დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"დროის მანქანა რომ არსებობდეს, რას ვნახავდით თბილისის წარსულში?" 04.03.2020 12:39

თურქულ ყოველდღიურ გაზეთ «Hürriyet»-ში („თავისუფლება“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით ქალაქზე შეყვარებული: თბილისი // დროის მანქანა რომ არსებობდეს, რას ვნახავდით თბილისის წარსულში?“.


გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:


„როგორ ფიქრობთ - დროის მანქანით რას ვნახავდით თბილისში? მაგალითად, ძველ ქალქში - ვახტანგ გორგასალს, თბილისის დამაარსებელს, რომელიც ხოხობზე ნადირობს... ანდა დიდ პოეტ შოთა რუსთაველს, რომელიც თამარ მეფეს - თბილისის და მთელი საქართველოს ოქროს საუკუნის შემოქმედს - თავის „ვეფხისტყაოსანს“ უძღვნის... შეიძლება რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინიც ვიხილოთ, თბილისის ცხელი გოგირდიანი წყლების აბანოსკენ მიმავალი... არაა გამორიცხული ქართველი დურგლებიც, რომლებიც ქალაქის სახლებს ჩუქურთმებიან აივანს უკეთებენ... ფიდელ კასტროც, რომელიც მთაწმინდის რესტორანში, თბილისურ „არწივის ბუდეში“ ვახშმობს... ან ალექსანდრე დიუმას - „სამი მუშკეტერის“ ავტორს... და როგორც კი მშვიდობის ხიდზე ფეხს შევდგამთ, დღევანდელ დღეს ვუბრუნდებით (...)


ნარიყალადან  ჩანს სამების ტაძარი, პრეზიდენტის სასახლე კვერცხის ფორმის გუმბათით, მშვიდობის ხიდი, სოკოს ფორმის მქონე ადმინისტრაციული შენობა. თბილისს მდინარე მტკვარი თითქოს ქამარივით აქვს შემორტყმული: ტურისტები ხედავენ საექსკურსიო ნავებს, რომლებიც მეტეხის ტაძრამდე ცურავენ. სანამ ნარიყალადან ისევ ქვემოთ ჩავალ, მანამ სურათს ვიღებ „ქართვლის დედის“ უზარმაზარ ქანდაკებასთან, რომელიც თბილისის 1500 წლის იუბილეს დროს აღმართეს


საქართველოს დედაქალაქში უამრავი მუზეუმია, ასევე ბევრია ისტორიული პირების, მწერლებისა და მხატვრების ქანდაკებები. ფილარმონიის წინ თვალს მოგტაცებთ ნიმფის შთამბეჭდავი გამოსახულება, ბარათაშვილის ხიდზე კი მოაჯირთან მდგომი ახალგაზრდების სკულპტურები. იქვე ნახავთ ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილ „ბერიკაობის“ მოცეკვავეთა ქანდაკებებს.. ეს ყველაფერი თბილისის ეთნიკურ და კულტურულ სიმდიდრეს მოწმობს.


კოტე აფხაზის ქუჩით თავისუფლების მოედანზე გავდივარ - აქაც თითქოს დროის მანქანის პრინციპი მოქმედებს - რუსთაველის გამზირზე შედარებით თანამედროვე შენობებია: პარლამენტი, მუზეუმები, თეატრები... საინტერესოა, რომ გამზირზე, სადაც უამრავი კაფე, რესტორანი და მაღაზიაა, შუქნიშნები არ არის - ფეხით მოსიარულეები ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე მიწისქვეშა გადასასვლელებით გადადიან (...)


თბილისიდან 20 კილომეტრის მოშორებით უძველეს ქალაქ მცხეთას ვსტუმრობთ. მცხეთა ორი მდინარის - მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარეობს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. (...)


ქართული საჭმელები მსოფლიოშია განთქმული: ხაჭაპური, ხინკალი, ჩურჩხელა... ადგილობრივ სამზარეულოში ბევრია როგორც მცენარეული, ასევე რძისა და ხორცის კერძები. პრინციპში, ეს სავსებით შეესაბამება ქვეყანას, რომლის სუსტ ეკონომიკას ძირითადად აგრარული ხასიათი აქვს. (...)


აეროპორტში ავიარეისს ველოდები. ვკითხულობ წარწერას - „თბილისს თქვენ უყვარხართ“. როცა თვითმფრინავში ჩავჯექი და ქართულ სიმღერებს, ქართული მუსიკის ჰანგებს ვუსმენდი, გავიფიქრე: „მეც მიყვარხარ, თბილისო“.


მამზადა სიმონ კილაძემ.

წყარო: გაზეთი «Hürriyet» (თურქეთი)

https://www.hurriyet.com.tr/seyahat/bir-kente-asik-olmak-tiflis-41459269

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ