საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტის ფონზე სომხურ პრესაში ქვეყნდება ექსპერტ-პოლიტოლოგების კომენტარები ერევან-თბილისის ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ.
გაზეთ „ლრაგირ“-ის («Լրագիր») კორეპონდენტი სირანუშ პაპიანი ესაუბრება ჯონი მელიქიანს, რომელიც სომხურ საექსპერტო წრეებში საქართველოს პრობლემატიკის სპეციალისტად ითვლება. ინტერვიუ იბეჭდება სათაურით - „ქართული ელიტის დამოკიდებულება სომხეთის მიმართ იცვლება“.
კითხვაზე - „როგორ შეაფასებდით სომხეთ-საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობას და როგორ გავლენას მოახდენს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობაზე“ - ჯონი მელიქიანი პასუხობს:
„შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო დროს ქართული ელიტის დამოკიდებულება სომხეთის ხელისუფლებისადმი შეიცვალა და ეს ურთიერთობა მენტალურად დაახლოვდა - იმდენად, რამდენადაც ორივე სახელმწიფო დემოკრატიული განვითარების გზაზე დგანან, ორივეს აერთიანებთ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი და ეს ურთიერთობის დინამიკაზეც აისახება. არის მხოლოდ ერთი არცთუ ისე დიდი პრობლემა - საქართველოს საშინაოპოლიტიკური სიტუაცია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო და მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ნახევარი წელი კვლავ აქტიური იქნება. ეს, ბუნებრივია, საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეც აისახება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში დღევანდელი მმართველი გუნდი [პარტია „ქართული ოცნება“] ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას შეინარჩუნებს და, შესაბამისად, პოლიტიკური ვნებები ჩაწყნარდება. და როცა ეს მოხდება, უკვე შესაძლებელი იქნება საპარლამენტო ურთიერთობის გაღრმავებაც.
ორი ქვეყნის დაახლოებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ისეთ სპეციფიკურ სფეროშიც კი, როგორიც სამხედრო თანამშრომლობაა, ახალი მიმართულება გამოიკვეთა, რომელზეც, მართალია, აქტიურად არ საუბრობენ, მაგრამ აცხადებენ, რომ ამ მხრივ სომხურ-ქართული პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული. ასე რომ, უნდა ველოდოთ სიტუაციის პოზიტიურ განვითარებას“, - ამბობს სომეხი პოლიტოლოგი. მას მხედველობაში აქვს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ამასწინანდელი ვიზიტი ერევანში.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: „ლრაგირ“ («Լրագիր»)
https://www.lragir.am/ru/2020/03/03/167930/
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge