები აღიარებენ, რომ „კულისებში“ ამ საკითხზე მაინც მუშაობენ, რადგან ახსოვთ ერთი საკმაოდ საინტერესო მომენტი: ჯო ბაიდენი თავდაპირველადვე წინააღმდეგი იყო კიევისათვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პატრიოტისა“ და ტანკ „აბრამსის“ მიწოდებაზე, მაგრამ შემდეგ დათანხმდა. რაც შეეხება „ფანტომებს“, მართალია, F-16-ები მთლად ახალი გამანადგურებლები არ არიან, წარმოება 1980-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მათი მოდერნიზება რამდენჯერმე მოხდა და ამიტომ ბევრად არ ჩამოუვარდებიან სხვა ახალ თვითმფრინავებს. შესაბამისად, პილოტების მომზადებას დაახლოებით ექვსი თვე დაჭირდება.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ