დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

,,ვერასდროს შეცვლის კამერა - კამერის უკან მდგომს“ - ბადრი ვადაჭკორია 14.03.2017 14:59

სოლოლაკის ერთ-ერთ ქუჩას ფეხით ავუყევი. ეს ულამაზესი ადგილი უამრავ მოგონებებს ინახავს. აქ  ყველაფერია, რაც კი ადამიანის გულსა და გონებას ასე სჭირდება. უცნაურია ცხოვრება: დიდი ხანია ამ ქუჩაზე დავდივარ და არასოდეს დავკვირვებივარ, რამდენი სილამაზეა ირგვლივ.

 

„მთავარია გავიხედოთ გვერდზე, დეტალებს დავაკვირდეთ და აღმოვაჩენთ, რომ სიცოცხლე ძალიან ლამაზია და ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამ სილამაზის დანახვა და დაფასება“- სწორედ ეს სიტყვები განაცხადა  ჩემმა რესპოდენტმა, ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა , - ბადრი ვადაჭკორიამ ,,ჯორჯიან თაიმსთან“საუბარში.

 

უზომო ოპტიმიზმით, სიცოცხლისადმი სიყვარულით, სილამაზისადმი განსაკუთრებული ტრფობით, ბადრი ვადაჭკორია ყველას უყვარს.

 

ამ ადამიანთან პირველივე შეხვედრისას გიჩნდება განცდა, რომ მთელი ცხოვრებაა იცნობ. ბატონ ბადრის უზომოდ უყვარს ჩვენი ქვეყანა და ურყევად სჯერა, რომ  ცხოვრება დეტალებისგან შედგება და სწორედ ამ დეტალებით არის ის განსაკუთრებით ლამაზი და საინტერესო.

 

„ყველაზე დიდი ნეტარებაა. როცა გადმოხედავ შენს ქვეყანას მთის წვერიდან და სიყვარულით ივსები, გიხარია, რომ ეს შენი ქვეყანაა. ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვაქვს ცხოვრებაში, რომელიც უფალმა მოგვიჩინა და თუ ყველა თავის საქმეს გააკეთებს, ქვეყანაც აშენდება“ - ამბობს იგი.

 


  

,,დავიბადე და გავიზარდე  ლანჩხუთში.  ვსწავლობდი ძალიან კარგად. დედა  აგრაფინა წულაძე და მამა-ნიკოლოზ ვადაჭკორია   ულამაზეს სოფელ - ჭანჭათიდან იყვნენ. ჩემი დაბადების წინ ქალაქში ჩამოსულან. ვფიქრობ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა იქ  რომ სახლი გვქონოდა და ამ საოცარ ადგილას გავზრდილიყავი.

 

მამა სამხედო პირი იყო, ომი გამოიარადა1970 წელს ომის ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მე სწორედ ამ პერიოდში მოვეწყვე უნივერსიტეტში.

აქციური ბავშვი ვიყავი, მუდამ შეყვარებული. დედა ფოტოსიდიდის მიხედვით ხვდებოდა, ვინ უფრო მიკლავდა გულს.

 

სპეციალობით ჟურნალისტი-მწერალი  ვარ. როცა სასწავლებელში ჩავაბარე, მაშინ მხოლოდ „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ იყო და სულ 10 სტუდენტი იყო მისაღები. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაშინ ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა, თუმცა , ამის მიუხედავად,ადვილად მოვეწყე სასწავლებელში.ისე გავიარე მთელი ცხოვრება,  ქრთამის მიცემა  არასოდეს არსად დამჭირვებია.

 

წლების განმავლობაში მქონდა საკუთარი გვერდები  გაზეთებში: „ახალი ეპოქა“, „დილის გაზეთი“, „საქართველოს რესპუბლიკა“ და სხვა.

სტუდენტობის დროს თითქმის ყველა მედია-საშუალებასთან ვთანამშრობლობდი.

 

ფოტოგრაფიით  ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული, რადგან ჩემი აზრით,  ის თანმდევი პროფესიაა ჟურნალისტიკის. ვფიქრობ, ჟურნალისტი თვითონ უნდა იყოს ავტორი ფოტოებისაც. ჩემს დროს ასე იყო.

 

ჩემს ბავშვობში, გაზეთ  „New york times“-სა და “Life”-ში  ერთ ფოტოზე ეწყობოდა ერთი ნომერი. ამ გაზეთების ფოტოგრაფები მაშინ პოპულარობით  პრეზიდენტსაც კი უსწრებდნენ.

 

ჯერ კიდევ მეშვიდე-მერვე კლასში ვიყავი,,,სოფლის ცხოვრების“შტატგარეშე კორესპონდენტი. მაშინ გამოდიოდა გაზეთები: „კომუნისტი“, „ლელო“ და სხვა. ვაგზავნიდი ხოლმე ამ გაზეთებში  ტექსტებს და იბეჭდებოდა. წარმოიდგინეთ, რა სიხარული იყო ეს პატარა ბიჭისთვის. ახლა რომ ვფიქრობ, მართლაც ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა.

 

ჟურნალისტის პროფესია ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენი და რედაქციის რწმენა და აზრი ერთმანეთს ემთხვევა. ჩემ შემთხვევაში ასე იყო.

 

მე ჩემი სინდისის წინაშე არასოდეს დამჭირვებია კომპრომისზე წასვლა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ფოტოგრაფია უფრო დასამახსოვრებელია. პუბლიცისტიკაში მიღებული მაქვს „ოქროს ფრთა“, მაგრამ ის არავის ახსოვს, ფოტოები კი ყველამ იცის. როგორც ჩანს , ადამიანებს ვიზუალური მახსოვრობა უკეთ გვაქვს განვითარებული.“

 

დაახასიათებდით საკუთარი თავი

 

რთულია დაახასიათო საკუთარი თავი, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ. დაბადების დღე   ფეისბუქის გვერდზე 24 900-მა ადამიანმა მომილოცა. ალბათ ერთადერთია ჩემი გვერდი, სადაც უარყოფით კომენტარებს არ წერენ. არ ვარ შურიანი, უსასყიდლოდ ვემსახურები ადამიანებს.ყველაზე მთავარი კი ჩემთვის ქვეყნის, საქართველოს პოპულარიზაციაა.ბევრი მეგობარი მყავს სხვადასხვა სოციალური წრიდან, მათ შორის არიან სასულიერო პირებიც.

 

ვცდილობ, ყველა ადამიანს საუკეთესო თვალით შევხედო. ჩემს საყვარელ მწერალს ნოდარ დუმბაძეს აქვს ასეთი სიტყვები:„ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში მზირო, ან - მოშალო... მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო, საიდანაც ლამაზია.ვცდილობ, მეც ამ პრინციპით ვიცხოვრო.

 

ჩემი შთაგონების წყარო სილამაზეა. იყო პერიოდი, როცა სოციალურ თემებზე ვმუშაობდი. დღეს კი,  გაჭირვებული  მდგომარეობის ფონზე, გადავწყვირე, შევწყვიტო ადამიანებისთვის მხოლოდ ცუდის ჩვენება და შევქმნა განწყობა, ზეიმი, მზე ვაჩვენო. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ცხოვრება არც ისე ცუდია, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.

 

პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამჩემი სიმპატიები მაქვს. როგორც ყველა, ვცდილობ მეც, დაჩაგრულის მხარეს ვიყო.

 

ამ ბოლო დროს ყველაფერში სილამაზეს ვეძებ. სხვა თუ არაფერი, მინდა ხალხს ჩემი ნამუშევრებიდან ამაღლებული განწყობა  დარჩეს. ამ დილით აქვე ჩემს უბანში ვსეირნობდი. 100-ზე მეტი ქვეყანა მაქვს ნანახი და აღმოვაჩინე, რომ საქართველო კი არა, ჩემი სოლოლაკიც არ მინახავს ბოლომდე. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ მარტო ინგოროყვას ქუჩაზე რამდენი სილამაზეა. ადამიანს უბრალოდ უნდა შეგეძლოს, - თვალები ფართოდ გაახილო  და დაინახო ეს სილამაზე ჩვენს გარშემო.

 

უამრავ ქვეყნაში ვარ ნამყოფი. 1998-2002 წლებში ვმუშაობდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ვიყავი აკრედიტებული ჟურნალისტი.  ძალიან მომწონს შვეიცარია, მომწონს საფრანგეთში სტრასბურგის მხარეც, სადაც მეღვინეობა უმაღლეს დონეზეა განვითარებული.

ევროპაში ჩემთვის ყველაზე ლამაზი ქალაქი ბრიუკეა (ბელგია), რომელიც შოკოლადის სამეფოდ ითვლება, მაგრამ მე აზია უფრო მიზიდავს: ნეპალი, კორეა, ვიეტნამი, ინდოეთი, ტაილანდი...

 

ერთხანს მთავრობის მიწვევით ჩინეთში, „კატარის რესპუბლიკაში“  გახლდით ჩასული. ეს არის ყველაზე მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ორ ერთნაირ სახლს ვერ ნახავ.

ნეპალში ვიყავი ერთადერთი ქართველი, რომელმაც იფრინა ჰიმალაის თავზე. ეს იყო სპეციალური ტური, რომლის დროსაც  ორი  საათი ვიფრინე. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი წამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ ნეპალში მოხდა საშინელი მიწისძვრა და უამრავი ადამიანი დაიღუპა.

 

ჩემი თვალით დანახული საქართველო ულამაზესია.

აქ ყველა მხარეს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ განსაკუთრებით თუშეთი მიყვარს. ერთმა ჩემმა სვანმა მეგობარმა გაკვირვებულმა მკითხა: „კი, მაგრამ  ნუთუ თუშეთი სვანეთზე ლამაზიაო?“ მეორე მეგობარმა უპასუხა: „სვანეთი გაბრაზებულ სვანს ჰგავს, ხოლო თუშეთი, მონიკა ბელუჩივით ლამაზიაო.“

 

პირველი ალბომი

 

თურქეთში  4 წელი მვუშაობდი დიპლომატიურ სამსახურში. ძალიან საინტერესო ქვეყანაა (განსაკ. ეგეოსის ზღვა).   ბევრი ფოტო დამიგროვდა და დავიწყე ფიქრი ალბომის გაკეთებაზე. მერე  ჩემმა მეგობარმა-სერგო ედიშელაშვილმა, რომელიც ასევე ავტორი და გამომცემელია ამ წიგნებისა, შემომთავაზა მისი გაკეთება.  2003 წელს  გამოვიდა ჩემი პირველი  ალბომი და მას სახელმწიფო პრემია ხვდა წილად.

 

საინტერესო ის იყო, რომ  ამ წიგნმა სამი პრეზიდენტის ხელში გაიარა: შევარდნაძის დროს ჩააბარეს, ბუჯანაძემ მოაწერა ხელი (მაშინ ნინო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო) და სააკაშვილმა გადმომცა წიგნი.

 

დღეისათვის, როცა ჩვენი დელეგატები მიდიან ხოლმე საზღვარგარეთ,  სწორედ ჩემი ალბომებით აცნობენ იქაურ ხალხს ჩვენს ქვეყანას.

მე უზომოდ მიყვარს საქართველო და ჩემი ცხოვრების მიზანია, რომ ქართველს შევაყვარო ის და თბილისელებს შევაყვარო თბილისი. ეტყობა, გამომდის კიდეც, რადგან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ხშირად მწერენ: „ბატონო ბადრი, თქვენ ხართ სინათლე ჩვენი შავბნელი ემიგრანტული ცხოვრებისა“. ვცდილობ, იმედი არ გავუცრუო ამ ადამიანებს.

 

შემოქმედების პროცესში ყოველთვის კარგ განწყობაზე ვარ. ძალიან მიყვარს სილამაზე. ცხოვრება  ხომ დეტალებისგან შედგება. ყველაზე დიდი ნეტარებაა, როცა გადმოხედავ შენს ქვეყანას მთის წვერიდან და სიყვარულით ივსები, გიხარია, რომ ეს შენი ქვეყანაა. ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვაქვს ცხოვრებაში, რომელიც უფალმა მოგვიჩინა და თუ ყველა თავის საქმეს აკეთებს, ქვეყანაც აშენდება.

 

მიმოიხედეთ ირგვლივ, რამდენი სილამაზეა, დააკვირდით თითოეულ დეტალს. სიცოცხლე ხომ ხილული სასწაულია!  უბრალოდ, ყველა ვერ ხედავს ამ მშვენიერებას. როცა ქუჩაში მივდივარ, მეკითხებიან ხოლმე  ჩემი მეგობრები: “ შენ რატომ ხედავ განსხვავებულად და ჩვენ ვერაო?!“ არ ვიცი, ალბათ ესეც ნიჭია, ღვთისაგან ბოძებული, დაინახო ის, რასაც სხვა ვერ ხედავს.

 

რას ნიშნავს თქვენთვის ხელოვნება?

 

ხელოვნება? ყველაფერი შეიძლება ხელოვნების დონეზე აიყვანო, თუმცა ჩემი აზრით, ხელოვნება უდიდესი პროფესიონალიზმია ნებისმიერ საქმეში, რასაც აკეთებ.

 

გაგეცინებათ და 70-იან  წლებში ავტომობილის საბურავების გამოსაცვლელად ვულკანიზაისთან მივედი. იქ ერთი ბიჭი მუშაობდა. ვირტუოზი იყო და ისე პროფესიონალურად ატრიალებდა საბურავებს, რომ ხელოვნების დონეზეც კი აჰყავდა ეს საქმიანობა.

 

ფოტოგრაფია ჰობია ჩემთვის, მაგრამ პროფესიულ დონეზე აყვანილი.

ძალიან შრომისმოყვარე არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და აღმოჩნდა, რომ ხალხს ეს მოსწონს.

 

თვენი ცხოვრების დევიზი

 

ჩემი ცხოვრების დევიზია : „არასოდეს გაუკეთო სხვა ის, რაც შენ არ გინდა, რომ გაგიკეთონ“. და ეცადე 10 მცნებიდან 8 მაინც დაიცვა. მე ამას ვცდილობ.

 

ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით:  2007 წელს პატრიარქის აღსაყდრების თარიღი იყო. მე და ჩემი მეგობარი  ოთარ მალანია გახლდით მასთან და უწმინდესმა საზღვარგარეთ მოგზაურობის კურთხევა მოგვცა. გადავწყვიტეთ, გადაგვეღო ქართული კულტურის ძეგლები და გამოვეცა წიგნათ, რომელსაც შემდეგ „ქართული სული“ დაერქვა.  ამ წიგნში შედიოდა : ტაო-კლარჯეთი, ეგვიპტე, სინას მთა,ირანი, იერუსალიმი და ჰერეთი.  აღსაყდრების თარიღამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. ორი თვის განმავლობაში მოვიარეთ ეს ადგილები. როდესაც ეგვიპტეში ჩავედით მე და პაატა ნაცვლიშვილი, ეკატერინეს ტაძარში  დიდი ხელნაწერთა საცავია, სადაც ახალი აღმოჩენილი იყო ქართული წარწერები. ხალხი რიგში იდგა, რომ ამ საცავში შესულიყვნენ და  ჩვენი პატრიარქის კურთხევით იქაურმა მღვდელმა თვითონ გამოგვიტანა ეს წარწერები და ფოტოების გადაღების უფლება მოგვცა.

 

ამ მოგზაურობის დროს  კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა: სინას მთაზე ღამის თერთეტ საათზე  იწყება ფეხით სვლა.  ეკატერინეს ტაძრამდე 7, 5 კილომეტრია მანძილი და 740 საფეხური. წესის მიხედვით, იქ უნდა შეხვდე განთიადს.  სად არ ვყოფილვარ, მაგრამ მსგავსი სილამაზის ნათება არასოდეს მინახავს. უკან რომ ვბრუნდებოდით, წამოვედით სხვა გზით, საიდანაც პირდაპირ ჩამოდიხარ, მაგრამ აქ უკვე 3400 საფეხურია სავალი.უცებ, მივხვდი, რომ ვკვდები, ვეღარ ვმოძრაობ. როგორც იქნა, ჩამოვედი ეკატერინეს  ტაძრამდე და თითქოს, მომეშვა, მეორე სუნთქვა გამეხსნა და მივხვდი, რომ თავიდან შემეძლო ამ კიბეების ავლა. ეს უდიდესი მადლი იყო ჩემთვის.

 

სამომავლო გეგმები

 

ძალიან მინდა გამოვცე წიგნი „სამყარო ბადრი ბადაჭკორიას თვალით“. ამჟამად ვარ 16 საავტორო წიგნის ავტორი, 12 წიგნი გამოვეცი ერთ-ერთ გამომცემლობასთან ერთად და  კრებული ხომ, უამრავი მაქვს...

 

დამწყებ ფოტოგრაფებს ვურჩევ, გადაიღონ ბევრი, გაახილონ თვალები ფართოდ და დაინახონ ის, რასაც სხვა ვერ ხედავს.  მუდამ გახსოვდეთ, რომ რომვერასდროს შეცვლის კამერა კამერის უკან მდგომს.

 

,,ჯორჯიან თაიმსი“ ნიჭიერ ხელოვანსა და საინტერესო რესპოდენტს, - ბადრი ვადაჭკორიას წარმატებებს უსურვებს!

 

 

/ნათია ღამბაშიძე/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ