დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ახალი ხელსაყრელი შესაძლებლობა: მაიკ პომპეო აშშ-სა და ევრაზიას შორის ურთიერთობას განამტკიცებს 02.03.2020 16:45

აშშ-ის ერთ-ერთ პოპულარულ გაზეთ «The Washington Times»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ახალი ხელსაყრელი შესაძლებლობა: მაიკ პომპეო აშშ-სა და ევრაზიას შორის ურთიერთობას განამტკიცებს“ გადმოცემულია აშშ-ის პოლიტიკის ანალიზი ევრაზიაში და სიტუაციის განვითარების სავარაუდო, ჰიპოთეტური სცენარი აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისათვის - თუ როგორ განვითარდება მოვლენები 2024 წლის შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე აღარ იქნება და რა უნდა მოიმოქმედოს ამერიკის შეერთებული შტატებმა პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის გაფართოებისათვის, როგორ უნდა დაეხმაროს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში (ავტორი - უეს მარტინი, გადამდგარი პოლკოვნიკი, სამხედრო ანალიტიკოსი).


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„აშშ-ის ინტერესების რეალიზება ევრაზიაში ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად დამუხრუჭდა, განსაკუთრებით ეს შეინიშნებოდა 2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ვლადიმერ პუტინი უკიდურესად დაუნდობლად მოეკიდა აშშ-ს მოკავშირეებს რეგიონში და ხელი შეუშალა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში. შესაბამისად, მოსკოვმა აღმოსავლეთით ალიანსის გაფართოების პროცესი დაამუხრუჭა და თავიდან აიცილა ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგება. კრემლმა ასევე ჩაშალა აშშ-ის საინვესტიციო გეგმებიც რეგიონის ბუნებრივი რესურსების ათვისების მიზნით, გაზსადენების მშენებლობის ჩათვლით


მიუხედავად ამისა, ვლადიმერ პუტინის მიერ ბოლო დროს რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებები აშშ-სათვის და მისი მოკავშირეებისათვის შესაძლოა ხელსაყრელი და მომგებიანი აღმოჩნდეს.


ჯერ ერთი, რომ უახლოესი წლების შემდეგ ვლადიმერ პუტინი, დიდი ალბათობით, თანამდებობას დატოვებს. ვინც არ უნდა მოვიდეს მის ადგილზე, იგი თავის წინამორბედზე სუსტი იქნება და შესაძლოა აშშ-სთან კონტაქტებზე უფრო იოლად წამოვიდეს, რაც, თავის მხრივ, ამერიკას მისცემს შესაძლებლობას - დაეხმაროს თავის მეგობრებსა და მოკავშირეებს, უპირველესად კი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას - მათი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.


საქართველომ თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შედეგად დაკარგა. საომარი მოქმედება უმთავრესად სეპარატისტული რესპუბლიკებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო ეტაპზე რუსეთის ჯარებმა შეტევა საქარტველოს ვრცელ ტერიტორიაზე განახორციელეს და ქვეყნის დედაქალაქ თბილისს მიუახლოვდნენ. ამ მომენტისათვის დიმიტრი მედვედევს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე მხოლოდ 6 თვე ჰქონდა ნამუშევარი, შესაბამისად, მას არც იმდენი გაბედულობა და არც იმდენი პოლიტიკური წონა არ ჰქონდა, რომ წინ აღდგომოდა პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს - თუნდაც ამის სურვილი რომ ჰქონოდა (სურვილი კი არ გამოუმჟღავნებია).


სწორედ ვლადიმერ პუტინმა შეუშალა ხელი საქართველოს მთავრობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე იურისდიქციის აღდგენაში. თუმცა ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც, თავის მხრივ, დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა, აშშ-ის გაფრთხილების მიუხედავად, შეტევაზე გადავიდა სამხრეთ ოსეთში და უგუნურად მოიქცა - დაუშვა შეტაკება საქართველოს ჯარებსა და რუს მშვიდობისმყოფლებს შორის.


თუ მსგავსი სიტუაცია უახლოეს წლებში კიდევ განმეორდება, სრულიად შესაძლებელია, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი არ იქნება. შეერთებულმა შტატებმა ხელსაყრელ დროს უნდა დაუცადოს და ვლადიმერ პუტინის წასვლის შემდეგ ურთიერთობა მის მემკვიდრესთან ააწყოს. სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტი წინაზე სუსტი იქნება, ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც. ეს იქნება შესაძლებლობა ვაშინგტონისათვის შეძლებისდაგვარად გააფართოვოს თავისი ყოფნა რეგიონში და იქაური მოკავშირეების პოზიციები გაამყაროს. ამასთან, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საჭიროა მათთან ნდობის განმტკიცება და თანამშრომლობის დონის ამაღლება თუ დიპლომატიის ტრადიციული მექანიზმით სარგებლობა სასურველ შედეგებს არ მოიტანს, მაშინ ამერიკას მოუწევს გააძლიეროს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტსა და მის გარემოცვაზე, ოჯახის წევრებზე, მათი პირადი ანგარიშების გაყინვის ჩათვლით, საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება რუსეთის იმ კომპანიებთან მიმართებით, რომლებიც მთავრობასთან არიან დაკავშირებულნი.


მეორე მომენტი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ რუსეთის კონსტიტუციის ცვლილებებში, ისაა, რომ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რატომ რთულდება პროცედურა სხვა სახელმწიფოსადმი ტერიტორიის გადაცემის საკითხში. აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს ოკუპირებული თუ სხვა სადაო ტერიტორიები, რომლებსაც მიეკუთვნება ყირიმი (რომელიც ვლადიმერ პუტინმა 2014 წელს მიიტაცა), კურილიის კუნძულები (რომელთა ოკუპირება იოსებ სტალინმა 1945 წელს განახორციელა), ასევე კალინინგრადის ოლქი (ყოფილი აღმოსავლეთ პრუსია, რომლის მოსახლეობა ევროკავშირთან ინტეგრაციას ნატრობს), ასევე ესტონეთთან მომიჯნავე ტერიტორიები.


ამრიგად, ვლადიმერ პუტინის გეგმებს, რომელიც კონსტიტუციის შესწორებებითაა გამოხატული, აშშ-მა და ნატოელმა მოკავშირეებმა საპასუხოდ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას სამხედრო დახმარების გაწევა უნდა დაუპირისპიროს.


აღმოსავლეთ ევროპაში დასავლეთს ორი მისია აქვს: გადაარჩინოს იმ ქვეყნების სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული იდენტობა, რომლებიც რუსეთის მიერ არიან დაჩრდილულნი, დაიცვას ისინი სხვა სახელმწიფოს აგრესიისაგან. საქმე ეხება რუსეთის სამხედრო მუქარებს და ჩინეთის ეკონომიკურ საფრთხეს. დასავლეთის დახმარება ასევე უნდა გულისხმობდეს ნატოს გაფართოებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგისაკენ - კავკასიისაკენ.


უახლოეს რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ სერიოზულად უნდა მოემზადოს და აქტიურად უნდა მოამარაგოს ნატოელი მოკავშირეები იარაღით, რეგულარულად ჩაატაროს სამხედრო წრთვნები (მაგალითად, Defender Europe 2020-ის მსგავსი, 2020 წლის აპრილ-მაისში ევროპის ათი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც), ასევე უნდა განალაგოს ნატოს სამხედრო საზღვაო ძალები შავი ზღვის აკვატორიაში. გარდა ამისა, ამერიკა არ უნდა მოერიდოს „მათრახისა და თაფლაკვერის“ მეთოდს ვლადიმერ პუტინის მემკვიდრესთან მიმართებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს შეერთებულ შტატებს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი, თუ ვაშინგტონი რონალდ რეიგანის მიერ ჩამოყალიბებულ პრინციპს - „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ - მიჰყვება და პარალელურად პუტინის მემკვიდრესთან კარგ ურთიერთობას ააწყობს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «The Washington Times» (აშშ)

https://www.washingtontimes.com/news/2020/feb/29/secretary-of-state-mike-pompeo-solidifies-relation/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ