აშშ-ს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პირველი ეტაპი აიოვას შტატში სიურპრიზით დასრულდა. პირველ ადგილას პიტ ბუტიჯეჯი გავიდა, რომელიც იმით არის გამორჩეული სხვა კანდიდატებისგან, რომ ღია ჰომოსექსუალია. მეორე ადგილი ულტრა მემარცხენე სენატორმა ბერნი სანდერსმა დაიკავა. კვლევების ლიდერი ჯო ბაიდენი კი მეოთხე ადგილას გავიდა. 2016 წლის არჩევნებში ჰაკერებმა დემოკრატიული პარტიის და ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტა "გატეხეს", მიმოწერა მოიპარეს და შემდეგ "ვიკილიკსზე" გამოაქვეყნეს. წერილების ანალიზმა გამოავლინა, რომ დემოკრატიული პარტიის ცენტრალური ოფისი ჰილარი კლინტონს ეხმარებოდა ბერნი სანდერსის წინააღმდეგ. გამოდის, რომ ბერნი სანდერსი 2016 წელს პარტიამ "დაჩაგრა", სანდერსმა არ ატეხა დიდი ხმაური და 2020 წელს პარტია შესაძლოა შეეცადოს ვალი დაუბრუნოს ბერნი სანდერსს და სწორედ ის დასახელდეს პრეზიდენტობის კანდიდატად დემოკრატიული პარტიისგან. პარტიას შეუძლია თავისი "სუპერ დელეგატების" და ამომრჩევლების შერჩევითი რეგისტრაციის მეშვეობით გავლენა მოახდინოს არჩევებზე, როგორც ეს 2016 წელს კლინტონის სასარგებლოდ გააკეთა.
დემოკრატებმა იცოდნენ, რომ სენატში რესპუბლიკელებს უმრავლესობა ჰქონდათ და ტრამპის იმპიჩმენტი არ გავიდოდა, თუმცა მაინც დაიწყეს იმპიჩმენტის რამდენიმე თვიანი პროცედურა. იმპიჩმენტის პროცედურის დროს, ბაიდენის შესახებ იმდენი "ფაქტი" გააჟღერეს რესპუბლიკელებმა, რომ როგორც ჩანს, ბაიდენის მხარდაჭერა თვით დემოკრატებშიც შემცირდა. საინტერესო არჩევნები იქნება ნიუ ჰემპშირში სულ მალე და შემდეგ 3 მარტს "სუპერ სამშაბათი", როდესაც 14 შტატში პრაიმარიზი ერთდროულად ჩატარდება. ვნახოთ, "ჩახსნიან" თუ არა დემოკრატები ჯო ბაიდენს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge