დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ცრუ-ლიბერალები, ბოროტებისა და ცოდვის თავისუფლების მქადაგებელნი, ქრისტეშობასაც ებრძვიან, რისი მაგალითიც გუშინაც ვნახეთ..." 07.01.2020 11:53

ბლოგერი დავით ზარიდაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მე დავიბადე და გავიზარდე ტოტალიტარულ სახელმწიფოში, რომლის ოფიციალური იდეოლოგია - ე.წ. მარქსიზმ-ლენინიზმი ფუნდამენტურად ანტი-ქრისტიანული და ანტი-ლიბერალურიც იყო. რადგან ღვითის მგმობელობა თავისუფლების მტრობაც არის და პირიქით.

ქრისტიანული გაგებით: „შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ გაგათავისუფლოთ თქვენ!“

თითქოს ამასა გავს კიდეც მარქსისტული გამონათქვამი, რომ „თავისუფლება შეცნობილი აუცილებლობაა“, მაგრამ მასში არ არის ჭეშმარიტება, რადგან ღმერთის ადგილი მარქსისტულ-კლასობრივ დეტერმინიზმს, ე.წ. ისტორიულ მატერიალიზმს უკავია: ისტორიის მსვლელობა იქ „კლასთა ბრძოლაა“, საიდანაც ღმერთი, ე.ი. ჭეშმარიტებაც, როგორც მჩაგვრელი კლასების „იდეოლოგიური ზედნაშენი“ და კლასობრივი ჩაგვრის ინსტრუმენტი, უნდა სრულიად განიდევნოს;

მიუხედავად ამისა, იმ მარქსისტულ ტოტალიტარულ სახელმწიფოშიც კი, რომლის უკანასკნელი „ყვავილობისა“ და იმავდროულად, ჭკნობა- ხმობის პერიოდში მომიწია დაკაცება, რადგან ბოლშევიკებს, ანუ „მაუზერით“ ღვთისმებრძოლებს არ შევსწრებივარ, არ მახსოვს მსგავსი ბოროტი შეუპოვრობით ღვთისა და მისი ეკლესიის წინააღმდეგ მსგავსი გააფთრებული შეტევა, როგორც დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, მაგრამ ამ ცრუ-ლიბერალიზმის ეპოქაში!

ცრუ-ლიბერალიზმი უარისმყოფლურ „თავისუფლებას“ ქადაგებს. მისი მიზანი არა „სინდისის თავისუფლება“, არამედ ადამიანის სინდისისგან გათავისუფლებაა: ამიტომაც, ცოდვა აღარ იწოდება ბოროტებად და არც ბოროტება - ცოდვად;

სინდისი -ავალდებულებს და ამ ვალდებულებებიდან მომდინარეობს ადამიანის უფლებები. ხოლო სინდისიგან თავისუფალი ადამიანის უფლება - მხოლოდ ცოდვისა და ბოროტების თავისუფლებაა;

ცრუ-ლიბერალები, ბოროტებისა და ცოდვის თავისუფლების მქადაგებელნი, ქრისტეშობასაც ებრძვიან, რისი მაგალითიც გუშინაც ვნახეთ, როგორ უტევდნენ ისინი მის უწმინდესობასა და უნეტარესობას...

რასაკვირველია, მათი მთავარი სამიზნე, ისევე, როგორც თავის დროზე ბოლშევიკებისა - ღმერთია, ჭეშმარიტებაა.

ქრისტეშობის ჭეშმარიტება, ე.ი. ჭეშმარიტებათა ჭეშმარიტება კი ესაა:
„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, მშვიდობა ქვეყანასა ზედა და კაცთა შორის სათნოება!“

აქედან მოდის თავისუფლებაც და ლიბერალიზმიც, ე.ი. თავისუფლების ნამდვილი მოძღვრება, ისევე როგორც ჭეშმარიტი შემწყნარებლობა: „თავისუფლება არის შესაძლებლობა, რათა სათნო ექმნე ღმერთსა“!

ცრუ-ლიბერალებისთვის პირიქითაა! ამიტომაც ისინი, ბოლშევიკებისა არ იყოს, ყველაზე მეტად შეუწყნარებლებიც არიან: გაშმაგებით ეწინააღმდეგებიან, სიტყითა და საქმით არა მხოლოდ გმობენ, არამედ ცოფიანებივით ებრძვიან „მაღალთა შინა ღმერთსაც“, „ქვეყანასა ზედა მშვიდობასაც“ და „კაცთა შორის სათნოებასაც“!

რასაკვირველია, თავად ქრისტეშობა ერთხელ და სამუდამოდ ადასტურებს: ჭეშმარიტებას ვერაფერი დაამარცხებს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერასდროს მოერევიან მას.

კვლავ და კვლავ:


„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, მშვიდობა ქვეყანასა ზედა და კაცთა შორის სათნოება!“

ქრისტეშობას გილოცავთ ქართველნო!" - წერს ზარდიაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ