დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პოლიტიკური კონფუზი მოსკოვში: ლიბიელი ფელდმარშალი რუსებს გაუნაწყენდა 14.01.2020 17:11

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"გუშინ, 13 იანვარს, საღამოს მოსკოვში ლიბიის დაპირისპირებულ მხარეებს შორის გამართული შეხვედრა, საბოლოო ჯამში, უშედეგოდ დასრულდა - შეთანხმებას სიტუაციის ეტაპობრივი დარეგულირების შესახებ (ცეცხლის შეწყვეტა, მხარეთა დაშორიშორება და ა.შ.) ხელი მხოლოდ ე.წ. "ეროვნული თანხმობის მთავრობამ" (პრემიერი - ფაიეზ სარაჯი) მოაწერა, ხოლო ე.წ. "ეროვნული არმიის" (ანუ "აღმოსავლეთის მთავრობის") წარმომადგენელმა, ფელდმარშალმა ჰალიფ ჰაფთარმა ჯერ განაცხადა - 14 იანვრის დილამდე მადროვეთ, შეთანხმების ტექსტს კარგად შევისწავლიო, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად მოსკოვიდან გაემგზავრა (ალბათ, ლიბიაში).


აღსანიშნავია, რომ ლიბიის დაპირისპირებულ მხარეებს თავიანთი პატრონ-მფარველები ჰყავთ: ფაიეზ სარაჯს თურქეთი მფარველობს, ჰალიფ ჰაფთარს - რუსეთი. ამიტომაც მოსკოვის მოლაპარაკებაში თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ.


რამ გაანაწყენა ლიბიელი ფელდმარშალი ისე, რომ თავისი პატრონის თხოვნაც კი არ შეისმინა?


როგორ ამბობენ, ჯარების დაშორიშორების საკითხი არ მოეწონა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ფელდმარშალის ჯარებმა უკან უნდა დაიხიონ და უკვე დაკავებული ლიბიის რამდენიმე ქალაქი ისევ მოპირდაპირე მხარის - ფაიეზ სარაჯის ჯარებს გადასცენ.


"მერე რა, რომ იარაღით და ცოცხალი ძალით მეხმარებით... მე, თითქმის უკვე გამარჯვებულმა, რატომ უნდა დავუთმო ისევ სეპარატისტებს ჩემი ქვეყნის ტერიტორია, რომელიც უკვე გავათავისუფლეო", - უთქვამს თურმე ჰალიფ ჰაფთარს რუსი მფარველებისთვის.


ალბათ, ფელდმარშალი გარკვეულწილად მართალია: ფაიეზ სარაჯის ხელისუფლება ცუდ დღეშია ჩავარდნილი და მას ძალიან აწყობს ჰალიფ ჰაფთარის ჯარების უკან დახევა.


როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, მოლაპარაკების შემდეგ სერგეი ლავროვი ძალიან დაღლილი და გაღიზიანებული გამოიყურებოდა. მართალია, იგი აცხადებს, რომ შეხვედრა, პრინციპში, პროგრესულია, რადგან ორივე მხარე მაგიდას მიუჯდა, მაგრამ ჰალიფ ჰაფთარის უარის ფონზე საეჭვოა, რომ მოლაპარაკება ბერლინში გაგრძელდეს, როგორც ამაზე ვლადიმერ პუტინი და ანგელა მერკელი შეთანხმდნენ.


მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვში პოლიტიკური კონფუზი მოხდა, თანაც ისეთი, რომელიც კრემლის სამშვიდობო ინიციატივას ჩრდილს აყენებს. ვლადიმერ პუტინი დარწმუნებული იყო მოლაპარაკების სრულ წარმატებაში, ახლა კი სიტუაცია გართულებულია.


თურქები გარეგნულად სერიოზულობას ინარჩუნებენ, ჩუმ-ჩუმად კი, ზურგსუკან, რუსებს ირონიულად მოიხსენიებენ.


სავარაუდოდ, მოსკოვი ახლა ფელდმარშალზე ძლიერ ზეწოლას შეეცდება, რომ შელახული რეპუტაცია აღიდგინოს,"- წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ