დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

“რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის მოქმედებების ღერძი, ვაჭრული სულია” – “ლოკომოტივის” პრეზიდენტის სკანდალური განცხადება 19.01.2020 16:52

“საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის მოქმედებების ღერძი, სამწუხაროდ, გაცნობიერებული ვაჭრული სულია. შედეგად საქართველოს სარაგბო ოჯახის უმაღლეს ინსტანციაში გაბატონებულია ქაოსი და გაურკვევლობა, ფაქტიურად – კრიზისი, რომელსაც, როგორც ჭირს, ვერა და ვერ დამალავ”- ასე აფასებს რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი ამ სფეროში არსებულ ვითარებას და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების წინ, კრიტიკულ „პოსტს“ აქვეყნებს.

 

„მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას, ისევე, როგორც ქვიშის მარცვლებს უდაბნოში, გაცნობიერებული არა აქვს საით მიჰყავს ის ქარის დინებას. ადამიანი ქვიშის ნამქერის ნაწილი არ არის – მან იცის რას აკეთებს და რატომ. ეს მით უფრო საკუთარ პროფესიონალიზმში დარწმუნებულ „საზოგადოებას“ ეხება. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის მოქმედებების ღერძი, სამწუხაროდ, გაცნობიერებული ვაჭრული სულია. შედეგად საქართველოს სარაგბო ოჯახის უმაღლეს ინსტანციაში გაბატონებულია ქაოსი და გაურკვევლობა, ფაქტიურად – კრიზისი, რომელსაც, როგორც ჭირს, ვერა და ვერ დამალავ. ოღონდ იქამდე იქნება გაყუჩებული ქვიშის მარცვალი ანუ ჩვენი რაგბის ეროვნული კავშირი, უფრო ზუსტად, კავშირის მესვეურები, ვიდრე ქარი არ მიუჩენს მას ახალ ადგილს. ქარი კი უკვე ამოვარდა“ წერს თემურ ბენდიაშვილი.

 

როგორც ბენდიაშვილი წერს, რაგბის კავშირის ნგრევა დღეს არ დაწყებულა. „რაგბის კავშირის ნგრევის პროცესი დღეს არ დაწყებულა. მას დღევანდელი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ვიცე-პრეზიდენტი გია გორგასლიძე დღიდან არჩევისა წარმატებით აგრძელებენ. რაგბის კავშირის წევრებმა ისინი 2016 წელს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც ბატონმა გიორგი ნიჟარაძემ ამოწურა თავისი პრეზიდენტობის 2 ვადიანი პერიოდი, 2008-2016 წლები. ნგრევის დასაწყისი სწორედ ამ წლების მეორე ნახევარს უკავშირდება“ – აცხადებს „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი და კავშირის ნგრევის მაგალითები მოჰყავს. ასევე, ყვება მოსყიდვის ფაქტებზე და მსოფლიო ჩემპიონატზე დამარცხების მიზეზებზე. „მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი დამარცხების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კავშირის გამგეობის მერკანტილური ინტერესებია, რაც გამოიხატა კავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან პიროვნული პატიოსნების დათმობებში და არაკომპეტენტურობაში. რაგბის კავშირის გამგეობის საქმიანობაში კომერციულმა საკითხებმა, ფაქტიურად, გადაფარა ის, რისთვისაც კავშირი არსებობს – საკუთრივ სპორტული მხარე! იმ საკითხების შესახებ, კომერციის შესახებ, რაც ეხება რაგბის საჭიროებისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების გაცვლა-გაყიდვას, სხვა ეკონომიკური ხასიათის დარღვევებს, ამას ცალკე მოგახსენებთ. ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის შესახებ. მსოფლიო ჩემპიონატმა თვალნათლივ გვიჩვენა ჩვენი ეროვნული გუნდის ყველა პრობლემური მხარე“ – აცხადებს ბენდიაშვილი.

 

მისივე შეფასებით, სათავეში პროფესიონალთა დეფიციტია: „მინდა მკითხველმა ისიც იცოდეს, რომ გამგეობის 15 წევრიდან დიდი რაგბი არავის უთამაშია (ერთის გარდა), ანუ… პროფესიონალიზმის დეფიციტი სათავეშივეა. გარდა ამისა, მაქვს დამატებითი კონკრეტული შეკითხვები, რაც თვალის ერთი შევლებით უჩნდება არა მხოლოდ პროფესიონალს, არამედ რაგბიში გათვითცნობიერებულ მაყურებელსაც კი…“

 

პრობლემების დეტალური ანალიზის შემდეგ, რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი ასკვნის:

 

„საჭიროა: პირველ რიგში – გაიწმინდოს სათავე, რაგბის კავშირი, რომელიც პირდაპირ კავშირშია თითოეულ მატჩთან და რომელმაც საკუთარი ფუნქცია უნდა მიუძღვნას ეროვნული რაგბის აღმავლობას და არა პირად კეთილდღეობას. ამიტომ:
• ყველა კომპრომეტირებულმა პერსონამ თანამდებობა უნდა დატოვოს რაგბის კავშირში (ესენი არიან, თუნდაც, წერილის დასაწყისში ნახსენები, ასე ვთქვათ, „კომერსანტები“);
• საჭიროა ჩამოყალიბდეს მწვრთნელთა გუნდი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ნაკრების გამოსვლაზე;
• ამ ჯგუფს მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეს მწვრთნელთა კომიტეტთან;
• ნაკრების მთავარი მწვრთნელი უნდა იყოს ფრანგი; იქ ჩვენი ბიჭების უმეტესობაა და მწვრთნელი, მათ გარდა, კიდევ არაერთ მოთამაშეს წაიყვანს;
• მწვრთნელი უნდა იყოს ამბიციური, გამოკვეთილი მიზნით, მოიგოს ერთი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე;
• …და ბოლოს, ისიც მინდა ვთქვა, რომ მთავრობის ყურადღება უფრო მეტი ძალისხმევითაა საჭირო, ვიდრე ეს აქამდე იყო. მთავრობის დახმარების გარეშე წარმატება არ მიიღწევა.
• რაც შეეხება რაგბის კავშირს: პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები დამატებითი სამსახურებით არ უნდა იყვნენ დაკავებულნი. სამართლიანობა, პატრიოტიზმი, ერთგულება მათ ისევე მოეთხოვებათ, როგორც მაღალი დონის რაგბის ცოდნა. მათი პროფესიონალიზმი გადამწყვეტია საქართველოს ეროვნული გუნდის გამარჯვებაში, ისევე, როგორც თითოეული რაგბისტისა“.

 

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 31 იანვარს იმართება.

 

 



წყარო: mcm.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ