დღე: 6

ღამე: 2

USD 2.8478

EUR 2.9967

"უკრაინის ფრონტებზე სიტუაცია სულ უფრო უარესდება"-Le Figaro 11.12.2023 13:47

„უკრაინის ფრონტებზე სიტუაცია სულ უფრო უარესდება. დასავლეთმა ვერ შეძლო დაპირების შესრულება და კიევისათვის საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალების მიწოდება, რის გარეშეც შეტევის განხორციელება შეუძლებელია“, - ნათქვამია ფრანგული „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა ამ ეტაპზე რუსეთთან ომს აგებს“ (ავტორი - ნიკოლა ბაროტი), - „დღეს ყველაზე აქტუალურია კითხვა - „დაიწყება თუ არა მოლაპარაკება ამ ზამთარს თუ შეხვედრას სამომავლოდ გადაიტანენ?“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის ომის აქტიურობა შენელდა. მართალია, საომარი მოქმედებები ფრონტის მთელ ხაზზე ისევ გრძელდება, მაგრამ სტრატეგიული გარღვევა არცერთ ადგილზე მოსალოდნელი არ არის. მით უმეტეს, ფართო შეტევაზე ფიქრიც აღარ შეიძლება - „წვიმების, თოვლისა და სიცივის გამო ჯარისკაცები პარალიზებულები არიან”.

ფრანგი ექსპერტების აზრით, „უკრაინის ჯარმა ქალაქი ავდეევკა უნდა დატოვოს“. მათი თქმით, ძნელია იმის დაჯერება, რომ უკრაინელები ბახმუტთან მიმართებით დაშვებულ შეცდომას ისევ გაიმეორებენ. ნანგრევებად ქცეული ბახმუტის დაცვა უაზრობა იყო, უკრაინის არმიამ კი ამ ქალაქის შენარჩუნების მიზნით უამრავი საბრძოლო რესურსი დახარჯა და ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე შეწირა იმ მოსაზრებით, რომ გმირული ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენსო. საბოლოო ჯამში კი ბახმუტი მაინც რუსებმა დაიკავეს.

უკრაინის არმიას საბრძოლო მასალები არ ჰყოფნით. დასავლეთმა თავისი დაპირება ვერ შეასრულა: დახმარების დონე ომის დაწყების დროიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ევროპელები უკრაინელებს დაჰპირდნენ მილიონი ჭურვის მიწოდებას, მაგრამ ამ რაოდენობის დამზადება ვერ შეძლეს (თუმცა კიევისათვის მილიონიც არასაკმარისი იყო). რუსეთის ქარხნებში კი ამ დროს ხუთ მილიონამდე ჭურვი დამზადდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინა, რუსეთის წარმატების ფონზე, სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას იპყრობს.

კიევის ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ თავიანთი პარტნიორებისაგან დახმარების საკითხში უკვე ნაკლები იმედი ჰქონდეს. ახლა საჭიროა საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოების სფეროში. მართლაცდა, ამჟამად უკვე დაიწყო ახალი კონტრაქტების დადება სწორედ ასეთი პირობით - დასავლური კომპანიები საბრძოლო მასალებს უკრაინის ქარხნებში დაამზადებენ ან უკრაინაში იარაღის მწარმოებელ ახალ ქარხნებს ააშენებენ.

მაგრამ იმავდროულად ექსპერტები ერთ გარემოებაზე მიუთითებენ: ბრძოლის ველი ყოველთვის აქტიურია: ადრე თუ გვიან პოზიციური ბრძოლა აქტიურ შემტევითში გადაიზრდება, ამიტომაც საჭიროა საბრძოლო მასალების მომარაგება, რომლის შესაძლებლობა უკრაინის არმიას არ აქვს (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც). ჭურვების გარეშე არტილერია - ქვემეხები და ჰაუბიცები გამოუსადეგარია. აქედან გამომდინარე, თუ არტილერია არ მუშაობს, შეტევა ვერ განხორციელდება. პოზიციურ ბრძოლაში, დაკავებული ტერიტორიების რომ შეინარჩუნო, აუცილებელია სანგრების, ტრანშეებისა და მიწისქვეშა თავშესაფრების მოწყობა...

კიევი ფიქრობს, რომ რუსეთს დრო ჭირდება მარაგებისა და ძალების აღსადგენად, ამიტომ მოსკოვი შეტევას ვერ წამოიწყებს. მაგრამ ასეთი თავდაჯერება საფრთხილოა. რუსეთს საკმაო ძალები აქვს, რომ ლოკალური შეტევა წამოიწყოს და მისი წარმატებული განვითარების კვალობაზე, იერიშები გააფართოოს. რუსეთს უპირატესობა აქვს შეიარაღებაში, - დრონებში, დანაღმვაში, არტილერიაში, ავიაციაში... უკრაინის უპირატესობა კი აშკარად გამოიხატება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვაში და დასავლური წარმოების ზუსტ რაკეტებში (Scalp-ებში და Storm Shadow-ებში), მაგრამ, სამწუხაროდ, კიევს ასეთი რაკეტები ცოტა აქვს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის სადაზვერვო-დივერსიული უწყების მიერ ჩატარებული ოპერაციის წყალობით, კიევმა დარტყმა მიაყენა რუსეთ-ჩინეთის შემაერთებელ სარკინიგზო ხაზს - დივერსიის შედეგად, აფეთქებული იქნა გვირაბი, რის შედეგადაც სამხედრო სარკინიგზო შემადგენლობების მოძრაობა ხანგრძლივი დროით შეწყდა - შესაბამისად, რუსეთს ჩინეთიდან იარაღის მიწოდება გაუძნელდა. მაგრამ ასეთი ტაქტიკა, რომელიც შეიძლება „კოღოს ნაკბენს“ შევადაროთ, რაიმე სტრატეგიულ ცვლილებას არ გამოიწვევს, მხოლოდ შეანელებს რუსეთის ძალისხმევას. იგივე ითქმის უკრაინული დრონების შეტევებზე რუსეთის სიღრმეში, რომელთა ინტენსიურობამ, სხვათა შორის, ბოლო დროს მოიკლო.

უკრაინას ამჟამად ისეთი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები აქვს, რომლებიც წარმატებით იგერიებს რუსული დრონების შეტევებს. რუსეთი თავის ოპერატიულ და სტრატეგიულ ავიაციას უფრთხილდება და უკრაინის ქალაქებისკენ იაფფასიან, მაგრამ ბომბებით აღჭურვილ უპილოტო მფრინავ აპარატებს უშვებს, რომლებსაც კიევი დიდი რაოდენობით ანადგურებს. დასავლეთს რომ უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები არ მიეწოდებინა, რუსული დრონების რეიდები კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევდა, - წერს ამერიკული ანალიტიკური ცენტრი „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW).

უკრაინის არმიის კონტრშეტევის წარუმატებლობის დაფიქსირებამ თვითონ უშუალოდ უკრაინელი სარდლის [გენერალ ვალერი ზალუჟნის] მიერ ამერიკელებში უფრო გააღრმავა ის იმედგაცრუება, რასაც ისინი ბოლო დროს განიცდიან. გამოდის, რომ რუსეთმა ბრძოლის ეს რაუნდი მოიგო.

აქსიომაა ის, რომ უკრაინის მომავალი დასავლეთის დახმარებაზეა დამოკიდებული. თუ დაეხმარება და თანაც ინტენსიურად, კიევმა შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში ნატოს სტანდარტების მქონე არმია შექმნას, მაგრამ ამჟამად უკრაინა ომს აგებს. საკითხი ასე დგას: როდის დაიწყება მოლაპარაკება - ამ ზამთარს თუ ზამთრის შემდეგ?

წყარო: 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები