დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"მომხრე-მოწინააღმდეგეთა "ბალანსი" დიდად არ შეიცვლება, მაგრამ პოლარიზება კი - უდავოდ გაიზრდება" 11.02.2020 16:56

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რასაკვირველია, გიგი უგულავას საკითხი არ არის მხოლოდ სამართლებრივი, არამედ უდავოდ და უფრო მეტადაც, პოლიტიკურიცაა;

პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით თუ შევაფასებთ, ამ კონკრეტულ მომენტში უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა ორ ნეგატიურ შედეგს განაპირობებს: საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების ჩაშლას და ოპოზიციის მწვავე რიტორიკის გაასმაგებას, როგორც „პოლიტპატიმრების“, ასევე მართლმსაჯულების თითქოსდა კრიტიკულად პრობლემური თემების( შესაძლოა, წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მთავარ თემებადაც კი იქცნენ), „ოცნებისთვის“ დამაზიანებელი კუთხით აქცენტირებას;

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ შესანიშნავად იცის - უგულავა ნამდვილადაა ხაზინის ქურდი და სულ ცოტა, 48 მილიონი მართლაც მოიპარა, იგი შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, მაინც „პოლიტპატიმრად“ გასაღდება და დიდწილად ეს „თემა“, ასე თუ ისე ოპოზიციისთვის სარფიანად „გაიყიდება“ კიდეც როგორც საშინაო, ისე საგარეო ბაზარზეც. რამდენად იზარალებს „ოცნება“ ამით, ვნახავთ.

არა მგონია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, იყოს ისეთი ქართველი ამომრჩეველი, რომელიც მხოლოდ ამ გარემოების, ე.ი. გიგი უგულავას ციხეში ჩასმის გამო, არჩევანს შეიცვლის და თუ უკვე „ოცნების“ მხარდამჭერია, ნაცების მხარეს გადაბარგდება (მით უმტეს - არც პირიქით); ასევე, ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა მხოლოდ მცირე ნაწილს თუ დაეხმარება ეს გარემოება, რათა რაიმე გადაწყვეტილება ამ არგუმენტაციით მიიღოს, მაგალითად: ჩათვალოს, რომ - უგულავას დაჭერა „სამართლიანობის აღდგენის“ რაიმე საეტაპო გარღვევაა და ამიტომ „ოცნებას“ დაუჭიროს მხარი;ანდა პირიქით - უგულავას დაჭერა პოლიტიკური რეპრესიების აშკარა საბუთად მიიჩნიოს და ოპოზიციას ამიტომ მიემხროს. მე მგონი - მომხრე-მოწინააღმდეგეთა "ბალანსი" დიდად არ შეიცვლება, მაგრამ პოლარიზება კი - უდავოდ გაიზრდება, ე.ი. ისედაც მწვავე ურთიერთდაპირისპირება კიდევ მეტად გამწვავდება.

უფრო პრობლემურია „ოცნების“ პოზიციონირება საგარეო თვალსაზრისით; ახლა იმის მტკიცება, რომ უგულავა პოლიტპატიმარი არ არის, ქვეყანაში არსებული მწვავედ პოლარიზებული გარემოს გამო საქართველოს გარშემო შექმნილ საერთაშორისო კონიუნქტურაში, იოლი სულაც არ იქნება. ასე რომ, პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, უგულავას ციხეში გაშვება ნამდვილად პრობლემურია და ცალსახა პასუხი, რა გავლენას მოახდენს ეს პოლიტიკურად, ცალსახა არ არის. რისკი, რომ „ოცნება“ პოლიტიკურად დაზარალდება - უდავოდ არსებობს.

მეორეს მხრივ - სამართლებრივი თვალსაზრისით რაიმე არსებითი პრობლემა, არა მგონია, არსებობდეს: 48 მილიონის მოპარვა მტკიცებულებებით დადასტურებულია, არც წარდგენილი ბრალი და არც უზენაესი სასამართლოს მიერ დაკისრებული სასჯელის ადექვატურობა, პირადად ჩემთვის - ეჭვს არ იწვევს.

თუ მთავარი კითხვა ეს არის: "რა უფრო მნიშვნელოვანია - პოლიტიკური კონიუნქტურა თუ კანონი და მისი უზენაესობა?" - პასუხი ნათელია:

„Fiat iustitia, et pereat mundus!“ – „აღსრულდეს სამართალი და თუნდაც დაიქცეს ქვეყანა!“

ოღონდ, ეს ლათინური მაქსიმა უნდა მოქმედებდეს ყოველთვის, ნებისმიერ შემთხვევაში და უკლებლივ ყველას მიმართ. თუ ასე არ არის და ზოგ შემთხვევაში კონიუნქტურას მაინც უწევს ანგარიშს სამართალი და ზოგ შემთხვევაში არა, მაშინ გვაქვს ის, რაც გვაქვს - კრიზისი.

ვერ ვიტყოდი, რომ ეს - მართლმსაჯულების მწვავე კრიზისია. მაგრამ "კოაბიტაციაზე" აღმოცენებული პარტიულ-პოლიტიკური სისტემის კრიზისი, თუ საერთოდაც კრახი არა - უდავოდ არის. ეს კრიზისი არ იქნებოდა, რომ თავის დროზე სამართალს არ გაეწია ანგარიში კონიუნქტურისათვის, არ დაეშვა „კოაბიტაციური“ კომპრომისი: ე.ი. უგულავასაც და სხვებსაც ჩადენილ ბოროტმოქმედებათა გამო დამსახურებული სასჯელი მიეღოთ დროულად, ანუ გაცილებით უფრო შესაფერის დროს. მაგრამ: ახლა რომ დაგვიანებულიცაა და დროც შეუფერებელია, მაინც არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ კონიუნქტურასთან სამართლის კომპრომისი, ე.ი. „კოაბიტაცია“ უსასრულოდ უნდა გაგრძელდეს...

კიდევ ერთიც: შერეული საარჩევნო სისტემის მოქმედი მოდელი, ე.ი. „77+73“, როგორც ჩანს, ძალაში რჩება. სამართლის უკომპრომისობა, რაც, შესაძლოა, პოლიტიკურად მართლაც აზარალებს „ოცნებას“, კომპენსირდება, რადგან „100+ 50“-ის შემთხვევაში (რაც ოპოზიციისთვის უფრო ხელსაყრელია),მაგრამ - უგულავას დაჭერის გარეშე, ოპოზიცია დაახლოებით იმდენივე მანდატს აიღებდა; ხოლო ოპოზიციის შემოგდებულ "ტრუხა" მოდელებზე (120+30 და სხვ.) „ტუფტა ბაზარი“ მოკვდა და ესეც კაია," - წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ