დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ვიზიტი მიზანშეუწონელია... სხვანაირად საერთაშორისო სკანდალი მოხდება" -«Каспiй» 17.02.2020 12:28

 

აზერბაიჯანის ყოველდღიურ რუსულენოვან გაზეთ «Каспiй»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ვიზიტი მიზანშეუწონელია“ მიმოხილულია საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, განსაკუთრებით კი ყურადღება ეთმობა ქვეყნის ხელისუფლებისა და ოპოზიციის თვალსაზრისს მიმდინარე წლის მაისში თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას, რომელშიც, ბუნებრივია, რუსეთის დელეგაციაც მიიღებს  მონაწილეობას. თუმცა საქმე ეხება არა ზოგადად რუსეთის დელეგაციის მონაწილეობას, არამედ კონკრეტულად საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს, რომელიც მიუღებელია საქართველოს ოპოზიციისათვის - რუსული დიპლომატიური უწყების მეთაურს ბევრჯერ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“ - იგი რამდენჯერმე იმყოფებოდა სოხუმში, აფხაზ სეპარატისტთა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად, საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე.


გაზეთის კორეპონდენტი სალეჰ ბაიათი ესაუბრება აზერბაიჯანელ პოლიტოლოგს, კვლევითი ცენტრის „ატლასის“ ხელმძღვანელს ელხან შაჰინოღლუს, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ოპოზიციის ნეგატიური თვალსაზრისის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ნებას მისცემს სერგეი ლავროვს თბილისში ჩავიდეს, თუმცა, თვით პოლიტოლოგის აზრით, რუსი მინისტრის ვიზიტი საეჭვოა რომ მიზანშეწონილი იყოს:


- სერგეი ლავროვის თბილისში ჩასვლა იმ თვალსაზრისით, რომ იქნებ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გაუმჯობესდესო, ნაკლებპროდუქტიულია. ორი ქვეყნის ურთიერთობაში ყველაზე მთავარ ბარიერს ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს და მათი დეოკუპაციის მცირეოდენი შანსიც რომ იყოს, სერგეი ლავროვის ვიზიტს რაღაც აზრი მაინც ექნებოდა, მაგრამ რადგანაც რუსეთს ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ სურს, მაშინ მინისტრის ვიზიტს არანაირი მიზანშეწონილება არ აქვს.


ჩემთვის ძნელია იმის გაგება, თუ რატომ მიდის საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების დიდი ნაწილთან დასაპირისპირებლად და აცხადებს, რომ რუსეთის დელეგაციის მიღება აუცილებელიაო. თბილისის ნაცვლად მინისტერიალის ჩატარება სტრასბურგშიც შეიძლება. ადრეც ასე გაკეთდა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა თბილისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ რადგანაც რისკები არსებობდა, ამიტომ სტრასბურგში გაიმართა.


ზოგადად კი, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს გადასაწყვეტია, თბილისმა ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს. თუ საქართველოს ხელისუფლება მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარებას თბილისში დათანხმდება, მაშინ 47 ქვეყნის მინისტრებთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც უნდა მიიღოს - სხვანაირად საერთაშორისო სკანდალი მოხდება. თუ არ მიიღებს, მაშინ მოსკოვის მხრიდან გამორიცხული არაა რაიმე ისეთი ეკონომიკური სანქციის დაწესება, რომელიც საქართველოს საგრძნობ ზიანს მიაყენებს. არადა, საქართველო ჯერ კიდევ ისე მყარად არ დგას ფეხზე ეკონომიკურად, რომ მოსკოვის „საპასუხო ზომები“ დანაკარგების გარეშე გადაიტანოს, - ამბობს ელხან შაჰინოღლუ.


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: გაზეთი «Каспiй»

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ