19:41 27.07.2017
,,აბა ფეისბუქში მნახე, - ვინა ვარ!.." - თამუნა დუღაშვილის ბლოგი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ადრე ,,ოდნაკლასნიკები" იყო. თუმცა, იქ ასე თამამები ვერ ვიყავით: საიტზე ვიზიტორები ფიქსირდებოდა და თუ ჩვენი ახლობლის გოგო, მეორე ახლობლის ბიჭს მოსწონდა, მის გვერდზე ასე თამამად ვერ შევიდოდით და პოტენციური სასიძოს ფოტოებს, სამეგობროსა და ინტერესის სფროს ვერ შევისწავლიდით.

 

 

ცუკენბერგმა პრობლემა მარტივად მოაგვარა და შექმნა სოციალური ქსელი, სადაც, ეს უკვე მარტივად შესაძლებელია, თუ, რა თქმა უნდა, ბიჭს, რომელსაც ჩვენი ახლობლის გოგო მოსწონს, პროფილი არ ჩაუკეტავს.

 

 

,,ის უფასოა და ყოველთვის ასე იქნება“ - გვეუბნება ფეისბუქის  საწყისი გვერდი და  ამ ვირტუალური სოციუმის დიდი ოჯახის წევრობის  სატყუარაში მარტივად გვიტყუებს.


 

გავხდებით თუ არა მსოფლიო ვირტუალური სამყაროს მოზიარე, ჩვენში მაშინვე იღვიძებს  საკუთარი ,,მეს“ ყველაზე კარგად, ან  უმეტესად, - შექმნილი იმიჯით წარმოჩენის ინსტიქტი. ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, დღე, ადგილი, მილოცვა, გრძნობა, - მოკლედ, ყველაფერი, - რაც ჩვენს თავს ხდება, - უკვე ფეისბუქიშიც ხდება.


 

ცუკენბერგი კი, სწორედ იმ ადამიანური    სისუსტეებიდან გამოდის, რაც, ყველაზე მეტად გვინდა, რომ გვკითხონ: ,,რას ფიქრობ?“ - გვეკითხება ის გამუდმებით და ჩვენც ვწერთ, რასაც ვფიქრობთ, ან რასაც გვინდა, რომ ვფიქრობდეთ, იმისათვის, რომ ფეისბუქ აუდიტორიაში პოპულარულები ვიყოთ. სხვების დასანახად, ბევრი ,,ლაიქი“, კომენტარი და კომენტარის კომენტარი დაიმსახუროს ჩვენმა ნაფიქრალმა... 



ფეისბუქში ჭამა, სმა, ლოცვა, ჭკუის დამრიგებლური, მოწოდებითი, დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი სტატუსები, შეგონებები, ლანძღვა, ჩხუბი, პასუხები, პასუხის პასუხები, პასუხის პასუხის პასხუხები, - სწორედ რომ ქართული ხასიათისთვისაა მორგებული!



კიდევ ერთი ვიტრუალური ქცევა  - ,,ფეისბუქ აღზევება“, ან ,,ფეისბუქ ჩაქოლვა“ არსებობს. მაგრამ,  ამასაც დამსახურება უნდა. ეს უკანასკნელი  იაფფასიანი მანიპულაციით მიიღწევა და ამისთვის ცოტა სითამამე და ერთი საცვლიანი ფოტოა საკმარისი. ჩვენ ხომ ორ ძირითად  უკიდურესობაში ვხედავთ ერთმანეთს, - გაღმერთება, ან - ჩაქოლვა, - ორი განაჩენი გამოგვაქვს მხოლოდ.  ასე, მარტივად, თუკი საკუთარი პროფილით გვეძნელება, შექმნილი გვერდით შეგვიძლია დავაფიქსიროთ, - რასაც ვფიქრობთ, ან სრულიად ფეისბუქ საზოგადოება რასაც დაეთანხმებოდა და ასე, საკუთარი ეგოს ვირტუალრი თვითკმაყოფილებით,  ვიბედნიეროთ...


 

,,აბა ფესიბუქში მნახე ვინა ვარ!...“

 

ვინ ვართ და მაგარი ტიპები ვართ, - ბევრი მეგობრით, მოწონებით, კომენტარით. ჩვენი ,,სიმართლით“... 

 

და ბოლოს,  თუკი საკუთარი პატივმოყვარეობა, შინაგანი ,,მე“ და თვითშეფასების მაჩვენებელი დაკმაყოფილებულია და ყველაზე მაღალ ნიშნულამდეა, მაშინ გავიხაროთ, - ვირტუალური ბედნიერებაც ხომ ბედნიერებაა!... და თუ მაინც, ვერ ვგრძნობთ, არაუშავს, ჩვენი მეგობრები და მეზობელი ვოლიდან გადმოპარული მეგობრის მეგობრები მაინც ხომ იფიქრებენ, - რა ბედნიერიაო!

 

 

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge