დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ბათუმი - ზღვისა და ღვინის ქალაქი - ათი რჩევა აჭარაში დროის გასატარებლად 07.02.2020 17:03

უკრაინულ პოპულარულ გამოცემაში - ჟურნალ «Новое Время»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოს ტურისტული რეგიონის - აჭარის ღირსშესანიშნაობები. კერძოდ, ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა ბათუმს და აჭარის მთების ტურისტულ პოტენციალს.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა ორიდან, სადაც უკრაინელებს მოგზაურობა შიდა მოხმარების ბიომეტრიული პირადობის მოწმობებითაც კი შეუძლიათ. საქართველო უკრაინასთან ახლოს მდებარეობს - მხოლოდ რამდენიმე საათის ფრენა და თქვენ უკვე კავკასიურ სახელმწიფოში ხართ. ფასები თითქმის იგივეა, როგორც უკრაინაში. კიდევ ერთი პლუსი: საქართველოში თქვენ თითქმის სრულიად ვერ იგრძნობთ ენობრივ ბარიერს - ბევრი ქართველი, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლები რუსულ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობენ. და თუ ამას ქართულ სტუმართმოყვარეობას, ეროვნულ სამზარეულოს და ნაირ-ნაირ ღვინოებს დავუმატებთ, ჩათვალეთ, რომ სამოთხის მსგავს ქვეყანაში ხართ. ახლავე თამამად დაიწყეთ მოგზაურობის დაგეგმვა, ვთქვათ, ბათუმში, აჭარაში, სადაც, ზამთრის სეზონშიც კი ბევრ რამეს გაეცნობით და დატკბებით“, - წერს გამოცემა და მკითხველს 10 რჩევას აძლევს - რა უნდა გააკეთოს აჭარაში დროის მშვენივრად გატარების მიზნით.

პირველი - გასეირნება ბათუმის ბულვარში:

ტურისტთა უმეტესობა ბათუმის გაცნობას სწორედ ზღვისპირა ბულვარიდან იწყებს, მისი სიგრძე 7 კმ-ს აღწევს, აქ უამრავი პალმა და ყვავილებია, გასართობი ცენტრები, სკულპტურები, სადაც სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეგიძლიათ, მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილ უჩვეულო ძეგლთან სახელწოდებით „ალი და ნინო“. ზამთარი ბათუმში თბილი იცის, ასე რომ თავს კომფორტულად იგრძნობთ.

მეორე - ყველანაირი ეროვნული კერძის დაგემოვნება:

უპირველესად, რა თქმა უნდა, აჭარული ხაჭაპური უნდა გასინჯოთ, ასევე ხინკალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, კუბდარი, ლობიანი, მჭადი, ოჯახური... არ დაგავიწყდეთ ჩურჩხელაც.

მესამე - ქართული ღვინის დეგუსტირება:

საქართველო განთქმულია თავისი ღვინოებით, რომლებსაც სხვადასხვა რეგიონებში ამზადებენ. ყველაზე ცნობილია ხვანჭკარა, საფერავი, ქინძმარაული, წინანდალი, ტვიში და სხვა. ბათუმში ყოფნისას ადგილობრივი აჭარული ღვინოც შესვით - ცოლიკაური და ჩხავერი (ამბობენ, რომ ამ ღვინოებს იოსებ სტალინსაც უგზავნიდნენ). ღვინის შეძენა თუ გინდათ, ეწვიეთ ნოდარ შერვაშიძის მარანს, სადაც სპეციალურად ტურისტებისთვის ყოველწლიურად 5 ტონა ღვინოს ამზადებენ. ღვინოსთან ერთად დააგემოვნეთ ჭაჭის არაყიც - ქართული ალკოჰოლური მაღალგრადუსიანი სასმელი.

მეოთხე - ეწვიეთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს:

ბათუმის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს, ქალაქიდან 9 კილომეტრზე, მწვანე კონცხთან. ბაღის მცენარეთა კოლექცია დაახლოებით 5 ათას სახეობას ითვლის. მისი მთლიანად დათვალიერებისათვის რამდენიმე საათი დაგჭირდებათ. ბაღში ისვიათი მცენარეებიც არის თავმოყრილი დედამიწის ბევრი კუთხიდან. იქვეა მშვენიერი გადასახედი, საიდანაც ზღვის პანორამა იშლება.

მეხუთე - ქალაქის ხედი სიმაღლიდან:

ბათუმი რომ სიმაღლიდან ნახოთ, ამისთვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს: პირველი - „ანბანის კოშკზე“ ახვიდეთ, რომლის სიმაღლე 130 მეტრია. კოშკზე ქართული ანბანის ასოებია გამოსახული; მეორე - „ეშმაკის ბორბალით“, სიმაღლე - 55 მეტრი. მესამე ვარიანტი - არგოს საბაგირო გზა, რომლის ზედა სადგური ფერიას მთაზეა განლაგებული - სიმაღლე დაახლოებით 250 მეტრი, საიდანაც გადახედავთ ქალაქს და ზღვასაც.

მეექვსე - ადგილობრივი ბაზარი:

ბათუმში ყველაზე დიდი სასურსათო ბაზარია „ბონი“, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში. აქ უამრავ პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ - სანელებლების, ხილის და ბოსტნეულის ყიდვა. სემდეგ შეგიძლიათ თევზის ბაზარსაც ეწვიოთ...

მეშვიდე - აჭარის მთებში:

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უფრო საზაფხულო ტურიზმითაა პპოპულარული, ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტებია. მათგან ყველაზე ახალგაზრდა - „გოდერძი“ ბათუმიდან სამი საათის სავალზე - დაახლოებით 110 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. „გოდერძი“ 2015 წელს გაიხსნა, მისი სიმაღლე 2364 მეტრია. ჯერ-ჯერობით, გოდერძი ისეთი პოპულარული არაა, როგორც, ვთქვათ, გუდაური ან ბაკურიანი, მაგრამ ეს ამჟამად პლუსად შეიძლება ჩაითვალოს - მოთხილამურე ცოტაა და სესაბამისად, მეტი თავისუფლებაა. მინუსებიც არის: ინფრასტრუქტურა ნაკლებად არის განვითარებული, გზა ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მალე გაარემონტებენ.

მერვე - ყავა პიაცას მოედანზე:

ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ტურისტმრავალი ადგილია პიაცას მოედანი, რომელიც 2010 წელს გაიხსნა. ის ნაწილობრივ ახდენს ვენეციის სან-მარკოს მოედნის იმიტირებას. პიაცას მოედანი ევროპაში ყველაზე დიდ მარმარილოს მოზაიკიან მოედნად ითვლება. აქ ნახავთ საათიან კოშკს, რომელიც ასევე ვენეციურის მსგავსია. დღეში სამჯერ კურანტების ჩამოკვრისას, საქართველოს ჰიმნი ისმის.

მეცხრე - „ტრამპის სახლი“, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს:

ბათუმის განახლება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო. აშენდა მაღლივი სასტუმროები: „ჰილტონი“, „მარიოტი“, „რედისონი“ და სხვები. დაგეგმილი იყო 47-სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებაც: 2012 წლის აპრილში ბათუმში აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმყოფებოდა, რომელმაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთად პროექტი შეიმუშავა, მაგრამ 2017 წლის იანვარში Trump Organization-ის ხელმძღვანელობამ პროექტიდან გასვლა გადაწყვიტა, რადგან დონალდ ტრამპი პრეზიდენტად იქნა არჩეული. იმ ადგილზე, სადაც სენობა უნდა აგებულიყო, მოგვიანებით სხვა ცათამბჯენი ააშენეს, მაგრამ ადგილობრივი ბათუმელები მას მაინც „ტრამპის სახლს“ ეძახიან. ბათუმში დღეს მშენებლობა აქტიურად გრძელდება. უცხოელი მოქალაქეები ბინებს სიამოვნებით ყიდულობენ.

მეათე - ნახეთ გონიო-აფსაროსის ციხე:

ბათუმიდან 15 კილომეტრზე, თურქეთის საზღვართან, მდებარეობს საქართველოს ყველაზე ზველი ციხე-სიმაგრე - გონიო. საუკუნეების წინათ გონიო მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტად ითვლებოდა, იცავდა მდინარე ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობებში შესასვლელს. დღეს ციხე-სიმაგრე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება, მშვენიერი ბაღებით და ხეივნებით.

---------
წყარო: https://nv.ua/…/batumi-10-veshchey-kotorye-obyazatelno-neob…

 

მოამზადა სიმონ კილაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ