უკრაინის მასმედია, მათ შორის პრესა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ კვირას ტელეკომპანია „1+1“ ეთერში გადაცემული ვოკალური შოუს „ქვეყნის ხმის“ («Голосі країни») დროს მომხდარ ინციდენტს, რომელიც გარკვეულწილად საქართველოსაც ეხება.
აი, რას წერს ჟურნალი «Новое время» სტატიაში „საერთაშორისო სკანდალის საბაბი: რატომ დაწერეს ვოკალური შოუს მონაწილის ტიტრებში „აფხაზეთი“.
საქმე იმაშია, რომ შოუ „ქვეყნის ხმაში“, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, აშშ-ში, კვირას მონაწილეობა მიიღო კიევში აფხაზეთიდან (ანუ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან) ჩასულმა ანჟელა კონსუზიანმა და მისი სახელი ტიტრებში აღნიშნული იყო არა როგორც საქართველოს, არამედ როგორც აფხაზეთის წარმომადგენელი (აფხაზეთის დამოუკიდებლობას, როგორც ცნობილია, მსოფლიოს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა არ აღიარებს - რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელის, ნაურუსა და სირიის გარდა).
ბუნებრივია, ასეთი სიტუაციამ როგორც ქართველი მაყურებლის, ასევე უკრაინელი ჟურნალისტებისა და მაყურებლების გულისწყრომა გამოიწვია. ტელეკომპანია „1+1“-ის ხელმძღვანელობამ საქართველოს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში და განაცხადა, რომ აფხაზეთს „საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ვიდეოკადრი, რომელზეც ანჯელა კონსუზიანის გამოსვლაა ასახული, „ჩასწორდა“ - თუ ადრე ტიტრებში ეწერა „აფხაზეთი, სოფელი ფშაფი“ (ეს სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა), ამჯერად მასზე წარწერა აღარ არის.
„ტელეარხი არანაირად არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ არაკორექტული ინფორმაცია ეთერში მოხვდა და სრულიად აღიარებს შეცდომას, რომელიც უყურადღებობით იქნა დაშვებული. ტელეარხი „1+1“ ოფიციალურად აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევას არანაირი პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ქვეტექსტი არ აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ტელეარხმა განმარტა, თუ როგორ და რატომ მოხდა ტიტრებში „აფხაზეთი“: ინტერვიუს ჩაწერის დროს შოუშ მონაწილემ კითხვაზე თავისი წარმოშობის შესახებ უპასუხა, რომ აფხაზეთიდან ჩამოვიდა. ტელეარხი აღიარებს, რომ ეს, რა თქმა უნდა არ ამართლებს ეთერში არაკორექტული ინფორმაციის გასვლას და ამიტომ ის ტანამშრომლები, რომლებმაც ასეთი შეცდომა დაუშვეს მკაცრად დაისჯებიან დისციპლინარული სასჯელით.
ვოკალური შოუშ დროს დაშვებულმა შეცდომამ, როგორც უკვე ითქვა, უკრაინაში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია. აი, რას წერს ჟურნალისტი ალექსანდრე ვოიტი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე: „სიტყვებს ვერ ვპოულობ, არ ვიცი, რა ვუწოდო იმას, რაც „ქვეყნის ხმის“ ეთერში მოხდა... წარმოგვიდგინეს მონაწილე და ტიტრებში „აფხაზეთი“ მიაწერეს. საქართველოს რომ გაეკეთებინა მსგავსი რამ და მომღერლის ქვეყნისთვის „დონბასის რესპუბლიკა“ მიეწერა, წარმომიდგენია, როგორი რეაქცია ექნებოდა უკრაინას“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: «Новое время» (უკრაინა)
https://nv.ua/style/znamenitosti/golos-krajini-2020-skandal-iz-za-uchastnicy-iz-nepriznannoy-respubliki-abhaziya-novosti-ukrainy-50073294.html
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge