დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"თუ დაიწყებს აღმავლობას, შეიძლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდონ" 03.03.2020 14:50

"კორონავირუსის პრევენციის მიზნით მართალია ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული შეზღუდვები არ არსებობს, თუმცა, ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში ამის აუცილებლობა დადგეს და საჭირო გახდეს გარკვეული რეკომენდაციების გაცემა. როგორიც არის მაგალითად, ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვა და გარკვეული ღონისძიებების გაუქმება. კონკრეტული ზომების მიღება შესაძლოა განაპირობოს იმ ფაქტმა, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რაოდენობის გაზრდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შეიზღუდება თუ არა მოსახლეობის გადაადგილება - "თუ დაიწყებს აღმავლობას, შეიძლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდონ“

 

"ამის საჭიროება დადგება მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით გადაცემაზე აღმავლობა იქნება ადამიანიდან ადამიანზე, თუმცა, ჯერჯერობით ეს რეკომენდაციები არ ვრცელდება. ისე შეიძლება ამის საჭიროება დადგეს," - უთხრა "რეზონანსს" მაია ბუწაშვილმა. საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა 29 თებერვალს დადასტურდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ამის ფონზე, კორონავირუსის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 2 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო, რაც 16 მარტამდე გაგრძელდება. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პროფილაქტიკის მიზნით, არდადეგების პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"თანაც, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში," - ნათქვამია კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში. რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული მიმართვა თუ რეკომენდაცია მრევლისთვის არ აქვს. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ის რეკომენდაციას ზიარების დროს ერთჯერად კოვზებს გაუწევდა. „სამივე შემთხვევა არის შემოტანილი. თუ დაიწყებს აღმავლობას ქვეყნის შიგნით ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეიძლება უფრო მკაცრი რეკომენდაციები გასცეს და მოსახლეობას მოუწოდოს სახლში დარჩენისკენ, მთლიანად გაუქმდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ღონისძიებები, თუმცა, ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ დამდგარა. "მაღალი ალბათობით რაოდენობა გაიზრდება, რადგან ეს გარდაუვალია. პრაქტიკულად, შიდა აღმავლობა მსოფლიოს უმრავლესობას აქვს," - თქვა "რეზონანსთან" საუბრისას მაია ბუწაშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ცნობისათვის, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. გამყრელიძის თქმით, იგი კლინიკურად ჯანმრთელია. მეორე შემთხვევა უკვე 28 თებევრალს დადასტურდა. გამყრელიძის ინფორმაციითვე, ისიც საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც ვირუსის სიმპტომების გამოვლენა საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს დაეწყო”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ