15:52 04.07.2016
კომპანია „თეთრი ქუდი“ – სოკოს წარმოების არაერთი გზა

სოკოს მწარმოებელი კომპანია „თეთრი ქუდი“ უკვე მეექვსე წელია,  საქართველოს ბაზარზე პროდუქციის უმაღლესი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასებით ლიდერობს. კომპანიამ არამარტო წარმატებით ჩაანაცვლა იმპორტული პროდუქცია ქართული წარმოებით, არამედ ქართული სოკოს ექსპორტს უკვე უცხოეთის ბაზრებზეც ახორციელებს. კომპანია „თეთრი ქუდი“ საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების გაზრდას უწყობს ხელს.

 

რუსთავის გზატკეცილზე, მეჩვიდმეტე კილომეტრზე, 14 ჰექტარზე გადაჭიმულ საწარმოო კომპლექსში განთავსებული 40-მდე მაღალტექნოლოგიური სათბური. კომპანია თვეში 200 ტონა სოკოს აწარმოებს და  მათი უმეტესი წილი საცალო გაყიდვებზე მოდის.  „თეთრი ქუდი“ ქვეყანაში 3 ათასზე მეტ საცალო ობიექტს და რესტორანს ამარაგებს.

კომპანიის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე, „ჯორჯიან თაიმსს“ კომპანია „თეთრი ქუდის“ გენერალური დირექტორი - ვანო იოსელიანი ესაუბრა.

 

კომპანია „თეთრი ქუდი“ 2010 წელს დაარსდა, თავისი წარმოება 600%-ით გაზარდა და მთლიანად ჩაანაცვლა იმპორტული სოკოს პროდუქცია. რამ განაპირობა მცირე ხანში მიღწეული წარმატება?

 

- საქართველოში სოკოს საკვებში მოხმარების ძალზედ დაბალი მაჩვენებელი იყო, რაც განპირობებულია მრავალი ფაქტორით, მათ შორის ძირითადი მიზეზები იყო ხელმისაწვდომობის შეზღუდული არეალი (იყიდებოდა მხოლოდ აგრარულ ბაზრებში), არასტაბილური მიწოდება (ხშირად პროდუქტის შოვნა შეუძლებელი იყო) და მაღალი ფასი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მოხმარება არ აღემატებოდა 300 ტონას წელიწადში, რაც ძალზედ დაბალი მაჩვენებელი იყო ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

ბაზრის კვლევის შედეგად გადაწყდა ადგილზე ინდუსტრიული წარმოების შექმნა. 2011 წელს განხორციელდა და დაინერგა თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები, შეირჩა კვალიფიციური კადრები და დაისახა გრძელვადიანი გეგმა. შედეგი სახეზეა: სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ჩვენმა მენეჯმენტმა შეძლო:
1.
ბაზრისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში;
2.
მნიშველოვნად შემცირებული ფასები (20-25 ლარიდან 4-8 ლარამდე)
3.
პროდუქციის პოპულარიზაცია, სოკოთი მომზადებული მრავალფეროვანი კერძების (რესტორნებთან მიზანმიმართული მუშაობის გზით) და სხვადასხვა პრომოაქციების განხორციელების გზით.

 

თქვენმა კომპანიამ არამარტო საქართველოს ბაზარი მოიცვა, არამედ უცხოეთშიც წარმატებით ახორციელებთ ქართული წარმოების სოკოს ექსპორტს. ამჟამად რომელ ქვეყნებში გადის პროდუქცია და სამომავლოდ, კიდევ რომელ ქვეყნებში გეგმავთ ექსპორტის განხორციელებას?

-ჩვენ დღეს ვაწარმოებთ 200 ტონის სოკოს პროდუქციას ყოველთვიურად. მიგვაჩნია, რომ საქართველოში მოხმარების პოტენციალი კიდევ დიდია, თუმცა ეს დროის ფაქტორთან არის დაკავშირებული. ამიტომ დავიწყეთ სხვა, დამატებითი ბაზრების ძიება. სომხეთში გაგვაქვს ქამა სოკო, ასევე კალმახა სოკოს სუბსტრატი, რაც დღეის მდგომარეობით, 6-8 მანქანაა ყოველთვიურად. დავიწყეთ აგზავნა დუბაიში და ვემზადებით კატარის ბაზარზე შესასვლელად.

 

ამჟამად რამდენი სახეობის სოკოს აწარმოებს კომპანია?

 

-ამ ეტაპზე, ვაწარმოებთ 3 სახის სოკოს - ქამა, კალმახა და პორტობელო. გარდა კალმახა სოკოს კომპოსტისა, ვმუშაობთ ქამა სოკოს კომპოსტის წარმოების გახსნაზე საქართველოში.

 

კომპანიის წარმატებულმა საქმიანობამ უცხოელი ბიზნესმენების ნდობაც მოიპოვა. შედეგად, ბოლო წლების მანძლზე 11,000 000 აშშ დოლარის საინვესტიციო კაპიტალი მოიზიდეთ. რამდენადაც ცნობილია, აღნიშნული თანხებით საკომპოსტე მეურნეობის განვითარებას აპირებთ.

-ახალი კომპოსტის საამქრო კეთდება ჰოლანდიური ტექნოლოგიით. მასში  პირველ ეტაზე 1000000$ ინვესტიცია ხორციელდება. ეს საშუალებას მოგვცემს ჩავანაცვლოთ ნედლეულის რამდენიმე მილიონიანი იმპორტი საკუთარი პროდუქციით და გავხადოთ ჩვენი სოკო უფრო კონკურენტუნარიანი სხადასხვა ბაზარზე. უცხოურ ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით გვჯერა, რომ ქართულ კომპოსტზე მოთხოვნა მალე გაჩნდება.

თანამედროვე ქართული აგრობიზნესის საერთაშორისო პოტენციალს როგორ შეაფასებდით?

-პოტენცალი გვაქვს, თუმცა მას ხორცშესხმა და სწორად გამოყენება სჭირდება. გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი. შევეცდები რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება:


1.
ინდუსტრიალიზაცია - ჩვენს ქვეყანაში სსრკ-დან შემორჩენილი საწარმოები მოძველებულია - გინდ ინფრასტრუქტურული და გინდ ტექნოლოგიური თვალსაზრისით. სანამ საქართველო განვითარების ეტაპებს გადიოდა, ცივილიზირებული სამყარო სწრაფი ტემპით ვითარდებოდა - ქმნიდა და ავითარებდა ახალ ტექნოლოგიებს. დღეს ჩვენ უნდა დავეწიოთ დროს, გავიზიაროთ გამოცდილება, თუ როგორ შეძლეს ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.


2.
არსებული უმუშევრობის ფონზე, პერსონალის დაქირავება ძალიან იაფია, თუმცა მწვავედ დგას კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რამაც უნდა განაპირობოს წარმატებული ბიზნესი;


3.
მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ფინანსური რესურსები. ისინი უმთავრესად საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან, რომლებიც იყენებენ ორი სახის ფინანსურ რესურსს: კერძოს და სესხს ბანკიდან. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში კერძო დაფინანსების ძალიან მწირი სოციო-ეკონომიკური წილია, ამიტომ სესხის აღება ბანკიდან საუკეთესო გზაა წარმატების მისაღწევად.

 

4. ევროპასთან ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად, სხვადასხვა არიერისგან გათავისუფლება ქმნის ახალ შესაძლებლობებს -ქართველ მეწარმეს ეძლევა შესაძლებლობა შეაღწიოს და დაიმკვიდროს თავი არატრადიციულ ბაზარზე. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

რა პრობლემებს აწყდებით და რა არის დღეს საჭირო ქართული ადგილობრივი წარმოების, ადგილობრივი მერნეობების ხელსაყრელი განვითარებისთვის?

 

 

-ამ შემთხვევაში, გამოვყოფდი ინფრასტრუქტურულ სირთულეებს: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი, კანალიზაცია, ინტერნეტი, და ა.შ. რაც მწვავედ დგას რეგიონებში; ფასები მცირე და საშუალო ბიზნეს მეწარმეებისათვის მაღალია და ხშირად ხელმიუწვდომელი. ეს კი ბიზნეს სექტორის განვითარებისათვის მნიშნელოვანი ბარიერია.

კარგი სიახლე კი გახლავთ ის ფაქტი, რომ ამჟამად სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში - ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, სოფლების გაზიფიკაცია და ა. შ.

მე გულითადად მწამს, რომ შევძლებთ არსებული სირთულეების გადალახვას და განვითარების სასურველ დონეზე გადასვლას.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge