დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„საქართველოდან კვლავ პოლიტიკური ლტოლვილები მოდიან“ 17.02.2020 13:03

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის გამოცემა „ოფსაით“-ში (Offsite) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოდან კვლავ პოლიტიკური ლტოლვილები მოდიან“, რომელიც ეხება საქართველოდან კვიპროსზე არალეგალურად ჩასული ქართველი მიგრანტების ბედს.

 

„2017 წელს პირდაპირი ავიარეისის - ქუთაისი-ლარნაკას  - გახსნის შემდეგ კვიპროსის რესპუბლიკის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეებმა თხოვნა დაუწყეს პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად. რამდენადაც ეს ქვეყანა არ ითვლება „ცხელ წერტილად“, კვიპროსი იძულებული გახდა ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოების სააგენტოსთვის (Frontex-ისათვის) მიემართა, რათა იმ ეკონომიკური მიგრანტების რაოდენობა შეემცირებინა, რომლებიც თავს პოლიტიკურ ლტოლვილებად ასაღებენ“, - ნათქვამია სტატიაში.

 

„საქართველო, ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენელი რესპუბლიკა, ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ იმავდროულად საქართველო კვიპროსისთვის პოლიტლტოლვილების სტატუსის მაძიებელთა მსხვილი მიმწოდებელია. ეს ადგილობრივ ხელისუფლებას თავის ტკივილს უჩენს“, - ფაქტის კონსტატირებას ახდენს გამოცემა.

 

ევროკავშირის კანონების მიხედვით, პოლიტლტოლვილის სტატუსის მაძიებლის დაუყონებლივი დეპორტირება აკრძალულია: ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ ჯერ მისი განცხადება უნდა განიხილოს, შემდეგ კი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დეპორტაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ თავშესაფრის მიღებაზე უარს ეტყვიან.

 

რადგანაც ევროკავშირის კანონები პოლიტლტოლვილების შესახებ საქართველოს ყველა მოქალაქემ არ იცის, ამიტომ მათ შუამავლები ეხმარებიან, რომლებიც ქართველებს, გარკვეული თანხის საფასურად, განუმარტავენ, როგორ შეიძლება ლეგალურად ჩავიდნენ კვიპროსზე და კანონიერად მიიღონ იქ ცხოვრების უფლება.

 

როგორც გამოცემა იტყობინება, კვიპროსის ხელისუფლებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით, საქართველოდან პოლიტლტოლვილის სტატუსის საძიებლად ჩასულთა ნაკადი უკვე უკონტროლო ხდება. ავიალაინერები ქუთაისიდან ლარნაკაში სამშაბათობით და შაბათობით დაფრინავენ. მგზავრებს შორის სულ უფრო ხშირად არიან ისეთები, რომლებსაც ლარნაკაში უკვე წინასწარ შევსებული განცხადება მოქვთ. შემდეგ საქმეში ერთვება კვიპროსელი ადვოკატი, რომელიც ეხმარება საქართველოს მოქალაქეს ლეგალურად დარჩეს კვიპროსზე. ქართველებს შუამავლისა და ადვოკატის მომსახურება 500-დან 1000 ევრომდე უჯდებათ.

 

როგორც კი ისინი ქუთაისიდან პირდაპირი რესით ჩამოდიან, საპასპორტო კონტროლის დროს ირკვევა, რომ მათ ან არასაკმარისი ფული აქვთ თან წამოღებული, ან სასტუმროში ცხოვრებისათვის ნომერი არ აქვთ დაჯავშნული, - წერს გამოცემა, - მათ ატყობინებენ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევის გამო ისინი სახლში - სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. სწორედ ამ დროს მათ ხელში ქაღალდის ფურცელი ჩნდება ტელეფონის ნომრით, რომელზეც ისინი რეკავენ. ლარნაკის აეროპორტში ყოველთვის ერთი ბერძენ-კვიპროსელი ადვოკატი დადის. იგი საპასპორტო კონტროლის თანამშრომელს უცხადებს, რომ მისი კლიენტი პოლიტლტოლვილის სტატუსის მისაღებად განცხადებას დაწერს.

 

საბოლოო ჯამში, ლარნაკის აეროპორტის საპასპორტო კონტროლის სამსახურის ოფიცერს არჩევანი აღარ რჩება - იგი საქართველოს მოქალაქეს ქვეყანაში შესვლის ნებართვას აძლევს.

 

კვიპროსის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ საქართველოში არის არხები, რომელთა მეშვეობით კუნძულზე არალეგალური მიგრანტები ჩადიან. ამ მოვლენასთან საბრძოლველად მთავრობა Frontex-ის ექსპერტების გამოყენებას გეგმავს. ისინი ქუთაისში ჩავლენ და ადგილობრივ აეროპორტში ლარნაკაში წამსვლელ ყოველ მგზავრს შეამოწმებენ. ექსპერტები იმ მოქალქეებს საქართველოშივე დატოვებენ, რომლებიც კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესასვლელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

 

https://www.offsite.com.cy/eidiseis/topika/aitites-politikoy-asyloy-katafthanoyn-soridon-apo-tin-georgia

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ