20:15 30.11.2019
"ბიზნეს რეიტინგის სათავეებთან ნოდარ ხადურიც იდგა, დღეს მასზე სამწუხაროდ, უკვე წარსულში ვსაუბრობთ“

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა.

 

 ღონისძიებაზე ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი ნოდარ ხადური გაიხსენეს.

 

„ბიზნესისა და პოლიტიკის კრიტიკა კარგა ხანია მოდურად იქცა, მაგრამ ეს კრიტიკა სასურველია ჯანსაღი და სიკეთის მომტანიც იყოს. ძალიან ხშირად კი პირიქით ხდება, ხოლო ვისზეც ახლა უნდა მოგითხროთ, თავად უზომოდ კეთილი, იუმორით სავსე, მუდამ მომღიმარი, უაღრესად მშრომელი და შინაგანად წესიერი, კარგი ადამიანი იყო ...


* ჯერ კიდევ შორეულ 95-ში უშუქობასა და სიცივეში, ჯორჯიან თაიმსის ხელმძღვანელმა მალხაზ გულაშვილმა, ჩვენს რედაქციაში მომუშავე ეკონომიკური განყოფილების ჟურნალისტს თავისი იდეა გააცნო და უთხრა: - კარგი იქნება, თუ ამ მოსაწყენ დროში, გარშემო მიმოვიხედავთ და საქმიან ადამიანებს, მეწარმეებს და ბიზნესმენებს მოვიძიებთ, წარმოვაჩენთ, წავახალისებთ და ერთმანეთს დავაახლოვებთო.

* ასე ჩაეყარა საფუძველი, ჯერ კიდევ 95-ში ჩვენი ბიზნეს რეიტინგის იდეას.

* ახალგაზრდა ჟურნალისტმა, იმ შორეულ დროში 96-ში კარგა ხანი იარა ლამის მართლა ცხრაკლიტულში ჩაკეტილ სამინისტროებში, შესაბამის უწყებებში და ერთობლივი შრომის შედეგად და ბევრი ძიების შემდეგ საქართველოში პირველად შეირჩა იმ დროისათვის 11 საუკეთესო ბიზნესმენი კომპანია, რომლებიც იმხანად სწორედ აქ, სასტუმრო მეტეხში პირველად დაჯილდოვდნენ, თუმცა მაშინ გარემოც სხვა იყო და განწყობაც, ის პირველი დაჯილდოებაც ბევრად, ძალიან ბევრად მოკრძალებული ...

* ასე დაიწყო ჯორჯიან თაიმსის ბიზნეს რეიტინგი 95-ში და დღემდე გრძელდება.

* მისი საფუძვლის ჩაყრის სათავეებთან, ჩვენთან ერთად, ჩვენი რედაქციის ძალიან ახალგაზრდა ჟურნალისტი ნოდარ ხადური იდგა, დღეს მასზე სამწუხაროდ, უკვე წარსულში ვსაუბრობთ და გულიც გვტკივა ...

* ... და სწორედ ამიტომ, ნოდარს გადაეცემა ჩვენი ჯილდო და საპატიო სიგელი მოკლე წარწერით:


„ჯორჯიან თაიმსის ბიზნეს რეიტინგის სათავეებთან დგომისა და საფუძვლის ჩაყრისთვის.
სიყვარულით ჯორჯიან თაიმსი“. -
განაცხადა ნანა გაგუამ.

 

საპატიო ჯილდო და დიპლომი ღონისძიებაზე მის მეუღლეს ნინო ცირეკიძეს გადაეცა.

 

"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნეს რეიტინგის ორგანიზატორებს დღევანდელი დღისთვის. არაჩვეულებრივი საღამოა და მიხარია, რომ აქ ვარ,“ - განაცხადა ნინო ცირეკიძემ.

 

ჯილდოს გადაცემას ნოდარ ხადურის მეგობარი მიხეილ ჭკუასელი გამოეხმაურა:

 

„მე ვიცოდი იმ ჩანაფიქრის შესახებ, რასაც ორგანიზატორები აკეთებდნენ, ამიტომ, დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, რომ ჩვენთვის ძვირფას ადამიანს ვიხსენებთ. მე და ნოდარი ბავშვობის მეგობრები ვიყავით, პროფესიაც ერთად ავირჩიეთ, უნივერსიტეტშიც ერთად ვიყავით, ნოდარი ყველაფერში საუკეთესო იყო. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი“.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge