დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„საქართველო დაბეჯითებით თხოვს ევროკავშირს და დასავლელ პარტნიორებს, რომ მისი არსებობა არ დაივიწყონ და რუსეთის წინაშე ბედის ანაბარად არ მიატოვონ“ 27.02.2020 12:49

 

შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგ“-ში Neue Zürcher Zeitung») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო დაბეჯითებით თხოვს ევროკავშირს და დასავლელ პარტნიორებს,  რომ მისი არსებობა არ დაივიწყონ და რუსეთის წინაშე ბედის ანაბარად არ მიატოვონ“ (ავტორი - ანდრეას ერნსტი).


ციურიხის გაზეთის სტატია ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინტერვიუს, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინათ ბრიტანულ გაზეთში - „ფაინენშელ თაიმსში“ («Financial Times»)  დაიბეჭდა. როგორც ცნობილია, აღნიშნულ პუბლიკაციაში ქართული საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და საერთოდ, თავის დასავლელ პარტნიორებს მიმართავს, რომ უფრო აქტიურად დაეხმარნონ საქართველოს, რომელიც მნიშვნელოვან სტრატეგიულ რეგიონში მდებარეობს და ხელი შეუქყონ რუსეთის მიზეზებით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში.


შვეიცარიული გაზეთის ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს იმ მთავარ ბარიერზე, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინ ეღობება - რუსეთის აგრესიული ჩარევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებში. იგი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი დომინირებს შავ ზღვაზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფალ ნაოსნობას, რუსეთი ასევე არღვევს და ემუქრება საქართველოს კიბერსივრცეს - მოსკოვმა 2029 წელს რამდენიმე კიბერშეტევა განახორციელა საქართველოს სამთავრობო ვებ-გვერდებზე.


„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი თბილისისათვის ძირითად სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, მათ შორის დადებულია ასოცირების შეთანხმება და საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ დადიან ევროკავშირის ქვეყნებში, ევროპელებს მაინც არ ჰყოფნით სტრატეგიული შორსმჭვრეტველობა, რომ [საქართველოს ირგვლივ შექმნილი] სიტუაცია უფრო ღრმად გააცნობიერონ“, - ციტირებს ავტორი ქართველი პოლიტოლოგის კორნელი კაკაჩიას ნათქვამს, რომლის აზრით, მომავალშიც თუ ასე გაგრძელდება და რუსული საფრთხე გაიზრდება, მაშინ საქართველოს რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერულ სახელმწიფოდ გადაქცევა ემუქრება.


სტატიის ავტორი სკეპტიკურად უყურებს მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის დროსაც მან ყველასათვის გასაგონად განაცხადა „დასავლეთის გამარჯვების“ თაობაზე და აღმოსავლთ ევროპის ქვეყნებს დაახლოებით ერთი მილიარსდი დოლარით დახმარება აღუთქვა - პროექტ „სამი ზღვის ინიციატივის“ ჩარჩოებში. საქმე ეხება 12 აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოს, რომლებიც ადრიატიკის, შავსა და ბალტიის ზღვებს შორის არიან მოქცეულნი.


„ეს პროექტი 2016 წელს შემუშავდა და ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებაროებს, მასში ჩართული არ არის. რამდენად აქტიურად და რეალურად იქნება მხარდაჭერილი „სამი ზღვის ინიციატივა“ აშშ-ის მიერ, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. სკეპტიკოსები თვლიან, რომ ვაშინგტონი მხოლოდ იმითია დაინტერესებული, რომ ჩამოთვლილი ზღვების ნაპირებზე თხევადი გაზის ტერმინალები ააშენოს და ამერიკული გაზის ექსპორტი უზრუნველყოს, რუსული მილსადენური გაზის კონკურენციისათვის“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: Neue Zürcher Zeitung (შვეიცარია)

https://www.nzz.ch/international/georgien-fuerchtet-vom-westen-vergessen-zu-werden-ld.1542367

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ