დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რა მოხდება თბილისის მაისის მინისტერიალზე - უმსუბუქებს თუ არა ევროპა სანქციებს რუსეთს? 15.02.2020 13:25

"ევროიინტეგრაციის გზაზე მდგარი საქართველო განსაცდელებს ევროპიდანაც იგერიებს. მომავალში შეიძლება ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობაც ძვირად დაუჯდეს. ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ევროპარლამენტიდან კიდევ დაატყდა. კერძოდ, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტზე ჩავადა დოკუმენტი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მოსაზრებები ამ საკითხზე არ დაემთხვა ოპოზიციისა და ევროდეპუტატების შეფასებებს. ევროდეპუტატ რასა იუკნევიჩის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” კარგად უნდა გააანალიზოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს გარკვეული პოზიციები. მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროპულ კურსს აზიანებს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით რა მოხდება თბილისის მაისის მინისტერიალზე? / უმსუბუქებს თუ არა ევროპა სანქციებს რუსეთს?


“საქართველოს დელეგაციას ამ სხდომაზე მოუხდა იმის აღიარება, რომ საქართველოს მოქალაქეთა მცირე ჯგუფი ბოროტად იყენებს უვიზო რეჟიმს ევროპაში დაუსაბუთებელი თავშესაფრის მისაღებად. სულ უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ამ სიკეთით საქართველოს მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა და ამ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა უვიზო რეჟიმის წესებს ემორჩილებოდა. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად უკვე 16-მა სახელმწიფომ აღიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საივრცეში ქართველები თავშესავაფარს ვეღარ მოითხოვენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი საკმაოდ აქტიური უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა. თუ ოფიციალური თბილისი ასე თვლის, მაშინ ეს საკითხი სხვა ევროპულ სტრუქტურაში - ევროსაბჭოშიც უნდა წამოსწიოს. ევროპის მინისტრთა კომიტეტის სხდომას, რომელიც ყოველწლიურად მაისში იმართება, წელს თბილისმა უნდა უმასპინძლოს. საქართველო, როტაციის წესით, კომიტეტის თავმჯდომარეა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა მინისტერიალზე რუსული დელეგაციაც დაპატიჟა. მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთის დელეგაცია თბილისში ჩამოვა. არ სახელდება შემადგენლობა. 6 წლის განშორების შემდეგ ევროპის საბჭოში დაბრუნებული რუსეთი დემოკრატიზაციისა და აგრესიის შეწყვეტის სურვილს მაინცდამაინც არ ამჟღავნებს. თუმცა, მას ევროპის საბჭოში კარს ფართოდ უღებენ. ექსპერტების აზრით, გამოჩნდა რუსეთისადმი ევროპის კეთილგანწყობისა და ევროპის აშშ-სთან უთანხმოების ზრდის ტენდენცია”, - დასძენს გამოცემა.

 

“ექსპერტთა განმარტებით, რუსეთის დაბრუნებით განსაკუთრებით დაინტერესებული არიან მილსადენი “ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის მონაწილე ევროპელი მოთამაშეები. ევროპის საბჭომ რუსეთის უკან მიღებით ფაქტობრივად მოხსნა სანქცია რუსეთის მიმართ. 2014 წლის აგრესიის შემდეგ რუსეთს ბევრი სანქცია დაუწესდა. ექსპერტების პროგნოზით, ევროკავშირი რუსეთს სანქციებს სრულად არ მოუხსნის, თუმცა შეამცირებს მათ მოცულობას. თავად რუსეთში აცნობიერებენ, რომ რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ, ევროპის საბჭოს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. რუსი კომენტატორების აღშფოთებას იწვევს ის, რომ ევროსტრუქტურებში, განსაკუთრებით ევროკავშირში, გადაწყვეტილებების მიღებისას პრევალირებს არა ძველი ევროპელების პოზიცია, არამედ ისეთი "რუსოფობიური" მოსაზრებები, როგორიც აქვთ პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“აშკარაა, საქართველო ცდილობს, არ შეეწინააღმდეგოს ევროპის საბჭოს რუსეთთან შერიგების ტენდენციას. თუმცა “გავრილოვის ღამის” გადატანის შემდეგ რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლა თბილისში ნიშნავს კიდევ ერთი რევოლუციური სცენარის გათამაშების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრი ლავროვი, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, თავის მაგივრად სხვას გამოაგზავნის”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ