დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

რატომ გაფუჭდა კატასტროფულად რუსეთის ურთიერთობა უკრაინასთან და საქართველოსთან 10.02.2020 14:10

ინტერვიუ გრიგორი კარასინთან
(ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი)

 

რუსულ გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ დაბეჭდილია ვრცელი ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოდგილესთან, ამჟამად კი ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბრობს. იგი მაღალ დონეზე აფასებს მოსკოვის მიერ გატარებულ დიპლომატიურ კურსს და ხაზს უსვამს - „რუსეთს შეუძლია მშვიდად იყოს, რუსმა ხალხმა იცის, რომ ჩვენი დიპლომატები ქვეყნის ინტერესებს არ უღალატებენ“.

 

გრიგორი კარასინი ინტერვიუში საუბრობს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ედუარდ შევარდნაძის საქმიანობის შესახებაც:

 

კითხვაზე - როგორ შეაფასებდით მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის დროს ედუარდ შევარდნაძის როლს ქვეყნის პოლიტიკაში, იგი პასუხობს:

 

„ედუარდ ამბროსევიჩი ძალზე გამოცდილი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ იმავდროულად იგი ფრაზებისა და პოზების ადამიანს წარმოადგენდა, ანუ ძირითადად ყურადღებას აქცევდა ფრაზებს და პოზებს, ნაკლებად ერკვეოდა საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში და ამ თვალსაზრისით პროფესიონალი არ ყოფილა. აქედან გამომდინარეობდა მისი ხმამაღალი განცხადებები, დაუფიქრებლად ხელმოწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებზე, ზედმეტი ნდობა დასავლელი პარტნიორების ზეპირად ნათქვამზე, მათ შორის მათ განცხადებებზე მშვიდობის დაცვასა და ნატოს გაფართოების უარზე. ასეთი ქცევა სულ ცოტა გულუბრყვილობაა. მსგავსი ნათქვამები იმავწუთს დოკუმენტურად უნდა დაფიქსირდეს, ანუ როგორც ამბობენ ხოლმე, „ჩაცემენტდეს“. უფრო გვიანაც კი, როცა ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა და იგი პრეზიდენტად იქნა არჩეული, მაინც სრულად ვერ აღიქვამდა და მთელი სიღრმით ვერ გრძნობდა სიტუაციის განვითარებას. ბოლოსდაბოლოს, მიხეილ სააკაშვილი ხომ თვითონ ედუარდ შევარდნაძემ აიყვანა პოლიტიკურ სახელმძღვანელო მწვერვალებზე? განა მის გვერდით მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ძირი არ გამოუთხარა პრეზიდენტ შევარდნაძეს და არ დაამხო?“.

 

ინტერვიუში გაზეთის ჟურნალისტი ეხება რუსეთის ურთიერთობებს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან და მინისტრის ექს-მოადგილეს ეკითხება: „თქვენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობისას პოსტსაბჭოთა სივრცეს 15 წელი კურირებდით და შეგიძლიათ მოკლედ ახსნათ - რატომ გაფუჭდა კატასტროფულად რუსეთის ურთიერთობა უკრაინასთან და საქართველოსთან?“

 

როგორც გრიგორი კარასინი ამბობს, „საქართველოსთან მიმართებით რუსეთმა 2008 წელს თავისი ხასიათი გამოავლინა და ამით აჩვენა, რომ სამხედრო-პოლიტიკურ მიხტომებს ვერ იტანს. ჩვენ ვერ მოვითმენთ ჩვენს მიმართ აგდებულ მოქმედებას. ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის კანონია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმოქმედებს.

 

რაც შეეხება უკრაინას: დაახლოებით 2006 წლიდან მოყოლებული, ჩვენს კიეველ კოლეგებს მუდმივად ვეუბნებოდით და ძალიან მარტივად: მოდით ვიდაოთ, განვიხილოთ გაზის ფასი, მაგრამ ისე ნუ მოიქცევით, რომ საკუთარი ქვეყანა რუსეთისა და დასავლეთის გეოპოლიტიკური შეტაკების არენად გადააქციოთ-თქო. არადა, სწორედ ასე გააკეთეს! უკრაინამ საკუთარი თავი მართლაც გეოპოლიტიკური დაპირისპირების არეალად გადააქცია! მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინას, უკრაინელ ხალხს ზურგს არ ვაქცევთ, ისინი ჩვენი მეზობლები და მეგობრები არიან. სხვათა შორის, დასავლეთი ამას ხედავს და აცნობიერებს“.


----------
წყარო: https://www.mk.ru/…/byvshiy-zamestitel-glavy-mida-grigoriy-

 

მოამზადა სიმონ კილაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ