15:04 30.01.2017
როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი

ცხელი ჩაი

ცხელი ყავა

ცხელი კაკაო

ცხელი შოკოლადი

ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მეც ძალიან მიყვარს, თუმცა მგონია რომ ცივ ზამთარს ისე არაფერი უხდება, როგორც ცხელი გლინტვეინი.  თან რა მარტივია გაკეთება, თან რა სასიამოვნო პროცესია, როცა ცხელ, სურნელოვან სითხეს თავს დასტრიალებ და გაყინულ ჰაერს შერეული მიხაკ-დარიჩინის სურნელი უკვე სულს გითბობს.

გჭირდებათ ღვინო, რომელიც დარწმუნებული ვარ სახლში მოგეპოვებათ, სულ რაღაც 1 ლიტრი წითელი ღვინო, იქვე ერთი ფორთოხალი და ერთიც ლიმონი, ცოტა მიხაკი და კიდევ უფრო ცოტა  ახალ დაფქული დარიჩინი, მეტი სიმძაფრისთვის.

ერთი ფორთოხალი და ნახევარი ლიმონი ჩაწურეთ ქვაბში, ჩაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი და რამდენიმე მარცვალი მიხაკი და 1 მარილის კოვზის ოდენა დარიჩინი, ადუღეთ რამდენიმე წუთი, მოსიროფო, ოდნავ ბლანტი სითხის მიღებამდე და ამის შემდეგ ჩაასხით წითელი ღვინო. მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ, რათა გლინტვეინს ალკოჰოლი შეუნარჩუნოთ, გადმოდგით ცეცხლიდან და მაშინვე ჩაამატეთ ფორთოხლის რამდენიმე ნაჭერი უფრო მეტი არომატისთვის.

გაამოთ! :)




ავტორ(ებ)ი : ratatui.ge