სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ ის საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. „01:34:00-დან უყურეთ ამ ინტერვიუს. მე მგონი ძალოვანი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ ადვოკატის სკანდალური განცხადებით და დაკითხონ იგი ტერორისტული აქტის მომზადებაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში“,- წერს სოსო გოგაშვილი და “ალტ ინფოსთან” მარიამ კუბლაშვილის ინტერვიუს აზიარებს.
შეგახსენებთ, რომ მარიამ კუბლაშვილმა “ალტ ინფოსთან” მიცემულ ინტერვიუში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. იგი განმარტავს, თუ რატომ ახსენებს ერთი და იგივე ადამიანის სახელს მალხაზ მაჩალიკაშვილი. „რატომ ახსენებს ერთი და იგივე ადამიანის გვარს აკვიატებულად მალხაზი და სწორედ მის მიმართ გააჩნია აგრესია, ესეც მაშფოთებს, სიმართლე გითხრათ. ის, არც იცნობს, არც უნახავს თვალით და ჩემი თანდასწრებით, მე ვიყავი, მალხაზი იყო, ერთ-ერთმა ადამიანმა პირდაპირ აჩვენა და უთხრა, რომ ეს ადამიანი არის შენი შვილის მკვლელი და ამან დაგეგმა ყველაფერი, აქედან გაჩნდა , ფოტოც არ მქონდა საერთოდ ამ ადამიანის ნანახი. ეს პიროვნება (გოგაშვილი) მაშინ იყო მოადგილე. მაშინ მოადგილის გარდა ამ სპეცოპერაციის დამგეგმავი მინისტრიც იყო, უფროსიც იყო, დირექტორიც იყო, მისი მოადგილეც იყო. ძალიან ცნობილი ფიგურაა ეს ადამიანი, ძალიან მებრძვის, იცის, რომ ამ ყველაფრის მოწმე ვარ. მე ვარ თვითმხილველი იმ ფაქტის, როცა გვაჩვენეს ეს ფოტო და მე მაშინ ვნახე პირველად, ვინ არის გოგაშვილი, გვარიც არ ვიცოდი სიმართლე გითხრათ", - ამბობს კუბლაშვილი.
"მე შემიძლია ნებისმიერ ჩვენებაზე მოვაწერო ხელი და დავადასტურო ეს ფაქტი, ასევე მორალურად დავიფიცო და საერთოდ ყველაფერი გავაკეთო. ამ ადამიანმა მე თვითონაც მაჩვენა და მე გამიკვირდა, მე თვითონაც ძიებაში ვიყავი. ამ ეტაპზე არ გავაჟღერებ, თუმცა იცის, მებრძვის და თვითონვე წერს თავის სტატუსებშივე, ძალიან კარგად ეცნობა ჩემი განცხადება. ასე დააჯერეს და რა ინფორმაციებს აწვდიან, აღარ მეუბნება, შეიძლება უარეს ინფორმაციებსაც აწვდიან და მტკიცებით ფორმაში ეუბნებიან იმიტომ, რომ იქ არის ხუთი თანამდებობის პირი. ხუთი თანამდებობის პირიდან ხუთივე გამოდის ხო სამიზნე ? მერე არის სპეციალური რაზმის სამსახური, სპეცრაზმელი ცალკე და სპეციალური რაზმის სამსახური ცალკე. ის მესამე პირი კიდევ, ვინც ოთახში იმყოფებოდა. ესე იგი შვიდი კაცი ხდება უცბად. სამიზნე იზრდება და რატომ მაინც და მაინც ერთი ადამიანი. მე ამას, რომ ვამბობ მაგ შემთხვევაში ყველაზე ადვილია ხოლმე ჩემზე თავდასხმა, რომ ეს აგენტია აუცილებლად იმ პიროვნების, რომელსაც არც კი ვიცნობ და თვალით არ მინახავს“,- აცხადებს კუბლაშვილი.
„საიდან მოვიდა ეს ვერსია მე არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური ვერსიაა სიტუაციის დამძიმებისთვის. ადამიანია ბოლოს და ბოლოს ეს სპეცრაზმელი, ვისაც შეეშალა, ეს არის ჩემი ვერსია, რისაც ძალიან მჯერა კი არა დარწმუნებული ვარ, შეეშალა ადამიანია და ესროლა. ის საფრთხე ასე აღიქვა. რატომ მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ვერსიაა ვიღაცის მიერ ჩაწვეთებული? იმიტომ, რომ მათ არ აწყობთ მსუბუქი ვერსიები, უნდათ, რომ მძიმე იყოს, მალხაზი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდეს. იყო ხოლმე გირგვლიანთან შედარებები. ეს არის პოლიტიკური ყველაფერი, მერე მიდიან, ვითომ გააჩნიათ რაღაცა წყაროები, ვითომ ფაქტებს ცნობენ, ვითომ ახლობლები ჰყავთ სპეცსამსახურებში და გამოაქვთ იქიდან ინფორმაცია. შვილმკვდარ მამას, რომელიც ქუჩაში დგას და გადასულია საერთოდ ჭკუიდან ასეთ ინფორმაციებს რომ აწვდი შენ მტკიცებით ფორმაში, არის თუ არა რაღაცისკენ ბიძგება? ეს ადამიანები მე უნდა ვამხილო, ვიცნობ ყველას და ვიცი ყველაფერი და დადგება ამ ყველაფრის დრო. მე ჯერჯერობით კიდევ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ“, - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge