დღე: 16

ღამე: 4

USD 2.7468

EUR 2.9759

„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“ 04.04.2023 13:58

ეგვიპტის ყოველდღიურ გაზეთ „ალ-მასრი ალ-იოუმში“ (Al-Masry Al-Youm // المصري اليوم) დაბეჭდილია სტატია სათაურით „დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ (ავტორი - აბდულ ლატიფ ალ-მანავი), რომელშიც მინიშნებულია, რომ ინდოეთ-პაკისტანს შორის ინდოსტანზე, ძველ ბრიტანულ ინდოეთში „მომხდარი ომი“ დღევანდელ დიდ ბრიტანეთშიც შეიძლება განმეორდეს.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

ხამზა იუსუფი, პაკისტანური წარმოშობის მქონე პოლიტიკოსი, ამ ცოტა ხნის წინათ შოტლანდიის პირველ მინისტრად იქნა არჩეული. შოტლანდია დიდ ბრიტანეთში ავტონომიის უფლებით სარგებლობს, აქვს სეპარატისტული განზრახვები, მაგრამ სიტუაცია მეტ-ნაკლებად წყნარი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ამიერიდან ასე აღარ იქნება. ხამზა იუსუფის შოტლანდიის პრემიერად არჩევის შემდეგ, აზიელები გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური კონტროლის გზას დაადგნენ.

 

დიახ, ეს ისეთი მნიშვნელობის მქონე მოვლენაა, რომელიც, ნებით თუ უნებლიედ, ფიქრებს აღძრავს, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი წარმოშობით ინდოელია. ამრიგად, მსოფლიოს უძველესი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნის ორი მთავრობის სათავეში ორი აზიელი დგას.

 

ხამზა იუსუფმა თავისი „გამარჯვების“ სიტყვაში განაცხადა, რომ იგი იქნება იმ თაობის ლიდერი, რომელიც შოტლანდიას დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოიყვანს და დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. მან ხაზი გაუსვა, რომ შოტლანდიელი ხალხისათვის დამოუკიდებლობას ჰაერივით სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - დღეს ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. ხამზა იუსუფი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს აწ უკვე გადამდგარი შოტლანდიის პირველი მინისტრის ნიკოლ  სტერჯენის მხრიდან, რომელიც მასში თავის პოლიტიკურ მემკვიდრეს ხედავს დიდი ბრიტანეთისაგან შოტლანდიის ჩამოშორების საქმეში.

 

მაგრამ, როგორც ჩანს, რიში სუნაკის მთავრობა ხამზა იუსუფს ამის შესაძლებლობას არ მიცემს. რიში სუნაკი კატეგორიულად არის წინააღმდეგი იმ რეფერენდუმისა, რომელიც, სავარაუდოდ, შოტლანდიაში 2023 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, ხამზა იუსუფის საქმიანობაში მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკა და სოციალური დაცვა უნდა იყოს და არა პოლიტიკა და რეფერენდუმები დამოუკიდებლობისათვის.

 

დამოუკიდებელი შოტლანდიის მომხრეებმა ხამზა იუსუფი - პირველი მუსლიმანი ისტორიაში - პირველ მინისტრად აირჩიეს და ფსონი მასზე დადეს იმ იმედით, რომ პაკისტანელი დაინტერესებული იქნება  სუვერენიტეტის იდეის რეალიზება განახორციელოს.

 

მაგრამ შეძლებს თუ არა ხამზა იუსუფი იმას, რაც მისმა წინამორბედებმა ვერ მოახერხეს? განსაკუთრებით გასული წლის ნოემბერში დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს დადგენილების შემდეგ, რომლის თანახმად, შოტლანდიის მთავრობას დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების უფლება არ აქვს, თუ ამის ნებართვას უშუალოდ ცენტრალური ხელისუფლებისაგან - დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან არ მიიღებს. შეძლებს თუ არა ხამზა იუსუფი მილიონობით შოტლანდიელის ოცნების შესრულებას, გახდება თუ არა იგი გმირი და არ მიიღებს მხედველობაში იმ შედეგებს, რაც დამოუკიდებლობას მოჰყვება? ხომ არ დაემსგავსება მისი მოქმედება ბრექსიტის დროინდელ პოლიტიკურ „ციებ-ცხელებას“, როცა ევროკავშირიდან გასვლის შედეგებზე ცოტა თუ ფიქრობდა? 

 

ხამზა იუსუფის სურვილი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის მიზნით გვახსენებს იმ ფაქტს, რაც გასული საუკუნის შუახანებში მოხდა - პაკისტანის გამოყოფას ინდოეთისაგან ეთნიკური ომის შედეგად, რომელმაც მოულოდნელად იფეთქა მუსლიმანებსა და ინდუისტებს შორის და რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

ხამზა იუსუფს პაკისტანური წარმომავლობა აქვს, რიში სუნაკს კი ინდური. ალბათ, მათი ეროვნების ასეთი დამთხვევა, სავარაუდოდ, შემთხვევითია, მაგრამ ეს პარალელი უნებლიედ გვახსენებს თავს იმ დისკუსიების დროს, რომელიც შოტლანდიაში მიმდინარეობს...

 

 

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისტორია განმეორდება, მაგრამ უეჭველია ერთი რამ: მსოფლიო იცვლება და ჩვენ ამ ტრანსფორმაციის საზღვრები არ ვიცით.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები