დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მაგრამ დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში" 03.03.2020 16:46

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პრტიების მოსვლას ხელისუფლებაში იმ ლიდერებით, რომელთაც უმძიმესი სამართლებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფია აქვთ.

 

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონგრესმენების განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა.

 

„მოვისმინე ადამ კინზინგერის ინტერვიუ ინგლისურ ენაზე. მან თქვა, რომ 2024 წლის არჩევნები საჭიროა, რომ დარჩეს პროპორციული სისტემით. თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და უკვე წერია კონსტიტუციაში. 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ. კონგრესმენმა მოუწოდა ყველა მხარეს, გააცნობიერონ პასუხისმგებლობა და შეთანხმებისკენ გადადგან ნაბიჯები. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სამართლიანი შეთავაზებები და პირობები. კონგრესში ჩვენი მეგობრებისა და ჩვენი პოზიცია არის საერთო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას შეთანხმებისკენ. მესმის, რომ კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მათ შორის, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილშიც. მინდა, ჩვენს კოლეგებს ოპოზიციის ამ ნაწილიდან ვუთხრა, რომ დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი სამართლებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფია. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი და ნურავინ შეეცდება, რომ ჩვენი მეგობრების განცხადებები ისე გადათარგმნოს, თითქოს ეს არის მათთვის პირადი მხარდაჭერა. კონგრესმენების განცხადებები ადასტურებს ერთადერთს, რომ საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს დემოკრატიის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანა „შემაშფოთებელ ეტაპზეა“. ამასთან, ადამ კინზინგერი კითხვაზე,"თუ ვერ იხილავენ პროგრესს პროპორციული სისტემის გარშემო, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი", აღნიშნავს: „ვფიქრობ, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება“.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ