დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

“საქართველოს არავითარი დიდი როლი არ ექნება ამერიკა–ირანის დაპირისპირებაში, რაც ძალიან კარგია” 09.01.2020 14:27

“აშშ-სა და ირანს შორის უკიდურესად დაძაბული ვითარების მიუხედავად, მესამე მსოფლიო ომის დაწყების ზღვარზე არ ვართ. ამის შესახებ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი საუბრობს. ის ასევე საქართველოს როლზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ აშშ-ირანის სამხედრო შეტაკების შემთხვევაში არა მხოლოდ საქართველო, მთელი რეგიონი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება, თუმცა მოსაზრება, რომ პენტაგონმა საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა სამხედრო ბაზა განათავსოს, ანდა ამ ტერიტორიიდან ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრა მოახდინოს, მისი აზრით, არასწორია... ორ დიდ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 3 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს. ამერიკული მხარის ამ ქმედებას ირანის საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა; ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “საქართველოს არავითარი დიდი როლი არ ექნება ამერიკა–ირანის დაპირისპირებაში, რაც ძალიან კარგია”


“ამ შემთხვევაში საუბარია პოლიტიკური სახის შენარჩუნებაზე. სადამდე მივა ეს ყველაფერი, რთული საკითხია. შემოიფარგლება მხოლოდ საჰაერო დარტყმებით თუ დაძაბულობა ხმელეთზე და ზღვაზე გადავა. ამ შემთხვევაში უფრო დაიძაბება სიტუაცია. “მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება ამ ეტაპზე არ დგას. საშიშროება შეიძლება იყოს რეგიონალურ დონეზე, თუმცა ეს ყველაზე ცხელი წერტილია ჩვენ პლანეტაზე. ვინ ჩაერთვება ამ დაპირისპირებაში, სხვა საკითხია. პოლიტიკური თვალსაზრისით, ირანს იმედი აქვს რუსეთის და ჩინეთის მხარდაჭერის”, - განაცხადა ალადაშვილმა. ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ს ირანთან სამხედრო კონფლიქტში დახმარებაზე რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა უარს ეტყვის და მის ერთადერთ მოკავშირედ საქართველო რჩება. ამიტომაც, ამერიკელები საქართველოს ტერიტორიის გამოყენების უფლებას ითხოვენ, რაც. ალადაშვილის თქმით, ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ირანის მიმართულებით აშშ-ს საჰაერო დარტყმების შემთხვევაში პენტაგონმა მეზობელ ქვეყნებს უნდა გადაუფრინოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საქართველო პატარა ქვეყანაა, არავითარი დიდი როლი არ ექნება ამ დაპირისპირებაში, რაც ძალიან კარგია. უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი პოზიცია, საქართველო პოლიტიკურად განაცხადებს, რომ ის წინააღმდეგია ყოველგვარი დაძაბულობის ახლო აღმოსავლეთში და ეს იქნება ყველაზე სწორი. გასაგებია საზოგადოების ნაწილი რატომ ფრთხილობს, ამერიკელებმა საქართველოში არ შექმნან სამხედრო ბაზა ან არ გამოიყენონ ქართული აეროდრომები სამხრეთ კავკასიის მხრიდან ირანის ჩრდილოეთ მიმართულებით საჰაერო თავდასხმებისთვის. რუკას რომ დავხედოთ, ტექნიკურად ეს ძალიან რთულია, თითქმის არარეალური, საქართველოს საჰაერო სივრციდან უშუალოდ ირანის ცაში მოხვედრა შეუძლებელია, რადგან ჩვენ შორის სხვადასხვა ქვეყნებია. ვინმემ ძალიანაც რომ მოინდომოს საქართველოდან შეაღწიოს ირანის საჰაერო სივრცეში, მან უნდა გადაუფრინოს თურქეთის, ან სომხეთის, ანდა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეს. თუ ეს მოხერხდა, ირანზე თავდასხმა ამ ქვეყნების საჰაერო სივცრეებიდან მოხდება და არა საქართველოდან”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

 

“მის გათვალისწინებით, რა ურთიერთობაა აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის, აბსოლუტურად გამორიცხული თურქეთმა საჰაერო სივრცე დაუთმოს ამერიკელებს, რომ თურქეთის გზის გავლით საჰაერო თავდასხმა შეძლონ ირანზე. რაც შეეხება სომხეთს, იქ დგას რუსეთის ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რაც ასევე გამორიცხავს ამას, მით უმეტეს, სომხეთს კარგი ურთიერთობა აქვს ირანთან და ის ამაზე არ წავა. აზერბაიჯანს კი, ასევე კარგი ურთიერთობა აქვს ისრაელთან და ისრაელმა ეს ურთიერთობები შეიძლება გამოიყენოს, თუმცა, ძალიან საეჭვოა აზერბაიჯანი ამაზე წავიდეს, რადგან იქაც კარგად ხვდებიან, რომ ირანის საპასუხო დარტყმებმა შეიძლება გაანადგუროს აზერბაიჯანის ნავთობინდუსტრია. ასე რომ, ესეც ნაკლებად არის შესაძლებელი. ირანმა მეტ-ნაკლებად შესაძლოა თავი დაცულად იგრძნოს ჩრდილოეთის მიმართულებიდან შეტევისგან. ძირითადი თავდაცვის საშუალება დასავლეთის და სამხრეთის მიმართულებებზე უნდა გადაანაწილოს. აშშ-ს გვერდით პირველ რიგში ისრაელი დადგება. შესაძლოა ისრაელის დიდი სურვილიცაა, რომ ირანის “პრობლემა” მოაგვაროს. ამიტომაც ცდილობს ამერიკა წაიყოლიოს ამ მხრივ. საუდის არაბეთიც ჩადგება ამ კოალიციაში, ისევე როგორც ქუითი, ყატარი, იორდანია და შეიძლება არაბთა გაერთიანებული ემირატებიც”, - დასძენს ირაკლი ალადაშვილი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ