დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„ყველაზე ცუდი სცენარი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის შეწყვეტა იქნება“ 12.02.2020 12:38

ამერიკის ხმის“ (Voice of America)  ვებ-გვერდზე სათაურით „ყველაზე ცუდი სცენარი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის შეწყვეტა იქნება“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ აშშ-ის ომის კოლეჯის პროფესორთან, გადამდგარ პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონთან, რომელიც ჟურნალისტს საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზე და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ  ესაუბრება.


როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუსოღლუმ დავოსში ერთ-ერთი შეხვედრის დროს, განაცხადა, რომ დასავლეთმა საქართველო ნატოში უნდა მიიწვიოს და რომ რუსეთის გაღიზიანებაზე არ უნდა იფიქროს.


ამერიკელი ექსპერტის აზრით, თურქეთის პოზიცია თანმიმდევრულია, რადგან წლების მანძილზე ანკარა ნატოს გაფართოებას და ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას მხარს აქტიურად უჭერდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ადგილი ნატოშია. თურქეთი ასევე ცდილობს დააბალანსოს საკუთარი ურთიერთობა ნატოსთან და რუსეთთან და პრაგმატული ურთიერთობა შეინარჩუნოს ორივესთან.


რობერტ ჰამილტონი იქვე შენიშნავს, რომ საერთოდ, პატარა ქვეყნებმა, რომლებსაც დიდი მეზობლები ჰყავს, ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ შეძლება ვინმემ სავაჭრო თემად გამოიყენოს. მისი თქმით, იგი არ ფიქრობს იმას იმას, გაყიდის თუ არა თურქეთი საქართველოს ნატოში წევრობას რუსეთისგან რაღაცის მისაღებად. თურქეთი ნამდვილად ფიქრობს იმაზე, რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა ჰქონდეს, განსაკუთრებით სირიასთან მიმართებაში, სადაც მათი ინტერესები ყველაფერში არ ემთხვევა. ამასთან, არ მგონია, თურქეთის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის უკან წაღებამ საქართველოსთვის პრაქტიკული შედეგი მოიტანოს, რადგან ეს მხოლოდ თურქეთზე არაა დამოკიდებული.


თურქეთს საკუთარი მიზნები ამოძრავებს, როცა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. თურქეთს სჯერა, რომ სამხრეთ კავკასია უფრო სტაბილური იქნება, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდა. თურქეთს კი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა სურს და მისთვის უკეთესი იქნება, თუ აღმოსავლეთით ნატოს ბოლო წევრი თვითონ არ იქნება.


საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთის ნატოს წევრად დარჩეს. თუ თურქეთმა ალიანსი დატოვა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების არანაირი პერსპექტივა არ ექნება, რადგან ნატოსთვის ის მოწყვეტილი ტერიტორია იქნება, როგორც კუნძული.


სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს დაცვა არაფრით განსხვავდება ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის დაცვისგან. თუმცა საქართველოს ზოგიერთი ისეთი უპირატესობა აქვს, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს არ აქვს. მაგალითად, ლანდშაფტი (იგულისხმება კავკასიის ქედი), რომელიც სამხედრო თვალსაზრისით მოწინააღმდეგისთვის (ანუ რუსეთისათვის) ბარიერების შემქმნელია, ნატოს წევრი თურქეთის მხრიდან კი ადვილი მისადგომია. ბალტიისპირეთს ეს არ აქვს.


როგორც ამერიკელი ექსპერტი მიიჩნევს, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ამ ეტაპზე არა სამხედრო საკითხს, არამედ პოლიტიკურ საკითხს წარმოადგენს. ცნობილია, რომ საქართველომ ნატოში გასაწევრიანებლად ყველა მოთხოვნილება დააკმაყოფილა და ქართული ჯარი დღითიდღე იხვეწება. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში მიღებას, მაგრამ მხოლოდ აშშ-ის მხარდაჭერა არასაკმარისია. რობერტ ჰამილტონი ხაზს უსვამს, რომ რადგანაც ნატოს ყველა წევრს, აშშ-ის ჩათვლით, თანაბარი უფლებები აქვთ, ამიტომ აუცილებელია ნატოს სხვა წევრების თანხმობაც. მაგრამ იმავდროულად, აშშ-ის პოზიტიურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: „ამერიკის მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა. მაგრამ თუ შეერთებულმა შტატებმა ეს თანადგომა უკან წაიღო, არ მგონია საქართველოს ნატოში გაწევრიანების რაიმე შანსი დარჩეს“, - ამბობს ექსპერტი.


რობერტ ჰამილტონი ეხება აგრეთვე  საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის ასპექტებს, ბოლო მოვლენების ფონზე და ამბობს:


„ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება დადგეს დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში, ისაა, რომ საქართველოს შეიძლება შეუმცირდეს ან შეუწყდეს ზოგიერთი დახმარება, რომლსაც ამერიკა საქართველოს უკვე ათწლეულებია უგზავნის. ან შეიძლება დახმარების დონე უბრალოდ შემცირდეს. ამაზე მნიშვნელოვანი კი სხვა რამაა. როგორც წეღან აღვნიშნე, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე უკიდურესად მნიშვნელოვანია. თუ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს - როგორიცაა მაგალითად გამჭვირვალობა, ანტი-კორუფციული რეფორმები, კარგი მმართველობა, რაც ასევე საჭიროა ნატოში გასაწევრიანებლად - შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა შეამციროს. ვფიქრობ, ამას უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, ვიდრე დოლარების ოდენობის შემცირებას“.


ინტერვიუს დასასრულს, რობერტ ჰამილტონი ოპტიმისტურად აფასებს საქართველოს პერსპექტივას და „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან აცხადებს: „საქართველოში არჩევნები საკმარისად თავისუფალი და სამართლიანია და ხალხს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება. საქართველო არ არის ავტორიტარული, რეპრესიული ქვეყანა, სადაც თუ ხალხმა მოინდომა, მთავრობას ვერ შეცვლის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ უფრო მეტად 2024 წლის არჩევნებში, როცა ქვეყანა ნამდვილად იქნება გადასული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ხალხს მთავრობის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემა“.


წყარო: „ამერიკის ხმა“

https://www.amerikiskhma.com/a/view-from-washington-bob-hamilton/5281623.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ