დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ ,,ლირას" ლაურეატებს უმასპინძლა 29.02.2020 21:28

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ ,,ლირას" ახალგაზრდა, გამორჩეულ ლაურეატებს უმასპინძლა და მოწვეულ სტუმრებთან ერთად მათ მიერ შესრულებული ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები მოისმინა. ორბელიანების სასახლეში გამართულ კონცერტზე მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს: ლიზი მეგრელიშვილმა, ანაჰიტ სტელმაშოვმა, ბარბარა ჩხაიძემ, ეკა ნიკოლაძემ, ილია ლომთათიძემ, ბარბარე თათარაძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდა პიანისტებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოცემული მუსიკალური ნაწარმოებების კრებულები უსახსოვრა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ,,ლირას“ ლაურეატების კონცერტი პირველია ორბელიანების სასახლეში, თუმცა კლასიკური მუსიკის საღამოები და კონცერტების სერია გაგრძელდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. ,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს კონცერტი გაიმართა დღეს ორბელიანების სასახლეში ისე, როგორც ეს ამ სასახლესა და იმ ოჯახს შეეფერება, რომელიც ამ სასახლეში ცხოვრობდა. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ უდიდეს წარმატებას მიაღწევთ და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები საზღვარგარეთაც გაჟღერდება და უცხოეთშიც კარგად გაიცნობენ ქართველი კომპოზიტორების ნამუშევრებს. მეც მიმაჩნია, რომ სადაც და როგორც შემიძლია ხელი უნდა შევუწყო იმას, რომ საზღვარგარეთ უკეთ გაიცნონ ქართველი კომპოზიტორების მუსიკა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ფონდ ,,ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს ორბელიანების სასახლისათვის იმ მუსიკალური ინსტრუმენტის - როიალის ჩუქებისათვის, რომელზეც დღეს კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებს ასრულებდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები. პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ საქველმოქმედო ფონდი ,,ლირა" რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა პიანისტების გამოვლენისა და მხარდაჭერის მიზნით დააფუძნა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და ხელშეწყობას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ