14:51 24.07.2017
ბურნუთა, მაყვალა, ბოლოკა, აკიმი, ჩიორა და სხვანი - როგორ გამოიყურებიან ცნობილი კინოგმირები დღეს

ბევრი მათგანი სრულიად შემთხვევით მოხვდა გადასაღებ მოედანზე და მათი მომავალი ბევრად განსაზღვრა მათმა პირველმა როლმა, ისინი პროფესიონალ მსახიობებად ჩამოყალიბდნენ, თუმცა ზოგოერთმა სამსახიობო კარიერა სულაც არ აირჩია. ისინი იმით გამოირჩევიან, რომ მაყურებელს დღემდე იმ ერთი გმირის სახელით ახსოვს. ბურნუთა, მაყვალა, ბოლოკა, აკიმი, ჩიორა და სხვანი.


აკიმი - 
ჯაბა წულაძე 6 წლის იყო "არაჩვეულებრივ გამოფენაში" რომ გადაიღეს. დღემდე ყველა ცელქ ბავშვს მისი პერსონაჟის სახელს უწოდებენ. დღეს ჯაბა წულაძე 53 წლის გახლავთ. 

ბურნუთა - ეს როლი ვახტანგ ფანჩულიძემ 35 წლის წინ ითამაშა მიშა ჭიაურელი უმცროსისა და გიორგი შენგელაიას ფილმში "სიყვარული ყველას უნდა". მას შემდეგ მას ყველა, ნაცნობი, თუ შემთხვევითი გამვლელი ბურნუთას უძახის, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გმირი განუსახიერებია კინოში. ბატონი ვახტანგი პროფესიით მსახიობია. თუმცა, ბედის უკუღმართობის გამო, რამდენიმე წელია ვარკეთილის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სანტექნიკის მაღაზიაში საქმიანობს.



პატარა აბელი
 -იმის გამო, რომ დავით ქემხაძემ ფილმ მომანიებაში", ვარლამ არავიძის შვილის, აბელის ბავშვობა განასახიერა, დავითის მამა თურმე უშიშროებაში დაუბარებიათ ახსნა-განმარტების მისაცემად და დაკითხვებზეც კარგა ხანს უტარებიათ. ფილმის გამოსვლის შემდეგ დავითი დიდხანს ოცნებობდა მსახიობობაზე, თუმცა პორფესიის არჩევის დრო რომ დაუდგა, რატომღაც მაღალმოლეკულური ქიმია აირჩია მოღვაწეობის გასაგრძელებლად. დღეს იგი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელია.



ჩიორა - არ როლის შემსრულებლის მაძიებლებს, გოჩა აფციაური ქუჩაში გაუჩერებიათ და ქასთინგზე მიუწვევიათ. მაშინ იგი 20 წლის იყო და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი გახლდათ. ჩიორას" შემდეგ, კიდევ მიიწვიეს გოჩა აფციაური სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფილმში, მაგრამ უარი განაცხადა. ამბობს, ჩიორა მე მგავს და სულაც არ მითამაშია, თორემ მე მსახიობი არ ვარო. ალბათ განტერესებთ, როგორ წარიმართა მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც იგი მაყურებელთა თვალთახედვიდან გაქრა, _ დაოჯახდა... აფხაზეთის ომის დროს ტყვეობაში მყოფი, რამდენიმე ათეული დღის შემდეგ გადაცვალეს აფხაზ ტყვეში. დღეს იგი მშობლიურ მანგლისში ცხოვრობს და ალგეთის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსად მუშაობს. ამჟამად 52 წლის გახლავთ
 



აგნესა - მას თემურ ბაბლუანის ფილმში უძინართა მზე" ეკა საათაშვილი განასახიერებს. თავდაპირველად იგი ამ ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდური როლის ქასთინგზე დაიბარეს, მაგრამ რეჟისორმა რომ ნახა, მიიჩნია რომ ეკა ძალიან ჰგავდა დედის როლის შემსრულებელ ლია ბაბლუანს. სწორედ ამიტომ ეკა აგნესას როლზე დაამტკიცეს. დღეს ეკა საათაშვილი წარმატებული ჟურნალისტია.


ბოლოკა - ამ როლის შემსრულებელი გოჩა ლომია, ღიმილის ბიჭებს" შორის ყველაზე უმცროსი გახლდათ. თურმე ამ როლზე თავდაპირველად თაზო თოლორაია მოიაზრებოდა, თუმცა როგორც ბატონი გოჩა ამბობს, ამ გადაწყვეტილების შეცვლაში, მის ცხვირს უთამაშია მნიშვნელოვანი როლი. ცხონებულ თაზოს ცხვირსა და ჩემს ცხვირს შორის ის განსხვავება იყო, რომ ჩემი ცხვირი აშკარად მოგაგონებდათ ბოლოკს, თაზოსი - არა", ღიმილით ამბობს იგი. მომავალში გოჩა ლომიამ იურიდიული განათლება მიიღო და ამ გადაწყვეტილებას დღეს იგი თავის ერთ-ერთ დიდ შეცდომად მიიჩნევს. ამჟამად იგი სენაკში ცხოვრობს.


დათო ფილმიდან "უძინართა მზე" დათო კაზიშვილი მსახიობი არ არის, თუმცა იმდენად კარგად განასახიერა თავისი სეხნია, რომ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა. ბოლო დროს, სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი დაინტერესდა, თუ სად არის და რას საქმიანობს. ამ ადამიანზე არაერთი ჭორიც დაიწერა. მაგალითად, ვიღაც ამტკიცებდა, - საზღვარგარეთ ცხოვრობსო, სხვამ დაწერა: გარდაიცვალაო. რეალურად, დათო საქართველოშია და სვეტიცხოველში მსახურობს.
მონასტერში ცხოვრებამ მომიყვანა. ადამიანებთან ურთიერთობებმა გადამაწყვეტინა, ღმერთის გზაზე დავმდგარიყავი. მონასტერში ვცხოვრობ. მორჩილი ვარ. აქ ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს, მე მესანთლე ვარ ანუ სანთლებს ვქნი" - ამბობს დათო კაზიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

 

 

 

 

 





ავტორ(ებ)ი : kvirispalitra.ge