ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"რევოლუცია არ მოხდება. თუმცა, ხდება უარესი - როცა სიტყვები, მოვლენები, საგნები, აზრები, ადამიანები, მერე კი - ხალხები და ქვეყნებიც, და ა.შ. ბოლოს კი ყველაფერი, მთელი სამყარო - რეალურ შინაარსს კარგავს და როგორც ბერძენიშვილმა თქვა -"მეტაფორად" გამოიყურება.თანაც ისეთ "მეტაფორად", როცა შენს მაგივრად თურმე პოლიტიკური პარტიები წყვეტენ, რა უნდა იგულისხმო!
ჩემმა მეგობარმა პაატა ჩხეიძემ ზუსტად აღნიშნა - "მეტაფორა" რა შუაშია, როცა ლამის ყოველი სიტყვა ტრაგიკომიკური ოქსიმორონია და ერთდროულად ურთიერთსაპირისპირო შინაარსად აღიქმება;
პირველად იყო სიტყვა. სიტყვას თუ მნიშვნელობა და არსი დაეკარგა, მოხდა მისი გაუფასურება და უარესიც: "ოქსიმორონიზაცია", არა მხოლოდ სამშობლოს, არამედ ადამიანობასაც დავკარგავთ. ასეთ "ოქსიმორონიზაციას" ყოველდღე სულ უფრო მეტად ვხედავთ, რადგან რასაც უნდათ, როგორც უნდათ იმას და ისე უწოდებენ!
უკვე ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც, რაც ხდება, ის არ ჰქვია, რაც უნდა ერქვას და პირიქით. მაგალითად:
ჰქვია პარტია, არადა, არ არის;
ჰქვია "რევოლუცია", არადა, არ არის.
ჰქვია "გერმანული მოდელი", არადა, არ არის.
და ა.შ.
და პირიქითაც:
არის დანაშაული, მაგრამ ახლა "გამოხატვის თავისუფლება" ჰქვია, ადრე, როცა ხელისუფლებაში ეს "თავისუფლად გამომხატველნი" იყვნენ - უკუღმა, "კანონი და სამართალი" ერქვა;
არის სიგიჟე, მაგრამ მასაც შებრუნებით - "თავისუფლება" ჰქვია.
არის ღალატი, მაგრამ "პატრიოტიზმი" ჰქვია;
და ა.შ.
დამხობას ლამობენ, მაგრამ არა მხოლოდ ხელისუფლების დამხობას, არამედ სიტყვის, მაშასადამე - ყოველივეს დამხობას!
დამხობას როცა ლამობენ, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს და ძირშივე აღკვეთოს. თორემ უეჭველად ამას მივიღებთ:
ხელისუფლება ჰქვია, არადა, არ არის!"- წერს დავით ზარდიაშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge