დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

შემობრუნება თბილისის ციდან: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთს მილიარდობით რუბლი დაუჯდა, მაგრამ „რუსოფობიასთან“ ბრძოლა მაინც გრძელდება 18.02.2020 13:32

 

რუსულ გაზეთ „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „შემობრუნება თბილისის ციდან: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთს მილიარდობით რუბლი დაუჯდა, მაგრამ „რუსოფობიასთან“ ბრძოლა მაინც გრძელდება“ (ავტორი - დარია კოზლოვა).


პუბლიკაციაში განხილულია სიტუაცია, რომელიც გასული წლის ზაფხულიდან საქართველოსა და რუსეთის ავიამიმოსვლის სფეროშია შექმნილი.


„რუსეთის უკანასკნელი თვითმფრინავი - კომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი  „აერობუსი A-321 რეისით SU1893 თბილისიდან 8 ივლისს, დილის 4 საათზე და 51 წუთზე გამოფრინდა მოსკოვისაკენ. მას შემდეგ საქართველოს ცა რუსული თვითმფრინავებისთვის დახურულია. რასაკვირველია, ამით ქართული და რუსული ავიაკომპანიები მნიშვნელოვნად ზარალობენ, მაგრამ ასევე ზარალდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, მგზავრები, ვისთვისაც საქართველოსთან კავშირები აუცილებელია“, - ნათქვამია სტატიაში.


„რთულია წარმოიდგინო დიპლომატიური სკანდალის ისეთი უაზრო საბაბი, რომელიც გასული წლის ივნისში საქართველო-რუსეთს შორის მოხდა: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის დაჯდომამ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო ადამიანები და ავიაკომპანიები შემოვლით გზებს ეძებენ საქართველოში წასასვლელად“, - წერს ავტორი და აღწერს საკმაოდ უჩვეულო სიტუაციას, რომელიც მოსკოვი-ერევნის თვითმფრინავში ხდება ხოლმე: თუ როგორ იცვლიან ფორმას ბორტგამყოლები ერევნიდან თბილისში გასაფრენად.


საქმე იმაშია, რომ ამჟამად მოსკოვიდან თბილისში და თბილისიდან მოსკოვში მხოლოდ სატრანზიტო ავიარეისით თუ მოხვდები, ანუ მოსკოვიდან ჯერ ერევანში უნდა ჩაფრინდე, შემდეგ იგივე თვითმფრინავით - თბილისში. ცხადია, ასეთი მარშრუტი დამატებით სირთულეებს ქმნის, მაგრამ სხვა გამოსავალი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.


პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობას ჯერ კიდევ არ გადაუხდია კომპენსაცია რუსული ავიაკომპანიებისათვის იმ ზარალისათვის, რომელიც მათ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტით განიცადეს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ზარალის ანაზღაურება არც მოხდება. ბუნებრივია, ასევე დაზარალდა ქართული მხარეც.


„მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით რუსულ-ქართული ზეცა ოფიციალურად დახურულად ითვლება. შარშან სექტემბერში ხმამაღალი განცხადება გაისმა - გაეროს სესიაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ პირადად იგი მიესალმება ფრენების განახლებას, მაგრამ არაფერი შეცვლილა - „ურემი ისევ იქ დგას“.


მოსკოვი კვლავ იმეორებს ყბადაღებულ მიზეზს - „სანამ საქართველოში სიტუაცია არ დალაგდება და რუსოფობიური კამპანია არშეწყდება, სანამ ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, მანამ ფრენების განახლებაზე ლაპარაკი ზედმეტიაო“, - ახლახან ასე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ. მოკლედ, საქმე ისეთი პირი უჩანს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის დათბობას კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ“, - ასეთ დასკვნას აკეთებს პუბლიკაციის ავტორი.


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Новая газета»

https://novayagazeta.ru/articles/2020/02/17/83971-razvorot-nad-tbilisi

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ