სომხური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ხშირად ქვეყნდება მასალები, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონს ეხება და მათში კავკასიასთან კავშირზე, კერძოდ, საქართველოს შესახებაცაა საუბარი. ასე მაგალითად, დღეს, 20 თებერვალს გაზეთ „ლრაგირ“-ში (Լրագիր) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შემდეგი ბათუმი იქნება: საქართველო დარტყმისათვის უნდა მოემზადოს“ (ავტორი აკოფ ბადალიანი, პოლიტიკური მიმომხილველი).
პუბლიკაციაში გაანალიზებულია სირიაში შექმნილი მწვავე სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია, განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა თურქეთის დამოკიდებულებას სირიის მიმართ. როგორც ცნობილია, სირია 1920 წლამდე ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო და იდლიბის პროვინციაც მის შემადგენლობაში შედიოდა. დღეს იდლიბი, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს, ანკარას თავისი ინტერესების სფეროდ და გავლენის ზონად მიაჩნია. სწორედ ამიტომ პროვინციაში თურქეთმა თავისი სამხედრო ნაწილები შეიყვანა. იქვე მზადყოფნაშია სირიის არმიის ნაწილებიც (რუსებთან და ირანელებთან ერთად), რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აქვთ განზრახული.
„თურქეთის მიზანს ოსმალეთის იმპერიის აღდგენა წარმოადგენს, ნაწილობრივ მაინც - ალეპოსა და ბათუმის ჩათვლით. იდლიბის სტატუსთან დაკავშირებით მოსკოვში ამას წინათ გამართული მოლაპარაკება ჩაიშალა. რას მოასწავებს ეს - მოხდება თუ არა თურქეთ-რუსეთის შეტაკება იდლიბის გამო? ან შეთანხმდებიან თუ არა რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი? რუსი ექსპერტები ამ საკითხს მთელი სერიოზულობით განიხილავენ. ინადება კითხვა - კიდევ ხომ არ მოხდება ისე, რომ მოსკოვი და ანკარა სომხეთის ინტერესების ხარჯზე მოილაპარაკებენ? როგორი პირობები იქნება?
ამ დრეებში რუსეთის ოფიცერთა კავშირის თავმჯდომარემ, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა სერგეი ლიპოვოიმ, რომელიც ადრე რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის სასაზღვრო ოლქის ავიაციის სარდალი იყო, განაცხადა, რომ თუ თურქეთი სირიის იდლიბის პროვინციას ხელში ჩაიგდებს, მაშინ მისი მომდევნო სამიზნე ბათუმი იქნება. საქართველო ამჟამად კავკასიის სუსტ წერტილს წამოადგენს. 2018 წლიდან დაწყებული, საქართველოს აზერბაიჯანთან სასაზღვრო დაძაბულობა აქვს. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ როგორი ძლიერი გავლენა აქვს საქართველოს საშინაო ცხოვრებაზე თურქულ-აზერბაიჯანულ ლობისტებს.
ამას წინათ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ძლიერი საქართველო მხოლოდ ძლიერი აზერბაიჯანის პირობებში იქნებაო. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება ბათუმის მიმართ საინტერესო გარემოებას წარმოადგენს. „ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა აჭარა გააკონტროლა, რომელიც ასლან აბაშიძის მმართველობის დროს რუსულ ანკლავად იყო გადაქცეული. იმავდროულად მიხეილ სააკაშვილმა ფართოდ გააღო აჭარის კარი თურქულ-აზერბაიჯანული ექსპანსიისათვის. ამრიგად, ბათუმის პრობლემა ისევ დარჩა, ფაქტიურად მხოლოდ კონტექსტი შეიცვალა.
გავიხსენოთ, რომ დასავლეთმა, ფაქტიურად, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკავებას რუსეთის მიერ. რა მნიშვნელობა აქვს დასავლეთისათვის ბათუმს, რომელიც საინტერესოა რგორც თურქეთისათვის, ასევე რუსეთისათვის? აჭარის მიმართ დასავლეთის პოზიციის გარკვევისათვის საინტერესოა სევრის ხელშეკრულების დებულებები, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა ჩამოაყალიბა 1920 წელს. სხვათა შორის, ამ დოკუმენტს მიმდინარე წელს 100 წელი უსრულდება. სევრის ხელსეკრულების მიხედვით, სომხეტს სავ ზღვაზე გასასვლელი ბათუმის ნავსადგურით ეძლეოდა.
თუ საქართველო ამ ხელშეკრულებას დაუბრუნდება, მაშინ თბილისმა შეიძლება რუსულ-თურქული ამბიციების მარწუხებს თავი დააღწიოს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს გზა ასი წლის წინ გვაჩვენა. დღევანდელ სიტუაციაში საუკუნის წინ მიღებული გადაწყვეტილება აქტუალური ჩანს, განსაკუთრებით რუსეთ-თურქეთის 1921 წლის (მოსკოვისა და ყარსის) ხელშეკრულებების ფონზე, რომელსაც გაისად ასევე 100 წელი უსრულდება.. ბოლოსდაბოლოს, სწორედ ამ ხელშეკრულებების მიხედვით გადაეცა ბათუმი საქართველოს, სომხური პროვინციების - სურმალისა და არარატის სანაცვლოდ, რომლებიც თურქებს დაუტოვეს“, - ნათქვამია სტატიაში.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: «Լրագիր» (სომხეთი)
http://www.ctv.by/natiya-turnava-gruziya-zainteresovana-belorusskom-elektrotransporte
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge