დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ვინ არის ინალ არძიმბა, რომელიც ოდესაში სააკაშვილს დაუპირისპირდა 29.01.2020 13:26

"აფხაზეთში მალე ახალი გავლენიანი პოლიტიკური სახე გამოჩნდება - რუსეთის პრეზიდენტის ცნობილი და გავლენიანი თანაშემწის, ვიაჩესლავ სურკოვის „მარჯვენა ხელი“ ინალ არძიმბა, რომელსაც აფხაზეთის პირველი დე ფაქტი პრეზიდენტი ვლადისლავ არძიმბა ბიძად ერგება. იგი წლების განმავლობაში კურირებდა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიაზე კრემლის სეპარატისტულ პროექტებს და ქართველ პოლიტიკოსებთან დაპირისპირების გამოცდილებაც აქვს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არძინბას კლანი აფხაზურ პოლიტიკაში ბრუნდება - ვინ არის ინალ არძინბა, რომელიც ოდესაში სააკაშვილს დაუპირისპირდა

 

"გაზაფხულზე ინალ არძიმბა აფხაზეთში საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა „ერ-ბე-კა“-სთან ინტერვიუში განაცხადა. პარტიას „აფხაზეთის მომავალი“ ერქმევა, რომლის დამფუძნებელიც და კოორდინატორიც თვითონ იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება მან თავისი ყოფილი ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ სურკოვის მიერ საჯარო სამსახურიდან სკანდალური წასვლის შემდეგ გააკეთა. ამჟამად ინალ არძინბა რუსეთის სახელმწიფო მოხელეა და იკავებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს ახალგაზრდულ საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას. 2019 წლის სექტემბერში ის აცხადებდა, რომ არ აპირებდა აფხაზეთში მუშაობას, თუმცა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური კანდიდატი ალხას კვიცინია მას "პრემიერ-მინისტრობას“ სთავაზობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"არძინბასა და აფხაზეთის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით "რეზონანსი“ კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა: "დიდი ხანია არძინბას აფხაზეთში სამოქმედოდ ამზადებდნენ და ის ადგილობრივებშიც ძალიან პოპულარულია პიროვნული თვისებების გამო და თქვენ წარმოიდგინეთ, გარეგნობის გამოც. მას მხარს განსაკუთრებით ახალგაზრდები უჭერენ. გარდა ამისა, ყველასთვის ნათელია, რომ მის უკან კრემლი დგას. ვინც აქამდე მართავდა და ახლო მომავალში ვინ მართავს აფხაზეთს, მათ შორის ყველა ლოიალური იქნება კრემლის მიმართ. "კრემლისთვის აფხაზეთში გადატრიალება თუ ამბოხი პრობლემური არ არის, რადგან ყველა შემთხვევაში მისი წარმომადგენელი მოდის ე.წ. ხელისუფლებაში, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებზეც წინა რეჟიმებთან ვერ მოილაპარაკეს, მაგალითად, მიწების უცხოელებზე გაყიდვის საკითხი. კრემლს სჭირდება ადამიანი, რომელიც უნისონში იმოქმედებს, სადაც არ იქნება მცირე გაუგებრობებიც კი“, - განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ინალ არძინბა 1990 წელს სოხუმში დაიბადა. მისი მამა და ბიძა 1992-93 წლებში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. ბიძამისი აკა არძინბა იყო აფხაზური პარტიის „ამცახარას“ დამფუძნებელი, ის 2003 წელს შიდა ნათესაური კონფლიქტის დროს მოსკოვში მოკლეს. ინალ არძინბა აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავია. პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად ის ყირიმის ანექსიის შემდეგ გამოჩნდა და პრაქტიკულად კრემლის პოლიტიკას აღმოსავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით სწორედ არძიმბა კურირებდა. მაშინ მას ოფიციალურად ეკავა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული "სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა საზოგადოებრივი მხარდაჭერის კომიტეტის“ კურატორის თანამდებობა. გარდა ამისა, 2018 წლის მაისამდე ინალ არძიმბა პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციაში "ეს-ენ-გეს“ ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელიც იყო”, - დასძენს გამოცემა.

 

"2015 წელს იგი უკრაინის მტრების სიაში შეიყვანეს. უკრაინული მედიის ცნობით, სწორედ არძიმბა კურირებდა ოდესის ოლქის ტერიოტორიაზე დონეცკისა დ ალუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების მსგავსი „ბესარაბიის რესპუბლიკის“ შექმნის პროექტს, რაც საბოლოოდ ვერ განხორციელდა. იმავე წელს უკრაინის ხელისუფლებამ მსაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ოდესის ოლქში კი, რომლის გუბენნატორიც იმ პერიოდში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, მის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით საქმე აღძრეს. ოდესის ოლქის გენპროკურორის მაშინდელმა მოადგილე დავით საყვარელიძემ მაშინ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: „სეპარატიზმი და მეხუთე კოლონისტობა თურმე მემკვიდრეობით გადადის. ესეც ერთგვარი მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესია, როგორც ჩანს. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამდენი წლის შემდეგ ოდესაში პროკურორად ჩასულს არც მეტი არც ნაკლები ინალ არძინბა გადამეყრებოდა კრემლიდან ე.წ „ბესარაბიის სახელმწიფოს“ პროექტის ხელმძღვანელად...“ კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს არძინბას აფხაზეთში დაბრუნება რეგიონზე, მამუკა არეშიძე გვპასუხობს: „თუ ინალ არძინბა იდგა იმ პრინციპებზე, რისი იმედიც აქვს კრემლს და რისი მოლოდინიც გვაქვს ჩვენც, მაშინ არავითარ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ. ის იქნება იმ პოლიტიკის მკაცრად გამტარებელი, რომელიც კრემლს სჭირდება სამხრეთ კავკასიაში. კონკრეტულად საქართველოს მიმართ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : “რეზონანსი”

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ