არაბთა გაერთიანებული საემიროების გამოცემა „ტაიმ აუტ დუბაი“ («Time Out Dubai») აქვეყნებს მასალას კავკასიაში და კერძოდ საქართველოში, ტურისტული მოგზაურობისა და ღირშესანიშნაობების შესახებ სათაურით „საგაზაფხულო შეთავაზებები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამოგზაუროდ“.
როგორც პუბლიკაციის ავტორი დარა მერფი აღნიშნავს, საემიროების ტურისტული ოპერატორი „ჰოლიდეი ფექთორი სფრინგ“ (Holiday Factory spring) იწვევს მსურველებს სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანში, სომხეთში და საქართველოში საგაზაფხულო მოგზაურობისათვის სისტემით „ყველაფერი უზრუნველყოფილია“, რომელიც გულისხმობს სასტუმროში ცხოვრებას, დაზღვევას, გიდებით მომსახურებას და ა.შ.
რაც შეეხება საქართველოს და მის დედაქალაქ თბილისს, პუბლიკაციაში ნათქვამია:
„საქართველო - ესაა კავკასიის მთიანი სოფლები, შავიზღვისპირა პლაჟები, კლდეში გამოკვეთილი მონასტრები, მაგალითად, მე-12 საუკუნის ისტორიული ძეგლი ვარძია... გიზიდავთ მსგავსი ღირსშესანიშნაობები? თუ ასეა, მაშინ საქართველო თქვენი არჩევანი უნდა იყოს. და ეს ყველაფერი არ არის, „ჰოლიდეი ფექთორი“ გთავაზობთ აგრეთვე დასვენების პაკეტს საქართველოში - ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, რომელიც ბორჯომის რაიონში მდებარეობს“.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge