დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრად უფრო მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურეა, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა 26.02.2020 14:55

 

 „პოლონეთის რადიოს“ კორესპონდენტი მაჩეი იასტჟემბსკი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, რადიომსმენელებს თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს. რადიოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია მისი საუბარი, რომელშიც ჟურნალისტი საუბრობს აფხაზეთზე და ე.წ. „სამხრეთ ოსეთზე“, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორიის შესახებ როგორც შუა საუკუნეებში, ასევე საბჭოთა და უახლეს პერიოდში. მაჩეი იასტჟემბსკი ხაზს უსვამს რუსეთის მადესტაბილიზებელ ფაქტორს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტებში.


გთავაზობთ ამონარიდებს საუბრიდან:


„მოსკოვი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხელს უწყობდა და აქეზებდა აფხაზ და ოს სეპარატისტებს თბილისის წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორივე რეგიონი დამოუკიდებლად აღიარა. კრემლის ეს ნაბიჯი საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის გაერომ, დაგმო და რასაკვირველია, პოლონეთმაც იგივე გააკეთა.


რუსეთმა, თავისი ინტერესების დაცვის მიზნით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზები შექმნა, ორივე რეგიონში რუსული ვალუტა და რუსული მმართველობაა გამეფებული. ყველგან რუსი ჯარისკაცები დადიან, ადგილობრივ დე-ფაქტო ხელისუფლებას ირგვლივ დანაშაულებრივი დაჯგუფებები ახვევია - ასეთია დღევანდელი რეალობა. აფხაზეთი, რომელიც შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად ითვლება, ძალიან დიდი გაჭირვება შეინიშნება და რუსეთთან ინტეგრირების გამო, დანარჩენი მსოფლიოსაგან ფაქტიურად იზოლირებულია.


კიდევ უფრო უარესი და ცუდი სიტუაციაა სამხრეთ ოსეთში, სადაც რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ბევრად აჭარბებს ადგილობრივი მოსახლეობის რიცხოვნობას. სამხრეთ ოსეთი, ფაქტიურად, რუსეთის არმიის პოლიგონადაა გადაქცეული. ბოლო ხანებში რეგიონში მედიკამენტებისა და ჰიგიენის საშუალებების კრიზისი გაჩნდა, „სამხრეთ ოსეთი“ ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე დგას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნადგურდება ქართული კულტურის ძეგლები.


კრემლი მიზანმიმართულ პოლიტიკას ატარებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იზოლირებული იყოს. რუსი მესაზღვრეები დგამენ სასაზღვრო ბარიერებს, ბანერებს, ბეტონის კედლებს, აბამენ მავთულხლართებს, აფიქსირებენ „საოკუპაციო ხაზს“, რომელსაც  სისტემატურად სწევენ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში. ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს, ამგვარი ე.წ. „საზღვრებით“ მათი ბაღ-ვენახები და სახნავი მიწები, წინაპართა სასაფლაოები გაყოფილია... რუსი მესაზღვრეები იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს, აპატიმრებენ და აჯარიმებენ ხელოვნურად ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის გამო. ამგვარი ფაქტები რეგიონში დესტაბილიზების საფრთხეს ზრდის და უსაფრთხოების დონეს ამცირებს“, - ამბობს მაჩეი იასტჟემბსკი.


პოლონეთის რადიოს კორესპონდენტი ეხება აგრეთვე საქართველოში შექმნილ საშინაოპოლიტიკურ სიტუაციას - იგი საუბრობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებზე:


„საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე რუსეთი საკმაოდ შესამჩნევ გავლენას ახდენს - მოსკოვს მრავალჯერ გამოუცხადებია ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, დახმარებას უწევდა პრორუსულ კანდიდატებს. 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებაში მმარტველი პარტია „ქართული ოცნებაა“, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. როგორც მისი მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, მილიარდერმა თავის ქონება რუსეთში დააგროვა. ოპოზიციის აზრით, „ქართული ოცნება“ მათ დევნის. ამჟამად ოპოზიცია გაერთიანებულია და მასში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. ბოლო დღეებში ოპოზიცია მიესალმა საპყრობილედან ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას, რომელმაც პატიმრობის შვიდწლიანი ვადა დაასრულა. ოპოზიციონერები საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვენ. მათი აზრით, თუ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, მმართველი „ქართული ოცნება“ ქვეყნის დამოუკიდებლად მართვას ვეღარ შეძლებს და ოპოზიცია რეალურად მოახდენს გავლენას სიტუაციაზე“, - ამბობს პოლონელი ჟურნალისტი.


მოამზადა: სიმონ კილაძემ

წყარო: Polskie Radio (პოლონეთი)

https://www.polskieradio.pl/5/1223/Artykul/2459305,Rosja-tworzy-poligon-na-okupowanej-czesci-Gruzji-Wiecej-zolnierzy-rosyjskich-niz-ludnosci

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ