დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი 12.02.2020 22:08

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული პირის ადვოკატმა ლევან ჯავახაძემ ექსკლუზიურად განუცხადა, გინეკოლოგმა ბესარიონ ღარიბაშვილმა მასთან კონსულტაციაზე მისულ ახალგაზრდა ქალს ირმა მაისურაძეს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა. ადვოკატის ინფორმაციით, 31 იანვარს ირმა მაისურაძე სხვა გინეკოლოგმა, კერძოდ გოჩა გელაშვილმა ამშობიარა. ჯავახაძის განცხადებით, საქმეში გინეკოლოგების გარდა, ჩართული იყო კიდევ ოთხი ქალი: დიანა კომახიძე, მზია უგრეხელიძე, ლაირა გრიგოლია და ქეთევან გეწაძე. აღნიშნულ საქმეში ადვოკატი ლევან ჯავახაძე ერთ-ერთი შუამავლის ლაირა გრიგოლიას ინტერესებს იცავს.

 

„ვინმე მეან-გინეკოლოგთან ბესარიონ ღარიბაშვილთან კონსულტაციაზე მივიდა ირმა მაისურაძე, რომელსაც აბორტის გაკეთება უნდოდა. როგორც ბრალის დადგენილებაში წერია, ბესარიონ ღარიბაშვილმა მას აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილება შესთავაზა. დაითანხმა ეს გოგონა ამაზე, რის შემდეგაც ორსულობა გაგრძელდა ჩვეულებრივად. 31 იანვარს გოგონა სხვა გინეკოლოგმა, გოჩა გელაშვილმა, ამშობიარა. ამის შემდეგ, ახალნამშობიარები გოგო საავადმყოფოდან გაწერეს, როგორც თინათინ ჩხეიძე და არა როგორც ირმა მაისურაძე. ამ ერთგვარ გარიგებაში ჩართული იყვნენ ქალბატონებიც: დიანა კომახიძე, მზია უგრეხელიძე, ლაირა გრიგოლია და ქეთევან გეწაძე. მზია უგრეხელიძის მხრიდან „მყიდველების“ მოძიება მოხდა, რომლებიც, როგორც ირკვევა ჩანერგილი აგენტები არიან. ახალშობილი გადასცეს ამ ვითომ მყიდველებს, ხოლო 6 თებერვალს ყველა მოქმედი პირი დააკავეს,“ - განაცხადა ლევან ჯავახაძემ.

 

ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში ბავშვის სანაცვლოდ აღებული კონკრეტული თანხა არ ფიგურირებს. მისივე თქმით, ის, რომ ბრალდებულებმა ახალშობილის სანაცვლოდ 13 ათასი დოლარი მოითხოვეს, ბრალის დადგენილებაში არ წერია. „არანაირი თანხა არც საქმეში და არც ბრალდებაში არ წერია. ფინანსური ინტერესი იყო, თუმცა კონკრეტული თანხის ოდენობა არსად არ ჩანს. 13 ათასმა დოლარმა საიდან გაიჟღერა, ვერ ვხვდები. იმის მტკიცებულება, რომ დედამ ბავშვის სანაცვლოდ თანხა მიიღო, არ გვაქვს,“ - აღნიშნა მან. კითხვაზე, როგორ გახსნეს სამართალდამცველებმა აღნიშნული საქმე, ადვოკატი პასუხობს, რომ ამ საქმეზე ფარული მიყურადება იმ წამიდან ხორციელდებოდა, როდესაც გარიგება შედგა.

 

„ფეხმძიმობის პერიოდშივე მიდიოდა ამ საქმის დამუშავება. იმ წამიდან, როცა გარიგება მოხდა, დაიწყო თვალთვალი, ფარული მიყურადება, ამათი შეხვედრების ვიდეო ჩაწერა და ა.შ. საკმაოდ მყარი საქმეა,“ - განაცხადა ადვოკატმა. კითხვაზე აღიარებენ თუ არა ბრალდებულები დანაშაულს, ლევან ჯავახაძე პასუხობს, რომ თავდაპირველად ისინი დუმილის უფლებას იყენებდნენ, თუმცა სასამართლოზე, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, გაჟღერდა პოზიციები, რომ ისინი თავს დამნაშავედ სცნობენ. „აღკვეთამდე ყველამ შეინარჩუნა დუმილის უფლება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას გაჟღერდა პოზიციები, რომ ისინი თავს დამნაშავედ სცნობენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ფაქტი დაადასტურა, ხოლო დანაშაულში მონაწილეობაზე ჯერ თავს იკავებს. რაც შეეხება დედას, მან ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, რადგან შეუძლოდ გახდა და სასწრაფოთი გადაიყვანეს,“ - განაცხადა ლევან ჯავახაძემ.

 

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ადვოკატი ლევან ჯავახაძე გირაოს ოდენობასაც აზუსტებს, რის სანაცვლოდაც ბრალდებულები გათავისუფლდნენ. კერძოდ, მისი თქმით, ბავშვის დედისთვის შეფარდებული გირაო 2 ათასი ლარია, გინეკოლოგებისთვის 7-7- ათასი ლარი, ხოლო შუამავლებისთვის 5-5 ათასი ლარი. ადვოკატი ასევე განმარტავს, რატომ მოხდა ბავშვის გაყიდვაში ბრალდებული პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება. „ტრეფიკინგსა (სსკ-ის 143 მუხლი) და იმ მუხლს (სსკ-ის 172) შორის, რომელიც ახლა ჩვენ ბრალად გვაქვს წარდგენილი, ძალიან პატარა სხვაობაა. აქ ეს სხვაობა გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ 172-ე მუხლში არის ასეთი დათქმა: არასრუწლოვანის ყიდვა/გაყიდვა შვილად აყვანის მიზნით. ასეთი დათქმა ტრეფიკინგს არ აქვს,“ - განაცხადა ლევან ჯავახაძემ.

 

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით. საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ