20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა:
„2020 წლის 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ დაამტკიცა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება ბრალდებულ მორისი მაჩალიკაშვილის მიმართ. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საპროცესო შეთანხმების თანახმად, მორის მაჩალიკაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით. მორის მაჩალიკაშვილი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სასამართლოს ცნობით, მორისი მაჩალიკაშვილს ბრალად ედებოდა ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა (საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge