დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"იქ, სადაც, სამშობლოს დასჭირდება, აუცილებლად ამოვიღებ ხმას და კრემლის ოთხი „ტროლი“ და ხუთი „ტროლადშობილი“ ვერ შემაშინებს" 16.12.2019 12:26

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის „ფეისბუქზე“ დაწერილ პოსტებს ეხმაურება.

 

„მეგობრებო! გუშინ ოძისში, ჟურნალისტები მეორე კითხვად აუცილებლად მაგებებდნენ: ვიღაც გლანძღავდა და რას იტყვითო. მლანძღველი იგივე აღმოჩნდა, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილს უწუნებდა საქციელს. მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვუპასუხე და იმ კაცზე ლაპარაკს არც ახლა ვაპირებ.


სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ: რასაც ვაკვირდები, მეგობრების თუ ნაცნობების შეშფოთება და შიში, ვინც მართლა იმ საქართველოსთვის იბრძვის, ილიას და ვაჟას რომ სურდათ, სულ ერთგვარია: ვაიმე, იმან ნახე რა დაწერა? ის საშიში კაცია!


ეს არის ყველაზე ცრუ და მავნებელი შფოთვა, რომელიც შეიძლება ვიღაცას შეშინებულთა შორის, სამწუხაროდ, რაღაცნაირად აწყობდეს კიდეც წამოსატირებლად - „ბნელებს მიაქვთ ეს ქვეყანა“ და ვინ ბნელებს? იმ თხუთმეტ ადამიანს, ვინც ერთმანეთის შესაგულიანებლად საბჭოთა კავშირზე ბალადებს მღერიან და არსენალში ფსკერზე მოლივლივე სიტყვები აქვთ? ეს შიში, პირველ ყოვლის, იმ დიდ, ჩრდილოელ მეზობელს აწყობს, ამ გონებადაბინდული ხალხის უკან რომ ჩასაფრებულა. სულ ასე თამაშობდა - კი, თქვენ მართლები და ჭკვიანები ხართ, მაგრამ ჩვენ ვართ ბევრი!


არ ხართ! ძალიან, ძალიან ცოტა ხართ!


მე და ჩემი გუნდი კვირაში ხუთ სოფელს მაინც ვსტუმრობთ და იქ დიდი სიყვარულით მართლა ბევრი ხალხი გვხვდება, მშრომელი ხალხი სულ სხვა განცდით. ყოველდღე ასობით მოსწავლე მწერს ბიბლიოთეკის მოწყობის თხოვნით. უამრავი ახალგაზრდა იდგა გუშინ ოძისის აქციაზე და მინდა ზუსტად იცოდეთ, რომ ბევრი ვართ აქეთ! და კიდევ უფრო მეტი ვიქნებით! აქეთ ანუ იმ საქართველოს მხარეს, რომელსაც კრემლისთვის ზურგი აქვს შექცეული და იმ მომავლისკენ იყურება, სადაც ძლიერი, დასავლური, თავისუფალი ქვეყანა მოჩანს. იყურება და შრომობს. ისინი ჩვენს გვერდით დგანან ან უფრო ზუსტად - ჩვენ ვდგავარ მათ გვერდით.


ეს ქვეყანა ძალიან ძველია. ძველი და პატარა. და ის, რომ ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან თანხმდება, ნიშნავს რომ გადავრჩით და გადავრჩით ასე - სწორი გზით მავლები მაინც მეტი აღმოვჩნდებოდით ხოლმე.


არავითარი პოლიტიკური განზრახულობა მე არ მაქვს და არც მექნება, უზუსტესად ვიცი. ვერც ის არგუმენტი რომ „ხალხს ვუყვარვარ“ გამოდგება ამის საცდური. შეიძლება ეს საქმე ვინმეზე უკეთ გამომივიდეს კიდეც, მაგრამ სხვაგან გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს - წერა, წიგნები, კინო, ბიბლიოთეკა, სოფლებში ხეტიალი მომწონს. ვმუშაობ და ვიმუშავებ ისევ დილის ექვსიდან შუაღამემდე, რუტინულად და ჩუმად, მაგრამ იქ, სადაც, სამშობლოს დასჭირდება, აუცილებლად ამოვიღებ ხმას და ოთხი კრემლის „ტროლი“ და ხუთი „ტროლადშობილი“ ვერ შემაშინებს. მეტიც, მე მათთვისაც ვიმუშავებ და აგერ, დღეს სიტყვამ მოიტანა, თორემ არასდროს დავთვლი და მით უფრო არ გავრიყავ - ვეცდები ხელი გავუწოდო და ვუთხრა: ფრთხილად, მეგობარო, იქით - ორჯონიკიძეა, აქეთ - ჭავჭავაძე. კარგ კვირას გისურვებთ“, - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ