დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ხელისუფლებას ებრძვით თუ საზოგადოებას? ოცნებისა და მისი ოპონენტების პოლიტიკურ დაპირისპირებას უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა?" 20.12.2019 13:47

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"მთელი დღეა ვკითხულობ ამ საგიჟეთს. ზიზღი, სიძულვილი, თვალთმაქცობა პიკს აღწევს.


ჩემი წინა პოსტი არ მოეწონა ბევრს. კინაღამ შემჭამეს. არადა. ცოტა ხანს დადუმდით მეთქი. მართლაც რომ დუმილი სჯობდა იმ ყველაფერს, რაც ამ ორ დღეში ხდებოდა. ბევრი კომენტარის დაწერა მომიწია.


კომენტარებში, გუშინ, გუშინწინ, ბევრ საკითხზე გავაკეთე აქცენტი. ერთ-ერთია სუიციდის არასწორი გაშუქება მედიაში და დისკუსიები სოცქსელში.


მედია პირდაპირ არღვევს ჟურნალისტურ ქარტიას. არავის არაფერი ესმის.


სუიციდის კიდევ ერთი მსხვერპლი... სინდისი ალბათ არავის ქეჯნის?!


იქნებ ჯერ ინტერნეტში მოვქექოთ მსგავს ტრაგიკულ სიტუაციებში როგორ იქცევა საზოგადოება სხვა ქვეყნებში და შემდეგ გავაკეთოთ კომენტარები ან დავგეგმოთ სხვა ქმედებები, პერფომანსები?!


ნუთუ ანა-ბანაა და ახსნა სჭირდება, რომ სუიციდური შემთხვევებისას, მით უმეტეს როცა პირდაპირ უცქერით ბავშვების ემოციებს, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო?!


ნუთუ ახსნა უნდა სჭირდებოდეს იმას, რომ ჯერ გარდაცვლილის ოჯახის და ბავშვების (კლასელების, სკოლელების) მდგომარეობაზე უნდა ვიზრუნოთ, სიტუაციის კონტროლზე აყვანამდე?!


ნუთუ ახსნა სჭირდება რომ სკოლის შესასვლელზე საღებავებით არ უნდა დავაწეროთ ძალადობის შემცველი სიტყვები?!


ნუთუ რაიმეთი მართლდება ის წარწერები, რასაც ყველგან აწერთ და არ იცით რა შეიძლება მოჰყვეს?!


ხელისუფლებას ებრძვით თუ საზოგადოებას?


ოცნების და მისი ოპონენტების პოლიტიკურ დაპირისპირებას უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა? ნუთუ გგონიათ, რომ პოლიტიკური მიზნები ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას?!


იფიქრეთ ქვეყანაზე, პრობლემებზე. ერთად დასხედით და იმუშავეთ. ამისათვის გიხდით საფასურს მმართველ პარტიასაც, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასაც.


იფიქრეთ სკოლების პრობლემებზე. ბოლო-ბოლო გაიგეთ, რომ სკოლის დირექციის, პედაგოგების პროფესიონალიზმი, ავტორიტეტი და პასუხისმგებლობაა ასამაღლებელი. გგონიათ მანდატურები მოაგვარებს ყველა პრობლემას?


ცალკე დიდი პრობლემაა ბავშვთა აუცილებელი, სავალდებულო ყოველწლიური დისპანსერიზაცია, მათი ჯანმრთელობის, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი.


სკოლას თუ პოლიციის დახმარება სჭირდება, ე.ი. სკოლაში, ოჯახში პრობლემებია. ან რის გამო ვიძახებთ პოლიციას? ისეთი სიგიჟეები გვიკეთებია, ვერ ვიხსენებ სკოლას გასცდენოდა. სკოლის მიერ მაშინდელი მილიციის გამოძახება სკოლის ჩავარდნად ითვლებოდა.


ახლა გაიძახით სისტემა უნდა დაინგრესო. თან ხშირ-ხშირად გაიძახით "საბჭოურს". მარტივია ამ სიტყვით სპეკულირება. იარლიყადაც კარგად ეწებება. არასრულწლოვნებთან მუშაობის საბჭოური სისტემა დიდი ხანია დაანგრიეთ და უკეთესი ვერ შეჰქმენით. რას ანგრევთ ვერ გამიგია. თუ გგონიათ დაკითხვებისას მსგავსი დარღვევები სხვაგან არ ხდება?


პოლიციაში გავაუქმეთ ბავშვთა ოთახები, საბჭოური გადმონაშთი გვეგონა. არადა ამერიკაში დღესაც მოქმედებს. თუ არ ვცდები რუსეთმა ზუსტად ამერიკიდან გადმოაკოპირა.


მოქმედებს არა მხოლოდ ბავშვთა ოთახები, არამედ ბავშვთა სასამართლოები. გაუქმება კი არ იყო საჭირო, გაუმჯობესება ესაჭიროებოდა.


ჩვენ დავანგრიეთ, რეფორმირების ნაცვლად, ახლა გვიკვირს რატომ იკითხება ერთ სივრცეში არასრულწლოვანი და ზრდასრული, რატომ ესაუბრება ბავშვს ჩვეულებრივი გამომძიებელი და არა სპეციალური ოფიცერი?


თან, ვინც მოშალა, ის აპროტესტებს. ბნელა? მოქმედ ხელისუფლებას კი 7 წელი ჰქონდა რეფორმებისთვის.


დავწერე შარშან. მოშლილი და აღრეული იყო საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობა. დაიწყო რეფორმები, მოხდა საგამძიებო ფუნქციების გამიჯვნა, შეიქმნა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, მაგრამ ეს ტემპები გასაათმაგებელია.


სხვათაშორის, ამერიკულ სკოლებში ბავშვებისთვის ისეთი სასჯელები გამოაქვთ, მათ შორის შრომის მისჯა, მიმიქარავს საბჭოეთი. ამიტომ, კარგად გაერკვიეთ და ისე გაატარეთ ახალი რეფორმები.


არასრულწლოვანთა დარღვევები ცალკე აღირიცხება, ვიმეორებ, ე.წ. ბავშვთა ოთახებში. როცა ბავშვი სრულწლოვან ასაკს აღწევს, მისი ისტორია იყინება, მისი საქმე გადადის არქივში, ხოლო ყველა დარღვევა თუ დანაშაული უნულდება. ასე არ იყო სსრკ-ს დროს. არც ახლა გვაქვს.


წინა შემთხვევების დროს, მახსოვს, დირექტორების გადადგომას ითხოვდნენ. დღეს, რატომღაც, ყველას პოლიტიკური მოთხოვნები აქვს, სკოლას არ ეხებიან.


სხვა დეტალებში არ შევალ. ჩადით ამერიკაში, სკანდინავიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში და გადმოიღეთ ყველაფერი საუკეთესო. გაგზავნეთ 4-5 კაციანი ჯგუფები. აქ ენჯეოებს და სხვა სპეციალისტებს რომ დაუძახეთ კომისიაში, თუ ვინმე რაიმეს დამწერი იყო, აქამდე დაწერდა.


ვისაც არ მოგეწონებათ ეს პოსტი:

1. კარგად გაითავისეთ, რაც ახლა ხდება, არაა მხოლოდ თქვენი საქმე და ჩემს საახლობლოსაც აზიანებს;

2. უხმოდ გაიხურეთ კარი.


ვისაც ჯანსაღი დისკუსია სურს პრობლემების მოგვარებაზე, ვისაუბროთ. თუ ვინმეს შეუძლია უცხოურ ან საკუთარ გამოცდილებაზე, იდეებზე ისაუბროს, ასევე სიამოვნებით ვიმსჯელებ თქვენთან.


დასასრულს, ერთ პოსტს წავაწყდი, ავტორმა აქაური სიტუაცია სირიას შეადარა. ეტყობა მიწასთან გასწორებული სირიის ფოტოები არ აქვს ნანახი...


მოკლედ, ისევ იმ აზრზე ვარ, კარგი იქნებოდა რამდენიმე დღე დუმილის შენარჩუნება. ჰო, გადახედეთ ჩემს წინა პოსტს, ჩემი არა, ჟურნალისტური ქარტიის მოთხოვნები დავდე და იქნებ წაიკითხოთ, 3-4 წუთს დახარჯავთ..." - წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ