დღე: 6

ღამე: 2

USD 2.8478

EUR 2.9967

როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post 30.03.2023 16:18

აშშ-ის გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ (The Washington Post) გამოაქვეყნა ვრცელი სარედაქციო კომენტარი სათაურით „როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად“, რომელშიც განხილულია რუსეთის ბრალდებები აშშ-ის მიმართ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ამერიკის დახმარებით შექმნილი ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

„ინფორმაცია მსოფლიოში ძალისა და სიცოცხლის წყაროა, რომელიც ფაქტებისა და მოვლენების სახით პულსირებს. ჩვენ ინფორმაციულ ოკეანეში ვცხოვრობთ. მაგრამ ინფორმაცია შეიძლება საწამლავიც იყოს, სახიფათო იარაღი. დეზინფორმაცია, ანუ წინასწარ შეთხზული სიყალბე შეიძლება პოლიტიკური ომის ინსტრუმენტად გადაიქცეს. დეზინფორმაციას შეუძლია ის პოლიტიკური სისტემა დაასუსტოს, რომელიც, ტრადიციულად, სიმართლეს ენდობა. დეზინფორმაციული ოპერაციები ძირს უთხრიან სამოქალაქო საზოგადოების საფუძველს“, - ნათქვამია კომენტარში, რომელშიც რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციებია მხილებული.

 

პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი საბჭოთა კავშირში ბიოლოგიური იარაღის შექმნის ისტორიას, მოსკოვის მიერ 1950-იანი წლების დასაწყისში გავრცელებულ რიგ დეზინფორმაციებს და ყალბ ბრალდებებს აშშ-ის მიმართ, რომლის მიხედვით, თითქოსდა აშშ კომუნისტური ჩრდ.კორეისა და ჩინეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას აპირებდა. სიყალბე გამომჟღავნდა იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, როცა საბჭოთა მთავრობამ მაო ძედუნს ბოდიში მოუხადა. ასევე სტატიაში საუბარია „1980-იან წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ამერიკამ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი („შიდსი“) შექმნა და აფრიკის ქვეყნებში სპეციალურად გაავრცელა, ექსპერიმენტის მიზნით. საბჭოური „კაგებეს“ მიერ შეთხზულ ამ დეზინფორმაციის გავრცელებას მოსკოვი აქტიურად ცდილობდა. ამ კამპანიამ საკმაოდ წარმატებით იმუშავა - დღესაც ბევრ აფრიკულ ქვეყანაში თვლიან, რომ შიდსის გავრცელებაში ამერიკაა დამნაშავე.

 

„დღესაც რუსეთის დეზინფორმაციული პოლიტიკა სიკეთეს ბოროტებად წარმოსახავს. კრემლის პოლიტიკა ამახინჯებს სიმართლეს და არაკეთილგანწყობას თესავს. ეს ეხება აშშ-ის პროგრამას, რომლის მიზანი იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოება და რომელიც თითქმის 22 წელია გრძელდება“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. 

 

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, თუ როგორ შემუშავდა და განვითარდა აღნიშნული პროგრამა: 2005 წლის აგვისტოში ბარაკ ობამა, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ სენატორ-დემოკრატი იყო ილინოისის შტატიდან და რიჩარდ ლუგარი, სენატორ-რესპუბლიკელი ინდიანას შტატიდან, უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს კიევის ცენტრალური სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგური („სანეპიდსადგური“), რომელშიც სიცოცხლისათვის საშიში შტამები და ბაქტერიები ინახებოდა, პათოგენური მიკროორგანიზმები (მაგალითად, ციმბირის წყლულის, მუცლის ტიფის, ხოლერის და შავი ჭირის გამომწვევი). სანეპიდსადგურის შენობა კი არანაირად დაცული არ იყო.

 

უკრაინის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ დახმარება სთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებს ლაბორატორიის მოდერნიზებაში. ამ მიზნით ხელი მოეწერა შესაბამის შეთანხმებას. მოგვიანებით კი უკრაინასთან ამ სფეროში ურთიერთობა დაკანონდა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიმართაც: 1992 წელს კონგრესში მიიღეს კანონი, რომლის ინიციატორები გახდნენ სენატორები რიჩარდ ლუგარი და სემ ნანი (ჯორჯიის შტატიდან), რათა საბჭოური მემკვიდრეობის ლიკვიდირება მომხდარიყო, ბიოლოგიური იარაღის მოსპობის სახით. კანონის საფუძველზე შემუშავდა შესაბამისი პროგრამა, რომელიც საქართველოშიც იქნა რეალიზებული - თბილისში გაიხსნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეფერენს-ლაბორატორია, რომელსაც სენატორ რიჩარდ ლუგარის პატივსაცემად, მისი სახელი ეწოდა. ის პათოგენები, როლებიც საბჭოთა ეპოქაში ერთ-ერთ სამეცნიერო -კვლევით ინსტიტუტში დაუცველად ინახებოდა, ახალ, სპეციალურად აგებულ ახალ თანამედროვე და კარგად დაცულ შენობაში იქნა გადატანილი

 

რა თქმა უნდა, ნანა-ლუგარის პროგრამა ნაწილობრივ აშშ-ის ინტერესებსაც პასუხობდა, მაგრამ ის უფრო მეტად ვაშინგტონის კეთილგანწყობისა და დახმარების აქტს წარმოადგენდა: ერთადერთმა იმდროინდელმა ზესახელმწიფომ დახმარების ხელი გაუწოდა სუსტ და პრობლემების მქონე ქვეყნებს - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და მათ ყოველწლიურად ერთ მილიარდ დოლარს აძლევდა. ეს დახმარება არ იყო თავსმოხვეული და ნაძალადევი, ის მიმართული იყო იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა უსაფრთხო და დაცული ყოფილიყო“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

 

ბოლო წლებში ნანა-ლუგარის პროგრამა“ რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა. რუსეთის განცხადებით, აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ბიოლაბორატორიებში სამხედრო კვლევებიც მიმდინარეობს. 2009 წლის დეკემბერში რუსულ მასმედიაში გაჩნდა მასალები, რომელთა მიხედვით, საქართველოში, აშშ-ის მონაწილეობით, საიდუმლოდ ხდება ბიოლოგიური იარაღის შექმნა. რა თქმა უნდა, მასმედიის მასალები ყალბ მტკიცებულებებზე იყო აგებული. 

 

2018 წელს რუსეთმა დეზინფორმაციული პოლიტიკა ისევ საქართველოსკენ მიმართა. თავდაპირველად იანვარში რუსულ მასმედიაში გამოქვეყნდა 49-გვერდიანი დოკუმენტი სათაურით „პენტაგონის ბიოლოგიური იარაღი“, რომელშიც ტყუილ-მართალი ერთმანეთში იყო არეული - როგორ არღვევდა აშშ ბიოლოგიური იარაღის წარმოების აკრძალვას. მოგვიანებით, სექტემბერში, მოსკოვში თავშეფარებულმა საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ რუსეთის ტელეარხების მეშვეობით გაავრცელა ცრუ მასალები, რომელთა მიხედვით თითქოსდა ლუგარის ლაბორატორიაში ფარულად ბიოლოგიური იარაღი იქმნებაო. ამ მასალების საფუძველზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს მოსახლეობას საცდელი ბოცვერების სახით იყენებსო“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

 

პუბლიკაციაში ვრცლად არის აღწერილი რუსული დეზინფორმაციული კამპანიები უკრაინის წინააღმდეგ. აღნიშნულია, რომ რუსული სპეცსამსახურები ფართოდ სარგებლობენ მართვადი მედიასაშუალებებით, ინტერნეტით, ხელოვნური ინტელექტით...

 

„ვაშინგტონ პოსტის“ რედაქცია ყურადღებას უთმობს იმასაც, თუ როგორ შეიძლება დემოკრატიული საზოგადოება ებრძოლოს რუსეთის მიერ გავრცელებულ სიყალბეს, როგორ უნდა განასხვაოს ადამიანმა ტყუილი სიმართლისაგან. რა თქმა უნდა, ეს ქვეყნების მთავრობების საქმეა - დეზინფორმაციის მხილება და მისი განეიტრალება, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე საზოგადოების, მკითხველებისა და მაყურებლების მედიაგანათლების დონეს - მაგალითად, რომელი წყარო ავრცელებს ამა თუ იმ ინფორმაციას.

 

„დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მილიარდობით ადამიანს ერთმანეთთან დაკავშირება ელვისებურად შეუძლიათ, ტყუილი ძალზე სწრაფად ვრცელდება. ადამიანებს სენსაცია იზიდავთ. ტყუილს რომ სიმართლე წინ აღუდგეს, ამისთვის მხოლოდ ერთი შანსი არსებობს: დეზინფორმაციას კომპეტენტური პასუხი ასევე სწრაფადვე უნდა გაეცეს. უნდა გვახსოვდეს ანდაზა - „სანამ სიმართლე ფეხსაცმელს იცვამს, ტყუილს ნახევარი მსოფლიოს მოვლა შეუძლიაო“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ