ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"არ წააგო, არ წააგო ეს წალკოტი! -
დამიხსომე, ასი წლის წინ გეძახოდი!"
არსებული ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემები, დამოუკიდებლობის მოპოვების და სსრკ-ის დაშლის შემდეგ არ დაწყებულა. ეს პრობლემები რომლის სავალალო შედეგსაც დღეს ვიმკით, გაცილებით ადრე დაიწყო ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში. თუმცა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში წუხდა დიდი ქართველი პოეტი, პატრიოტი და გენია ვაჟა ფშაველა თავის ალეგორიულ ნააზრევში-„ირემო მთასა მყვირალო, რამ ჩამოგაგდო ბარადა?“
თბილისის ერთგვარ ეკონომიკურ და ფინანსურ თავკომბალად გადაქცევა, რამაც რეალურად ქართული სოფლების დაცლა გამოიწვია, დღეს სხვა პრობლემაში აისახა, როდესაც მწვავედ დადგა არა მხიოლოდ მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხი, არამედ უცხოელების მიერ ქართული მამაპაპისეულ, ისტორიულ ადგილებში დასახლების არასახარბიელო პერსპექტივაც.
ეს არ არის გადამეტებული შიში მომავლისადმი, ეს არის თანამედროვე გლობალიზმის გამოწვევაც და საფრთხეც განსაკუთრებით ჩვენსავით მცირე ერებისათვის. ამიტომაც არის ნეო-ლიბერალური ეკონომიკური მოდელები მიუღებელი, თუნდაც ჰონკონგიზაციის მოდელი რომ ავიღოთ, რასაც წინა ხელისუფლება ლიბერალიზმის დროშით უწევდა პროპაგანდას, და რის შედეგადაც ჰონკონგში ავტოქტონური მოსახლეობა პროცენტულად მხოლოდ 13 % ია დარჩენილი, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები ათჯერ გაიზარდა, თავად. ჰონკონგი კი აზიის ფინანსურ ცენტრად იქცა.
დღეს მთის კანონის რეალურად ამოქმედება არა მხოლოდ ეკონომიკის დეცენტრალიზაციის და აქტივობის რეგიონებში გადატანის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც საწარმოო სტრატეგიაზე ორიენტირებული ეკონომიკა, არამედ პირველ რიგში წარმოადგენს გლობალიზმის თავისებურ ფილტრსაც, ხოლო დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირების და მაღალი მიგრაციის შემცირების თვალსაზრისითაც არის ნომერ პირველი სახელმწიფოებრივი ამოცანა!!!
დაცლილი ქართული სოფლების და სხვათა მიერ ამ ადგილების დაკავების მრუმე პერსპექტივაზე, და ქართველთა ეთნოსის გადაშენების საფრთხე, არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. ამაზე გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა ეპოქაში, ინდუსტრიალიზაციის გავლენაზე, დიდი ქართველი პოეტი მურმან ლებანიძე თავის წინასწარ მეტყველურ ლექსში გვაფრთხილებდა:
ეს სოფლები: ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა ეს პარტახი საიგავო,
მეშინია, ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს!
ეს სხიერი, ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო, არ ჩააქრო! - გაფიცებდი.
არ წააგო, არ წააგო ეს წალკოტი! -
დამიხსომე, ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე, განჯღრევდი და გაღვიძებდი! "- წერს გიორგი ცუცქირიძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge