დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

როგორ მოვიქცეთ ავტოსაგზაო შემთხვევისას, როდესაც მანქანა წყალში იძირება 27.01.2020 12:49

ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"როგორ მოვიქცეთ ავტოსაგზაო შემთხვევისას, როდესაც მანქანა წყალში იძირება:


- წყალში ჩავარდნის ტიპის ავტოსაგზაო შემთხვევებში სიკვდილიანობა ყველაზე მაღალია ყველა ტიპის ავტოსაგზაო შემთხვევებთან შედარებით, სადაც ერთი ავტომობილი მონაწილეობს;

- ამ ტიპის შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე სამწუხაროდ არ არსებობს მაღალი ეფექტურობის მქონე სამაშველო პროტოკოლი, შესაბამისად წყალში ჩავარდნის ტიპის ავტოსაგზაო შემთხვევებში ყველაზე ეფექტურია თვითგადარჩენის წესების ცოდნა.

- იდეალურ შემთხვევაში მანქანიდან თავის დაღწევა უნდა მოხდეს ავტომობილის წყალთან შეხებიდან 1 წთ-ში.

- წყალთან კონტაქტისას ავტომობილი ტივტივებს საშუალოდ 1დან 8 წთ-მდე, მინივენები შეიძლება მეტიც;

- ფანჯრების ჩაწევის ელექტრონული ფუნქცია წყალთან შეხების შემდეგ საშუალოდ შენარჩუნებულია 15დან 60 წმ-ს განმავლობაში.


უნდა გვახსოვდეს შემდეგი ოთხი საფეხური, ამ თანმიმდევრობით და ეს საფეხურები უნდა შესრულდეს დაუყოვნებლივ როგორც კი მოხდება ავტომობილის შეხება წყალთან და დაიწყება ტივტივი, დრო სხვა არაფერზე(!) არ უნდა დაიხარჯოს:


1 - ღვედები! (გაიხსენით)

2 - ფანჯარა!! (ჩაუწიეთ/ჩაამსხვრიეთ)

3 - ბავშვები!!! (გაუხსენით ღვედები, გაათავისუფლეთ სავარძლიდან)

4 - გარეთ!!!! (სასწრაფოდ დატოვეთ ავტომობილი ფანჯრიდან, ჯერ ბავშვები, შემდეგ თქვენ. ასაკით უფროსი ბავშვი წინ, შემდეგ დანარჩენები)


მანქანიდან თავის დაღწევის შემდეგ:


- ეცადეთ გამაგრდეთ სტაბილურ ადგილას, იდელურ ვარიანტში თუ ავტომობილი ახლოს არის ნაპირთან, ნაპირზე, სხვა შემთხვევაში აძვერით ავტომობილის სახურავზე.

- საკუთარი შესაძლებლობების, გარემოს, რისკის და სარგებელის შეფასების შემდეგ გადაწყვიტეთ ჯობს გაცურვა და ნაპირთან მიახლოვება თუ არა.

- დარეკეთ 112-ში, ითხოვეთ შველა.


რა არ გავაკეთოთ:


არ დარეკოთ ავტომობილიდან. 112-ში რეკავთ ავტომობილიდან თავის დაღწევის შემდეგ.

არ ეცადოთ კარების გაღებას, საუკეთესო და ყველაზე მარტივია ფანჯრიდან გამოსვლა. ავტომობილის კარის გაღებას ვცდილობთ მხოლოდ მაშინ როდესაც ვერანაირად ვერ ჩავუწიეთ/ჩავამტვრიეთ ფანჯარა და დიდი რაოდენობის წყალი შემოსულია მანქანაში, რომელიც ცდება ფანჯრის დონეს.

არ ეცადოთ საქარე მინის (''პარპრიზი'') ჩამსხვრევას, საუკეთესო გამოსავალი არის გვერდითი ფანჯარა.


დამატებითი ინფორმაცია:


- ავტომობილში იქონიეთ მინის ჩასამსხვრევი ხელსაწყო, მარტივად ხელმისაწვდომ ადგლას

- ხელსაწყოს არქონისას ეცადეთ მინა ჩაამსხვრიოთ ნებისმიერი მყარი საგნით რაც მოსახერხებელია, ფეხით, იდაყვით, მუშტით, შეგვიძლია ვიხმაროთ სავარძლის საზურგის ზედა ნაწილი (''პადგალოვნიკი''), მოხსნის შემდეგ ვნახავთ რომ მას აქვს ორი საკმაოდ მყარი მეტალის 'ჯოხი''

- გვერდითი ფანჯრის მინის ჩატეხვა ჯობს მინის კიდეში დარტყმით და არა ცენტრში

- რეგულარულად ივარჯიშეთ წინა სავარძელზე ჯდომისას დახუჭული თვალებით როგორ გახსნათ უკანა (მათ შორის ბავშვის) სავარძლის ღვედები

- აუცილებლად ისწავლეთ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება


ხშირად იმეორეთ, ამ თანმიმდევრობით:


1 - ღვედები!

2 - ფანჯარა!!

3 - ბავშვები!!!

4 - გარეთ!!!!


ჯანმრთელობას გისურვებთ, "-წერს არჩილ მარშანია.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ