დღევანდელ, 27 თებერვლის უცხოური მასმედიის ყველაზე მთავარი თემა საქართველოს შესახებ ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის პირველად დაფიქსირება-გამოვლენის ფაქტი წარმოადგენს. ამაზე წერს მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის ყველა წამყვანი საშუალება - ბრიტანული „როიტერი“, გერმანული „დოიჩე ველე“, ფრანგული „ფრანს-პრესი“, თურქეთის, რუსეთის, აშშ-ის მასმედიაც: მათში საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული, თუ როგორ და რა გზით აღმოჩნდა კორონავირუსი საქართველოში - ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოსული მოქალაქის მეშვეობით. ასევე გადმოცემულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომებიც.
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა პუბლიკაცია სათაურით „კორონავირუსი ჩინეთის გარეთ სწრაფად ვრცელდება, პირველი შემთხვევა უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა“, რომლის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის გამოვლენის ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი დანიშნა და ჟურნალისტებს ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებული ზომები გააცნო. „მოქალაქე, რომელიც ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, საქართველოს საზღვარზე მიკროავტობუსით მოვიდა, უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით შემოსილმა მესაზღვრეებმა შეამოწმეს, რაც მათი ინფიცირების რისკს ამცირებს. მესაზღვრეები კონტროლის ქვეშ იმყოფებიან და მათაც კარანტინში გადაიყვანენ“, - ციტირებულია ქართველი მინისტრის განცხადება „ბი-ბი-სი“-ს მიერ.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: BBC (დიდი ბრიტანეთი)
https://www.bbc.com/russian/news-51638998
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge