დღე: 32

ღამე: 19

USD 2.7242

EUR 2.9579

"შეძლებს თუ არა ჩინეთი რუსეთზე გავლენის მოხდენას იმ მიზნით, რომ კრემლმა ინდოეთისადმი დამოკიდებულება შეცვალოს?" - Times of India 28.03.2023 15:46

ინდოეთის ინგლისურენოვანმა გაზეთმა „თაიმს ოფ ინდიამ“ (Times of India) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამიტის მნიშვნელობა ინდოეთისათვის“ (ავტორი - სატებდრა დევ-პრადხანი, ინდოეთის დაზვერვის გაერთიანებული კომიტეტის ექს-თავმჯდომარე).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

სი ძინპინის ამასწინანდელმა მოსკოვურმა ვიზიტმა, რომელმაც ჩინეთ-რუსეთის კავშირების განმტკიცება დაადასტურა,  სამხედრო სტრატეგოსები საკმაოდ დააფიქრა იმაზე, თუ რა მოჰყვება, ერთი მხრივ, მსოფლიოში ესოდენ დიდი რესურსების მქონე ქვეყნისა და მეორე მხრივ - ესოდენ განვითარებული ტექნოლოგიების მქონე ქვეყნის ერთმანეთთან დაახლოებას. განსაკუთრებით შეშფოთდნენ ინდოეთშიც, რადგან ინდოეთს რუსეთთან ღრმა ტრადიციული ურთიერთობები აკავშირებს, ჩინეთთან კი საკმაოდ მტრული დამოკიდებულება აქვს. ექსპერტების უმრავლესობის აზრით, პეკინ-მოსკოვის დაახლოებას ნიუ-დელისთვის ზიანის მოტანა შეუძლია.

 

ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობებში ორი ასპექტი არსებობს, რომლებიც აუცილებელია ღრმად გაანალიზდეს. პირველი - გახდება თუ არა ჩინეთი მეზობლების მიმართ უფრო აგრესიული, თუ პეკინი დარწმუნებული იქნება რუსეთის მხრიდან დახმარებაში? მეორე - როგორ აისახება რუსეთ-ჩინეთის დაახლოება ინდოეთზე, რომელსაც ამჟამად მოსკოვთან ღრმა კავშირები აქვს, ხომ არ დაზარალდება მოსკოვ-ნიუ-დელის ურთიერთობა? 

 

უეჭველია ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და განმტკიცდა. მოსკოვში ხელმოწერილი ორმხრივ დოკუმენტებში აქცენტი კეთდება „მხარეთა სამომავლო ურთიერთობებზე“, რომლებშიც ფაქტობრივად მეორდება 2022 წლის პეკინური შეხვედრის მთავარი ლოზუნგი - „უსაზღვრო მეგობრობა“. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეთა კეთილგანწყობილი ურთიერთობების დონემ ისტორიულ პიკს მიაღწია და წინ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების კარი იღება.

 

კრემლში მოლაპარაკების დროს სოლიდარული ატმოსფერო სუფევდა. მართალია, მხარეები აცხადებდნენ, რომ მათი ურთიერთობა რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ არ იყო მიმართული, მაგრამ იგრძნობოდა, რომ მოსკოვი და პეკინის პოლიტიკა სწორედ ვაშინგტონის შეზღუდვას ითვალისწინებს: სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა აღნიშნეს „მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის დამყარების აუცილებლობა“. აქცენტი მრავალპოლუსიან მსოფლიოზე, რომელიც თანასწორობის პრინციპს დაემყარება, სწორედ ამერიკის  წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომელიც დღეს ერთი პოლუსის სახით დომინირებს და მას ჩაანაცვლებს.

 

ინდოეთს ჩინეთთან სადავო საკითხები აქვს, მაგალითად, საზღვრებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, პრობლემის მოსაგვარებლად პეკინი რეალურ დაინტერესებას არ იჩენს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენჯერმე მიანიშნა თავის ჩინელ კოლეგას, რომ სასაზღვრო საკითხების მოგვარების გარეშე ორ მეზობელს შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთთან „დაძმობილების“ შემდეგ ჩინეთი თავს უფრო მტკიცედ იგრძნობს და ინდოეთის მიმართ აგრესიულ მიდგომას გააგრძელებს - როგორც სახმელეთო საზღვრებზე (ჰიმალაებში), ასევე ინდოეთის ოკეანის აკვატორიაში.

 

ჩინეთი, ალბათ, ასევე გააგრძელებს მეზობლების შევიწროებას სამხრეთ-ჩინეთისა და იაპონიის („აღმოსავლეთის“) ზღვებში, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს თავისი მოთხოვნების შესრულებას, რომელიც ჯოუ ენლაის მიერ ჩამოყალიბებულ „ცხრაპუნქტირიან ხაზში“ გამოიხატება: ვიეტნამი, ინდონეზია და ფილიპინები, დიდი ალბათობით, მოწმენი გახდებიან ჩინეთის შეჭრისა მათ ეკონომიკურ ზონებში.

 

მეორე საკითხი - შეძლებს თუ არა ჩინეთი რუსეთზე გავლენის მოხდენას იმ მიზნით, რომ კრემლმა ინდოეთისადმი დამოკიდებულება შეცვალოს? დასავლური მასმედია და რიგი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთი იძულებული გახდა ჩინეთთან ურთიერთობაში უმცროსი კომპანიონის როლზე დათანხმებულიყოო, უკრაინასთან ომის გამო, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის, დღევანდელ სიტუაციაში ეს თვალსაზრისი არ დასტურდება: რუსეთი დამოუკიდებელ კურსს ატარებს და ინდოეთ-ჩინეთთან ურთიერთობებში ბალანსს იცავს. 

 

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ყველაფერი იდეალურად არ არის: პეკინს და მოსკოვს ზოგიერთ პრობლემისადმი სხვადასხვანაირი მიდგომები აქვთ. მოსკოვს არ მოსწონს ჩინეთის ძალისხმევა ცენტრალურ აზიაში თავისი გავლენის გაძლიერებისათვის - იმიტომ, რომ ეს რეგიონი ტრადიციულად რუსეთის გავლენის ზონას წარმოადგენდა. მოსკოვური ვიზიტის შემდეგ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს კრემლი ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან სი ძინპინის შეხვედრებზე. მოსკოვს, ალბათ, ასევე არ მოსწონს ჩინეთის გემების გახშირებული ყოფნა არქტიკის რეგიონში, ასევე პეკინის დომინირება აზია - წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც რუსეთს თავისი ინტერესები აქვს.

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთი ინდოეთს უყურადღებოდ არ მიატოვებს: მოსკოვი ტრადიციულად პოზიტიურად ეკიდება ისტორიული კავშირების დაცვა-განმტკიცებას. ინდოეთი უკვე მსხვილ შემდგარ სახელმწიფოს წარმოადგენს, ბირთვული ქვეყანას, რომელსაც გეოპოლიტიკურ ტენდენციებზე გავლენის მოხდენა შეუძლია და მუშაობს საერთაშორისო ურთიერთობებში საღი აზროვნების დაბრუნებაზე. ინდოეთის აზრით, ომების ეპოქა წარსულ უნდა ჩაბარდეს. ნიუ-დელი თავს იკავებს გაეროში ანტირუსული რეზოლუციებისადმი ხმის მიცემისაგან, არ იწონებს დასავლეთის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას... ასე რომ, რუსეთს არ აქვს მიზეზები იმისა, რომ ინდოეთის მიმართ კურსი შეცვალოს, ჩინეთის ზეწოლით.

 

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ:

 

ა) ამჟამად არ ჩანს იმის სიმპტომები, რომ მოსკოვ-პეკინთან დაახლოება მოსკოვ-ნიუ-დელის ურთიერთობებს ზიანს მიაყენებს;

 

ბ) ინდოეთი დაინტერესებული არ არის იმით, რომ რუსეთთან კავშირები ცალმხრივად შეზღუდოს, პეკინ-მოსკოვის დაახლოების ფონზე;

 

გ) და მაინც, ინდოეთი ყურადღებით და ფხიზლად უნდა იყოს, რადგან საერთაშორისო სიტუაცია ძალიან ცვალებადია და დღევანდელი გეოპოლიტიკური კარგი ამინდი ხვალ შეიძლება უამინდობით შეიცვალოს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ