დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს „ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განიხილავს 14.02.2020 12:30

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

 

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით, მოსარჩელე ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომლის თანახმად, იგი ცნობილია დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩადენაში.

 

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას უშვებს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის არსებობისას. მოსარჩელის პოზიცით, სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ; აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტმა მას უფლებამოსილება შეუწყვიტა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე და დაარღვია კონსტიტუციის მოთხოვნა.

 

ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით დაუსაბუთებლად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან და დაერღვა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლება.

 

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. დავის საგანი: „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ