დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა 22.02.2020 12:18

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმა“-ს დირექტორი გ.ნ, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ, ი.გ. და შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტი რ.კ. დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორი ნ.ბ. და საწარმოში გულგრილობის ფაქტზე შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერი თ.მ.  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „პრიზმა“-მ გაიმარჯვა. აღნიშნულ კომპანიასთან 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობის დროს, შპს „პრიზმა“-ს დირექტორმა, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლების  დახმარებით,  დოკუმენტებში 177 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ყალბად დააფიქსირა შესრულებულად  და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ აღნიშნულ თანხას თაღლითურად დაეუფლა.  შპს „პრიზმა“-ს დირექტორს თაღლითობაში დახმარება გაუწია  შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტმა, რომელმაც მის მიერ შედგენილ დასკვნაში არარსებული სამუშაოები შესრულებულად აჩვენა.

 

თავის მხრივ, შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორმა, რომელსაც სამუშაოების შესრულების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა ევალებოდა და შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერმა, რომელიც  საანგარიშგებო დოკუმენტებს ადგენდა, დოკუმენტებში არარსებული სამუშაოები შესრულებულად დააფიქსირეს.

 

სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შპს „პრიზმა“-სთან დადებული ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები სხვა კომპანიის მიერ დასრულდა.

 

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ვადით  6-დან 9 წლამდე).

 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ